ლორთქიფანიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე გრიგოლ - (2.IX. 1881, სოფ. ისრითი - 2.IX.1937) - სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1902 დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტში ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო შემდგომ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმისათვის ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და რამდენიმე წლით დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1907 წელს კვლავ განაგრძო სწავლა ოდესის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ფილოსოფიის განხრით. 1911-1912 წლებში კვლავ დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისათვის და სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში, რის შემდეგაც რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. 1916 წელს ვორონეჟის გუბერნიაში ცხოვრების უფლება მისცეს, სადაც დაოჯახდა.

1918 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება. 1920 წლის იანვარში დაინიშნა სამხედრო მინისტრად. მის სახელმწიფოებრივ ხედვას და პოზიციას ანგარიშს უწევდა ყველა მისი მომხრეცა თუ ოპონენტიც. მინისტრობის პერიოდში ცდილობდა, დისციპლინა დაემყარებინა შეიარაღებულ ძალებში, განსაკუთრებით ებრძოდა არასაწესდებო ურთიერთობების ფაქტებს. მომხრე იყო რეგულარული ჯარის და სახალხო გვარდიის გაერთიანებისა, თუმცა ამისათვის მხოლოდ სამხედრო მინისტრის ნება არ აღმოჩნდა საკმარისი. 1920 წლის შუა პერიოდიდან, თავდაცვის მინისტრობასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციასაც ითავსებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს გ. ლორთქიფანიძე თანამდებობაზე ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ შეცვალა. ხოლო გრიგოლი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობასთან ერთად, განათლების მინისტრიც გახდა. დამოუკიდებლობის დარჩენილ პერიოდში, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს საქმიანობაში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ბოლო ეტაპზე იყო მთავრობის წარმომადგენელი 17-18 მარტს ქუთაისის მოლაპარაკებებზე, სადაც მან უარი განაცხადა ბოლშევიკების მოთხოვნაზე, გადაეცა ხელისუფლება მათთვის და კაპიტულაციაზე ხელი არ მოაწერა.

გ. ლორთქიფანიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყოლია და საქართველოში ჩაება განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა მალევე დააპატიმრეს. ამის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება სულ გადასახლებებსა და საპატიმროებში გაატარა, პერიოდულად ათავისუფლებდნენ კიდეც, მაგრამ მალევე აპატიმრებდნენ. 1937 გ. ლორთქიფანიძე დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ.

დიმიტრი სილაქაძე

თხზულებები

გრიგოლ ლორთქიფანიძე, ფიქრები საქართველოზე. თბ., 1995.

ლიტერატურა

დ. ჭუმბურიძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937). თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გრიგოლ ლორთქიფანიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები