ლოსაბერიძე ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან ლოსაბერიძე

ქეთევან ლოსაბერიძე — (დ. 1 აგვისტო, 1949, ტყიბული). მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78, 80), სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ-ის თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ-ის ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05).

ქეთევან ლოსაბერიძემ ოლიმპიური ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვაე

ქეთევან ლოსაბერიძე ბავშვობაში ჩოგბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბოლოს, სტუდენტობისას, მშვილდოსანთა სექციაში აღმოჩნდა, რომლის არსებობაზე მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მაშინ საქართველოში მშვილდოსნობა განვითარებული არ იყო და, რამდენიმე ენთუზიასტის გარდა, არავის არ აინტერესებდა. თავიდან ქეთევანი თვითნაკეთი იარაღით ვარჯიშობდა და ისრის ტრაექტორიის დასაცავად ინდაურის ფრთას იყენებდა. გავიდა დრო და ინდაურის ფრთით ნავარჯიშევმა მშვილდოსანმა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, თან 30 მეტრზე სროლაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

ქეთევანი ტყიბულის რაიონის სოფელ კიროვში დაიბადა. დედა ადრე გარდაეცვალა. მამამისი ბაგრატ ლოსაბერიძე მთელს რაიონში ცნობილი და დაფასებული კაცი იყო — მაღაროში მუშაობით წელებზე ფეხს იდგამდა, რომ ცხრაშვილიანი ოჯახი როგორმე ერჩინა და თავი გაეტანა. ასეთი მონდომებული გარჯა ლენინის ორდენით დაუფასეს, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო გახლდათ, სპორტში უმაღლესი ჯილდო კი ქეთევანს ერგო. „მამას ჩემი გამარჯვებები ძალიან ახარებდა. მედლით დაბრუნებულს რომ დამინახავდა, უმალ სუფრას შლიდა, მეზობლებს ეპატიჟებოდა და მეუბნებოდა, მოდი, ჩემი ვაჟკაცი გოგო, გვერდით დამიჯექი და მხარი დამიმშვენეო“.

გარდა სპორტისა, ქეთევანი სწავლაშიც ბეჯითობდა, განსაკუთრებით მათემატიკამ გაიტაცა, შემდეგ კი გატაცება პროფესიად ექცა. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლისას, როცა სტუდენტები სხვადასხვა სპორტულ სექციაში გადაანაწილეს, ქეთევან ლოსაბერიძე „თამაშგარეთ“ დარჩა – შენი საქმე მათემატიკაა, სპორტისთვის ნუ მოცდებიო. გული დაწყდა, მაგრამ ბედს შეურიგდა. მისთვის სპორტი ფიზკულტურის გაკვეთილით იწყებოდა და მთავრდებოდა.

ერთხელაც, სწორედ ფიზკულტურის გაკვეთილზე, ვიღაც უცხო, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი შემოვიდა, სტუდენტებს მშვილდოსნობაზე გაესაუბრა, მერე კი რამდენიმეს, მათ შორის ქეთევანსაც, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში შესთავაზა. ის კაცი საქართველოში მშვილდოსნობის დანერგვის მოთავე შალვა ჯაშიაშვილი იყო. ქეთევანი სერიოზულად მოეკიდა საქმეს. ჯერ საქართველოს ნაკრების წამყვანი წევრი გახდა, მერე კი საკავშირო შეჯიბრებებშიც გაიმარჯვა და საბჭოთა ნაკრებში მიიწვიეს. 1972 წელს ევროპის სადებიუტო ჩემპიონატზე აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ქართველ მშვილდოსანს უკვე მომავალი ოლიმპიური თამაშების ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდ ბრძოლებში გამოუცდელმა ლოსაბერიძემ მიუნხენში მხოლოდ მეოთხე შედეგი აჩვენა, მომდევნო ოლიმპიური თამაშებზე კი საერთოდ ვერ მოხვდა.

მოსკოვის ოლიმპიადის წინ საბჭოთა ნაკრების ორი ადგილისთვის ოთხი პრეტენდენტი იბრძოდა – ბუტუზოვა, რუსტამოვა, როგოვა და ლოსაბერიძე. იმ წელს, ქეთევანმა ერთის გარდა, ყველა შეჯიბრება მოიგო, მაგრამ მაინც ჩართეს საკონტროლო ტურნირში, სადაც ყველას დამაჯერებლად გაუსწრო. ბოლოს იყო ოლიმპიური ოქრო ოლიმპიური რეკორდით.

იხილე აგრეთვე

ქეთევან ლოსაბერიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები