ლოს ანჯელესის X ოლიმპიური თამაშები (1932)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების გმირად აღიარეს ამერიკელი მძლეოსანი ბეიბ დიდრიკსონი, რომელმაც 80 მეტრზე თარჯრბენსა და შუბის ტყორცნაში მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდებით გაიმარჯვა, სიმაღლეში ხტომაში კი მეორე იყო

ლოს ანჯელესის X ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის X ოლიმპიური თამაშები გაიმართა 1932 წელს (30 ივლისი - 14 აგვისტო) ლოს ანჯელესში.

  • მონაწილე ქვეყანა 37
  • სპორტსმენი 1,334 / 126 ქალი / 1,208 კაცი
  • სპორტის სახეობა 14
  • მედლების კომპლექტი 117

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: რომეო ნერი (ტანვარჯიში, იტალია) 3
ქალებში: ელენ მედისონი (ცურვა, აშშ) 3

Me10 olimp plakati.PNG

ოლიმპიურმა თამაშებმა მეორედ დატოვა ევროპა და ისევ ოკეანეს გაღმა - ამერიკას ესტუმრა. ამჯერად, 1932 წელს, რიგით X თამაშებს ლოს ანჯელესმა უმასპინძლა და გარკვეულწილად იხსნა კიდეც ოლიმპიური მოძრაობა. საქმე ის არის, რომ იმ ხანად მსოფლიოში დიდი დეპრესია მძვინვარებდა. ეკონომიკური სიდუხჭირე არათუ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობას ართულებდა, არამედ მისი მასპინძლობის სურვილსაც კლავდა. ამავე მიზეზით ბევრმა ქვეყანამ სპორტსმენები ვერ მიავლინა ლოს ანჯელესში. შედეგად, ამერიკას იმაზე ნაკლები ქვეყანა ეწვია, ვიდრე წინა ოლიმპიადას. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ოლიმპიურმა მოძრაობამ ბრწყინვალე თამაშები მიიღო, მის გახსნის ცერემონიას კი 100 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

თავისი პროპორციებითა და აგებულებით, შთამბეჭდავი იყო ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ძველი რომის არენებს მოგვაგონებდა და არქიტექტურულად სპორტის სფეროში ყველაზე მონუმენტურ ნაგებობას წარმოადგენდა.

ლოს ანჯელესში ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ კოლუმბიის და ჩინეთის რესპუბლიკის (1932, 1936 და 1948 წლის ოლიმპიადებზე აერთიანებდა სრულიად ჩინეთს და ტაივანს) წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად საგანგებოდ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში დაბინავდნენ. საუბარია, ვაჟ ოლიმპიელებზე, რადგან ქალები განცალკევებით - სასტუმროებში განათავსეს.

X ოლიმპიადა პირველი იყო, სადაც მედალოსანთა დასაჯილდოებლად კვარცხლბეკი გამოიყენეს და დროშები აღმართეს. ასევე პირველად, მედლები გათამაშდა 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში, ხოლო ფეხბურთი პირველად და ერთადერთხელ ამოიღეს ოლიმპიური პროგრამიდან.

X ოლიმპიური თამაშების ემბლემა

ასევე პირველად, ოლიმპიადის ხანგრძლივობა ერთგვარ 16-დღიან სტანდარტში მოექცა. არადა, იქამდე ასპარეზობები რამდენიმე თვეზე იყო გაწელილი. თავად ოლიმპიური თამაშები ისტორიაში შევიდა, როგორც რეკორდების ოლიმპიადა. მაგალითად, მძლეოსნობაში დამყარდა 54 ოლიმპიური რეკორდი, მათ შორის, 11 აღემატებოდა მსოფლიოს რეკორდს. რბენაში დროს პირველად აღრიცხავდნენ ავტომატურად, წამის მეასედებში, გამოიყენებდნენ ფოტოფინიშსაც. სწორედ ამგვარმა ტექნოლოგიურმა სიახლემ გამოავლინა ვაჟთა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდით (10.3) გამარჯვებულის ვინაობა, რომელიც აფროამერიკელი ედი ტოლანი აღმოჩნდა. ასეთივე შედეგი აჩვენა მისმა თანამემამულემ, ასევე აფროამერიკელმა რალფ მეტკალფიმ, მაგრამ ტოლანმა მას მცირედით აჯობა. ტოლანისა და მეტკალფის დაპირისპირება 200-მეტრიან დისტანციაზეც შედგა, მაგრამ ამჯერად ფოტოფინიშის დაუხმარებლად, გამარჯვება ისევ ტოლანს დარჩა, მეტკალფი კი მესამე იყო.

კურიოზული შემთხვევა მოხდა 3 ათას მეტრზე რბენაში. მსაჯებს წრეების დათვლა აერიათ და სპორტსმენებმა 460 მეტრით მეტი ირბინეს. შეჯიბრებაზე არ დაუშვეს წინა სამი თამაშების ტრიუმფატორი, ფინელი პაავო ნურმი, რომელიც პროფესიონალად გამოაცხადეს.

ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების გმირად აღიარეს ამერიკელი მძლეოსანი ბეიბ დიდრიკსონი, რომელმაც 80 მეტრზე თარჯრბენსა და შუბის ტყორცნაში მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდებით გაიმარჯვა, სიმაღლეში ხტომაში კი მეორე იყო.

სამაგალითოდ მოიქცა ბრიტანელი მოფარიკავე ჯუდი გინესი. ავსტრიელ ელენ პრეისთან ფინალური ასპარეზობისას, გინესმა მსაჯებს მეტოქისგან მიყენებულ ორ ჩხვლეტაზე საკუთარი შედეგის საზიანოდ მიუთითა, რასაც დარბაზში ოვაციით შეხვდნენ. წყალში ხტომა ტრიუმფით დაასრულეს ამერიკელებმა, რომლებმაც ქალთა და ვაჟთა შორის არც ერთი მედალი არ დათმეს და საპატიო კვარცხლბეკზე თორმეტჯერ ავიდნენ.

ხელოვანთა კონკურსში, ისე, როგორც სპორტულ სარბიელზე, თავი გამოიჩინეს ამერიკელებმა, რომლებმაც ყველაზე მეტი - 7 პრიზი მოიპოვეს. საპატიო დიპლომით გამოარჩიეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალი პრეზიდენტი ევერი ბრენდეჯი თავისი ნამუშევრისთვის - „სამოყვარულო სპორტის მნიშვნელობა“.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები