ლოიდ ჯორჯი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოიდ ჯორჯი

ლოიდ ჯორჯი დევიდ - (17.I.1863, მანჩესტერი - 26. III.1945, ქარნარვონშირი, უელსი) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის ლიდერი.

ბიოგრაფია

დაიბადა უელსელი მასწავლებლის ოჯახში. განათლება ანგლიკანურ სკოლაში მიიღო. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო ბრიტანელი ფაბიანელების ნაწარმოებებით, კითხულობდა ბერნარდ შოუს, სიდნი ვებს და სხვებს. 1884 წელს ადვოკატის კვალიფიკაცია მიენიჭა, 1908 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი გახდა. 1885 წლიდან ლიბერალურ პარტიას დაუკავშირდა და ჩაება საარჩევნო კამპანიაში. 1890 წლიდან გახდა პარლამენტის წევრი ქარნაფორნიდან (უელსი). ეწინააღმდეგებოდა ბურებთან ომს. აკრიტიკებდა საეკლესიო სკოლების განათლების სისტემას, რომელიც რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა. 1905-1980 წლებში შედიოდა ლიბერალი პრემიერ-მინისტრის ჩემპბელ-ბანერმანის კაბინეტში, მუშაობდა ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე. 1908-1915 წლებში იკავებდა ბრიტანეთის ხაზინის უფროსის პოსტს, სადაც გაატარა არაერთი რეფორმა, მათ შორის, სახალხო ბიუჯეტის სისტემასთან და გადასახადების მარჟების ცვლილებასთან დაკავშირებით. 1915-1916 წლებში იყო მომარაგების მინისტრი (საომარ მასალათა). 1916 წელს დაინიშნა ომის მინისტრად. 1916 წლის დეკემბერში კონსერვატორების მხარდაჭერით გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ლოიდ ჯორჯი იყო პირველი უელსელი, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენცია გახსნა მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. პოსტმსოფლიო ომის შემდგომ ლოიდ ჯორჯის კაბინეტში სამხედრო მინისტრის პოსტს უინსტონ ჩერჩილი იკავებდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს - ლორდი ჯორჯ კერზონი. ეს ორი ადამიანი წარმართავდა ბრიტანეთის მთავრობაში აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ დისკუსიებს, სწორედ ეს დისკუსიები განსაზღვრავდა კავკასიაში წარმოქმნილი ახალი რესპუბლიკების ბედს. თავად ლოიდ ჯორჯი არ ერეოდა უშუალოდ კავკასიის საკითხების განხილვაში და მაქსიმალურად ცდილობდა, სწრაფად მოგვარებულიყო ყოფილი რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი პრობლემები. ლოიდ ჯორჯთან და ბრიტანეთის მთავრობასთან კავშირების დამყარებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ცდილობდა. 1919 წლის ივნისში გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ იტყობინებოდა, რომ ლონდონში სდრ-ის წარმომადგენელ დავით ღამბაშიძეს მოლაპარაკებები ჰქონდა ლოიდ ჯორჯთან დენიკინის არმიის საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. ბრიტანეთის პრემიერმა ღამბაშიძეს პირობა მისცა, რომ მოკავშირეები შეაჩერებდნენ დენიკინს. 1919 სდრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა ლოიდ ჯორჯს მოხალისეთა მხრიდან მომავალი საფრთხეებისა და კრიზისიდან გამოსავლის შეთავაზების შესახებ. 1920 წლის 9 დეკემბერს გეგეჭკორი ლონდონში მიიღო ლოიდ ჯორჯმა, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო და თხოვნით მიმართა ბრიტანეთის პრემიერს საქართველოს დე იურედ აღიარებასთან დაკავშირებით.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ირლანდიის დამოუკიდებლობა წარმოადგენდა, 1921 წლის 9 დეკემბერს ლოიდ ჯორჯის ინიციატივით ხელი მოეწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას. 1920-1922 წლებში აგრძელებდა რეფორმებს ქვეყნის შიგნით. 1922 წელს ლოიდ ჯორჯმა თანამდებობა დატოვა, პრემიერის პოსტი კი კონსერვატორმა ანდრიუ ბონარ ლოუმ დაიკავა. 1924-1931 წლებში იყო ლიბერალური პარტიის ლიდერი. დაჯილდოებული იყო ბრიტანული და საერთაშორისო აკადემიური და სამოქალაქო წოდებებით.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №121, №141;
  • გაზ. „ერთობა“, 1921, №4.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები