ლუდის მოყვარული დევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუდის მოყვარული დევიდევები წინათ ბევრი ყოფილა და უწუხებიათ ხალხი. ღამით თუ სადმე წავიდოდა კაცი, დახვდებოდნენ და ეჭიდებოდნენ. დევებს ღვთიდან ჰქონდათ ნაბრძანები, რომ რა ძალის კაციც შეხვდებოდათ, იმავე ძალით უნდა შებრძოლებოდნენ, კაცზე მეტ ძალას ვერ მოიხმარდნენ.

ახიელში, სოფლის მახლობლად არის ერთი ვიწრო და კლდიანი ხეობა – ნეთხიჩო. ხალხის რწმენით, ეს ხეობა დევების საცხოვრებელი იყო. იქ ღამე სიარული არ შეიძლებოდა და, თუ ვინმე წასვლას გაბედავდა, ვაი იმას, აუცილებლივ დევი უნდა მოჩვენებოდა. დევი ან შეებმოდა კაცს, ან შორიდან შეაშინებდა და ჭკუაზე შეშლიდა. ახიელში იყო იმ დროს ერთი კაცი ფუნჩა, რომელსაც თოფი ჰქონდა. თურმე დევებს მარტო ფუნჩასი და თოფისა ეშინოდათ. ხეობიდან რომ გამოვიდოდნენ, გაივლიდნენ ახიელს და ჩავიდოდნენ არხოტის ჯვარში, სულ დალევდნენ, რაც ლუდი იყო და ისევ ნეთხიჩოს გაბრუნდებოდნენ. ჩაივლიდნენ ფუნჩას სახლთან და დაუძახებდნენ: „ფუნჩ შინ ასა?“ შინ არისო, თუ გამოეპასუხებოდნენ, დევები იკითხავდნენ: „თოფი შინ აქვა?“ აქვსო, თუ ეტყოდნენ, დევები უკანვე გაბრუნდებოდნენ. თუ არა, ჩავიდოდნენ და დასცლიდნენ ლუდიან კოდებს. არხოტის ჯვარს ღვთისგან არ ჰქონდა მოლოცვილი (ნებადართული) დევებთან ბრძოლა.

ხალხი რომ მეტისმეტად შეწუხდა, წავიდნენ ქავთარანი და ოჩიაურნი და საიდანღაც მოიყვანეს ჯაჭველი, წმიდა გიორგის ჯვარი დევებთან საბრძოლველად. ჯაჭველი დაარსდა ერთ ხმელ გორზე და დაერქვა „ჯაჭველი ხმელის გორისა“. მან დაუწყო დევებს ბრძოლა და შეაშინა ისინი. მაგრამ ჩუმად ერთი დევი მაინც იპარებოდა და სვამდა ლუდს. ერთხელ ღამით თამარისძეთა (ნავროზაულთა გვარიდან) პაპის-პაპას მოესმა დევის ხმა. მაშინ ფუნჩის მეტს თოფი არავის ჰქონდა. კაცი გამოვარდა ხმლით და დევს გზა შეუკრა. დევმა მხარი აუქცია და სხვა გზით წავიდა. დაედევნა კაცი, გაიქცა დევი და მაინც ლუდს მივარდა დასალევად. კაცი შევარდა ჯვარში და, ხედავს, დევს თავი კოდში აქვს ჩაყოფილი. კაცი ჯაჭველის ყმა იყო და ძალი იმისაგან ჰქონდა. დაჰკრა ხმალი კისერში, თავი გააგდებინა და დევის სისხლით აივსო კოდი. ჯვარი გაჯავრდა, რადგან ჯერ მის კვრივში შეხიზნული დევი მოკლა, მერე დევის სისხლით მოსვარა დარბაზი. ამიტომ ჯვარის გულის მოსაგებად ამ კაცმა საშვილთაშვილოდ დანადები დაიდო.

თამარისძენი ქრისტეს შობის წინადღით მიიყვანდნენ საკლავს ჯვარში და დასტურ-ხელოსნები, ჯვარის მსახურნი, ეტყოდნენ დანადების პატრონს: „დაშვენდი, მოგვიხვედ მშვიდობით. მშვიდობით იყოს შენი მოსვლა, წყალობა მიქიელისა. წაღმა მოგეგებოს მიქიელის დავლათი. ნუ შეგანანოს ძენგლის, დანადების შესრულება“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები