ლონდონის XIV ოლიმპიური თამაშები (1948)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ზიგფრიდ ედსტრიომი ოლიმპიურ დროშას გადასცემს ლონდონის მერს

ლონდონის XIV ოლიმპიური თამაშები - XIV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1948 წელს (29 ივლისი - 14 აგვისტო)≥ ქალაქ ლონდონში.

  • მონაწილე ქვეყანა 59
  • სპორტსმენი 4,104 / 390 ქალი / 3,714 კაცი
  • სპორტის სახეობა 17
  • მედლების კომპლექტი 136

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ვეიკო ჰუჰტანენი (ტანვარჯიში, ფინეთი) 3,1,1
ქალებში: ფანი ბლანკერს კუნი (მძლეოსნობა, ნიდ.) 4

1948 wlis tamashebis emblema.PNG

მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული იძულებითი პაუზის გამო, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 12 წლის დაგვიანებით - 1948 წელს ჩატარდა. მასპინძელი, ისევე, როგორც 40 წლის წინ, ლონდონი იყო, რომელიც პარიზის მსგავსად ორგზის ოლიმპიური დედაქალაქი გახდა. რომ არა ომი, ლონდონელები ოლიმპიურ თამაშებს 1944 წელს უმასპინძლებდნენ,ხოლო იქამდე ერთი ოლიმპიური ციკლით ადრე XII ოლიმპიადას ჰელსინკიც გაუღებდა კარს, რომელსაც ასეთი პატივი თავდაპირველი მასპინძლისგან - ტოკიოსგან უარის თქმის შემდეგ ერგო.

ასეა თუ ისე, არ შემდგარი ოლიმპიადების გამო რიგითობა არც აქ დარღვეულა. ომით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ინგლისის დედაქალაქმა გამოწვევა მიიღო - „უემბლის” სტადიონზე XIV ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, თუმცა, შედეგებთან ერთად ისტორიაში შევიდა, როგორც „დუხჭირი თამაშები”.

საგანგებოდ ოლიმპიური თამაშებისთვის არ აგებულა ახალი არენები - შეჯიბრებები ძირითადად, უემბლის სტადიონზე და იმპერიულ აუზში (დღევანდელი უემბლის არენა) ეწყობოდა, ხოლო სპორტსმენები ოლიმპიური სოფლის ნაცვლად, უემბლის რაიონში დააბინავეს.

პირველი შავკანიანი ქალი ოქროს მედალოსანი გახდა ამერიკელი ელის კოუჩმენი, რომელმაც სიმაღლეზე ხტომაში გაიმარჯვა

მიუხედავად ამისა, ოლიმპიურ დედაქალაქს რეკორდულად ბევრი ქვეყნის ბევრი სპორტსმენი ეწვია. მათ შორის, ოლიმპიური ნათლობა მიიღეს გაიანამ, ერაყმა, ირანმა (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1900 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზა ირანელმა მოფარიკავე ფრეიდუნ მალკომმა), იამაიკამ, ვენესუელამ, ლიბანმა, პუერტო რიკომ, სამხრეთ კორეამ, მიანმარმა, პაკისტანმა, სინგაპურმა, სირიამ, ტრინიდადი და ტობაგომ და ცეილონმა (დღევანდელი შრი ლანკა). ლონდონში არ მიუწვევიათ ომის გამჩაღებელი გერმანია და იაპონია. სამაგიეროდ, მიიწვიეს საბჭოთა კავშირი, მაგრამ სსრკ-ს ოლიმპიური დებიუტი 1952 წლამდე გადაიდო.

XIV თამაშები სიახლეებითაც გამორჩეული გამოდგა. ლონდონელები აღმოჩნდნენ პირველები, რომლებსაც ასპარეზობებისთვის პირდაპირ ეთერში თვალყურის მიდევნება BBC-ის ტელეარხით, სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ. თუმცა, ძალზე ცოტა იყო ისეთი, ვისაც საკუთრებაში ჰქონდა ტელევიზორი.

სიახლე იყო სპრინტერულ დისტანციებზე (100-400 მ) მძლეოსანთათვის შემოღებული სასტარტო ბლოკები. ასევე პირველად, მოცურავეებს გადახურულ აუზში მოუწიათ ასპარეზობები.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხგზის ჩემპიონობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა 30 წლის ნიდერლანდელი მძლეოსანი, ორი შვილის დედა ფანი ბლანკერს-კუნი, რომელიც ასპარეზობისას სამი თვის ორსული იყო. სტატუსისა და შედეგების გათვალისწინებით, მას „მფრინავი დიასახლისიც” კი დაარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბლანკერს-კუნი პირველი მძლეოსანი ქალი იყო, რომელმაც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და ასევეპირველი, რომელმაც ეს ერთ ოლიმპიადაზე შეძლო.

პირველი ოქროს მედალოსანი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა ელის კოუჩმენი, რომელმაც სიმაღლეზე ხტომაში გაიმარჯვა. ოლიმპიურ აუზში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ამერიკელებმა, რომლებმაც ვაჟთა ექვსივე გაცურვა მოიგეს, ხოლო ქალთა ხუთი ფინალიდან ორში იმარჯვეს. 17 წლის ამერიკელი ათჭიდელი რობერტ ბობ მათიასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ვაჟი ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში. მათიასი ათჭიდში ვარჯიშს ოლიმპიადამდე 4 თვით ადრე შეუდგა, ბირთვისკვრის წესები კი უშუალოდ ოლიმპიადის მსვლელობისას ისწავლა.

ყველაზე შედეგიანი სპორტსმენი ფინელი ტანმოვარჯიშე ვეიკო ჰუჰტანენი გამოდგა. მის ანგარიშზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. საერთოდ, ფინელებმა რვიდან 6 ოქროდაისაკუთრეს, ჯამში კი, 10 მედალი აიღეს. საინტერესოა ისიც, რომ ტაიჭზეასპარეზობისას ერთდროულად 3 ჩემპიონი გამოცხადდა და სამივე ფინელი იყო.ასე, რომ ოქროს გარდა აქ სხვა ხარისხის მედლები არ გათამაშებულა.

ლონდონის ოლიმპიადის ერთ-ერთიგმირია უნგრელი ტყვიის მსროლელი კაროლი ტაკაჩი. ლონდონის ოლიმპიადის მომავალმა ჩემპიონმა 1938 წელს ჯარში ყოფნისას, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მარჯვენა ხელი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ტოკაჩი მარცხენა ხელით ვარჯიშს შეუდგა და 10 წელიწადში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა, ხოლო მისმა თანამემამულემ, კრივში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლასლო პაპმა თავის ოლიმპიურ წარმატებებს სწორედ ლონდონში დაუდო სათავე.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები