ლუთერანული ეკლესია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუთერანული ეკლესია საქართველოში - საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის აღმოცენება XIX საუკუნის დამდეგს კავკასიაში გერმანელების ჩამოსახლების პროცესს უკავშირდება.

1817-1818 წლებში ვიურტემბერგიდან, შვაბიიდან მრავალი ოჯახი დაიძრა აღმოსავლეთისკენ. მათი აყრის მიზეზი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რომელსაც რელიგიური მოსაზრებებიც დაემატა: შვაბების ერთი ნაწილი XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწე იოჰან ალბრეხტ ბენგელის პიეტისტური თეოლოგიის მიმდევარი იყო. ბენგელმა გამოთვალა, რომ 1836 წლისათვის ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა ყოფილიყო. მორწმუნეები ეძებდნენ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად დაცულები იქნებოდნენ მეორედ მოსვლამდე და გადაწყვიტეს, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს დასახლებულიყვნენ, ნოეს კიდობნის ბიბლიურ ნავთსაყუდელთან. ყველა ამ მიზეზს დაემატა ალექსანდრე I-ის მოგზაურობა შვაბიაში 1809 წელს და იქაური ოჯახების მოპატიჟება კავკასიაში.

ასეულობით შვაბური ოჯახი დათანხმდა ალექსანდრე I-ის წინადადებას და კავკასიაში გადმოსახლდა. 1818 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი შვაბური ე.წ. კოლონია დაარსდა: ალექსანდერსდორფი (დღევანდელი დიდუბე), ელიზაბეტტალი (ასურეთი), პეტერსდორფი (იორზე), ანენფელდი (შამქორი აზერბაიჯანში), ჰელენენდორფი (ქანლარი აზერბაიჯანში) და კატარინენფელდი (ბოლნისი). მეშვიდე კოლონია, მარიენფელდი (სართიჭალა), 1817 წელს შვაიკჰაიმიდან ჩამოსახლებულმა კოლონისტებმა დააარსეს. ამ კოლონიებს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე დასახლება დაემატა, მათ შორის ნოიტიფლისი.

ეპიდემიებისა და სპარსთა თავდასხმების მიუხედავად, კავკასიაში დასახლებულმა შვაბებმა, დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით, საყოველთაო კეთილდღეობას მიაღწიეს და მთელი ქვეყნისთვის სამაგალითონი გახდნენ.

ისინი მტკიცედ იცავდნენ ლუთერანულ ტრადიციებს. ყველა დასახლებაში (გარდა მარიენფელდისა) გაიხსნა სამლოცველო სახლი. მრევლს ჰყავდა თავისი სასულიერო ხელმძღვანელი, რომელიც ქადაგებას კითხულობდა კვირაობით და დღესასწაულებზე, უძღვებოდა ნათლობას, ქორწინებას, ქრისტიანულად მარხავდა მიცვალებულებს. 1823 წელს ბაზელიდან მისიონერები ჩამოვიდნენ. ერთ-ერთმა მისიონერმა, ავგუსტ ჰაინრიხ დიტრიხმა, პირველი სინოდი მოიწვია და სამრევლოებს შინაგანაწესი დაუწესა.

პირველი პასტორი, იოჰან ბერნჰარდ სალტეტი, მისიონერი ბაზელიდან, 1824 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მისი მოღვაწეობის პერიოდში გაცხოველდა სამრევლოების ცხოვრება და დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. კომუნისტურ პერიოდამდე პასტორები საქართველოში, ძირითადად, ვიურტემბერგიდან გამოგზავნილი განსწავლული თეოლოგები იყვნენ, თუმცა გარკვეულ პერიოდში პიეტისტური მიმდინარეობა გაძლიერდა. პასტორებს გასამრჯელოს სახელმწიფო უხდიდა, მრევლი უზრუნველყოფდა მათ ბინით, შეშითა და სამეურნეო მიწით, საძოვრით ან ვენახით.

საქართველოში გადმოსახლებულმა კოლონისტებმა თავდაპირველად სამლოცველო სახლები ააშენეს და იქ მართავდნენ ღვთისმსახურებას. მოგვიანებით სამლოცველო სახლები ეკლესიებმა შეცვალა. 1854 წელს კატარინენფელდში „დომი“ ააგეს, 1856 წელს ჰელენენდორფის ეკლესია აშენდა, ხოლო 1871 წელს - ელიზაბეტ ტალისა. ყველა ეს ეკლესია ე.წ. ისტორიული სტილით იყო ნაგები, ნეოგოთიკის გამარტივებულ ელემენტებს შეიცავდა. ყველა ეკლესიაში იყო ორღანი, კედლის ღუმელი, გრძელი სკამები და სამრეკლო ორი ან სამი ზარით, იმის მიხედვით, თუ რა მატერიალური შესაძლებლობისა იყო სამრევლო. თბილისში ეკლესიის მშენებლობა იოჰან ბერნჰარდ სალტეტის მისიონერული მოღვაწეობის დროს დაიწყო. მშენებლობამ ექვს წელს გასტანა და 1834 წელს დასრულდა. ეს იყო ლამაზი, ნეორომანული სტილის სვეტებით შემკული, ყვითლად შეღებილი ქვის ეკლესია, რომელმაც ძველი სამლოცველო სახლი შეცვალა. თვით სალტეტი მშენებლობის დასრულებას არ მოსწრებია: იგი 1830 წელს გარდაიცვალა თბილისში ქოლერის ეპიდემიის დროს.

მეორე ეკლესია ნოიტიფლისში, პეტრე-პავლეს ეკლესია, მაშინდელი „გერმანული უბნის“ მთავარ გზაჯვარედინზე, მიხეილისა და კირხეს ქუჩების კუთხეში იდგა (დღევანდელ მარჯანიშვილის მოედანზე). იგი 1894-1897 წლებში ნეოგოთური სტილით ააგო გერმანელმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილეფელდმა.

საქართველოში გადმოსახლებული ლუთერანი გერმანელებისთვის საეკლესიო ცხოვრება გამაერთიანებელი ძალა იყო, განსაკუთრებით სოფლებში. ასე გაგრძელდა საქართველოში კომუნისტური მმართველობის დამყარებამდე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქაც გავრცელდა 1929 წლის 8 აპრილის დეკრეტი რუსეთში არსებული ყველა ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანების ქონების სახელმწიფოს მფლობელობაში გადაცემის შესახებ. თანდათანობით აიკრძალა რელიგიის გაკვეთილები, კონფირმაცია, ღვთისმსახურება. 1931 წელს პეტრეპავლეს ეკლესიის პასტორი და, იმავდროულად, ამიერკავკასიის ლუთერანული სამრევლოების მთავარი პასტორი, რიხარდ მაიერი, დააპატიმრეს და მოგვიანებით, 1933 წელს, მოკლეს. ასე, თანდათან ჩაქრა ლუთერანული ცხოვრება გერმანელ კოლონისტებში. ეკლესიები კინოებად, თეატრებად, საწყობებად და სპორტულ დარბაზებად გადააკეთეს ან სულაც დაანგრიეს. 1941 წლის 8 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელების გასახლების შესახებ. 1941 წლის 15 ოქტომბრიდან 1941 წლის 12 ნოემბრამდე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან გაასახლეს 23 580 გერმანული წარმოშობის მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები. 1945 წელს გერმანელ სამხედრო ტყვეებს დაანგრევინეს კირხეს ქუჩის ეკლესია.

ლუთერანული რწმენა საქართველოში გადმოსახლებული გერმანელებისთვის იდენტობის შენარჩუნების საშუალება იყო. საქართველოში შემორჩენილ მცირერიცხოვან გერმანელებს მხოლოდ 1991 წლიდან მიეცათ თავისუფლად შეკრების უფლება. შეიქმნა ასოციაცია „აინუნგი“, რომელშიც გერმანული წარმოშობის მოქალაქეები გაერთიანდნენ. მათში მალევე გაჩნდა სამრევლო ცხოვრების აღდგენის სურვილი. თავიდან მცირერიცხოვანი მრევლი თანდათანობით იზრდებოდა და ახლაც იზრდება. მრევლის სათავეში იდგა გადასახლებიდან დაბრუნებული იოჰან დრეილინგი. მოგვიანებით დოქტორ გერტ ჰუმელის და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოში ევანგელურლუთერანული ეკლესია, რომელიც რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს. მათ შორისაა თბილისის შერიგების ეკლესია ასურეთის ფილიალითურთ, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის სამრევლო, ბოლნისის პავლეს სამრევლო, ბორჯომის სამრევლო, სოხუმის სამრევლო, ბაქოს მაცხოვრის სამრევლო. ეკლესია დაახლოებით 1000 წევრს ითვლის.

ეკლესიას მეთაურობს ეპისკოპოსი. ადგილობრივ ღრმა ლუთერანულ-თეოლოგიური განათლების მიღების შეუძლებლობის გამო ეპისკოპოსებად გერმანიიდან მოვლინებულ პასტორებს ირჩევენ. სამრევლოებში მოღვაწეობენ პასტორები და ლექტორები. ლექტორები ან მქადაგებლები მომზადებულ ქადაგებას კითხულობენ და არა აქვთ საკრამენტების განაწილების უფლება. სამრევლოებს ჰყავთ სამრევლოს ხელმძღვანელი. გადაწყვეტილებებს იგი სამრევლო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს. თითოეულ სამრევლოს თავისი წარმომადგენელი ჰყავს სინოდში.

ეკლესია ჩაბმულია საგანმანათლებლო საქმიანობაში. კვირაობით იმართება ქადაგება ბავშვებისათვის, მოქმედებს ბავშვთა საკვირაო სკოლა, ხელსაქმის წრე, გერმანულის ენისშემსწავლელი წრე, ტარდება კონფირმაციის გაკვეთილები, ბიბლიური საათი უფროსებისთვის. ეკლესია გამოსცემს ყოველთვიურ ბიულეტენს „საეკლესიო მაცნე“, რომელიც მკითხველს მიმდინარე ამბებს, სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებს აცნობს და თეოლოგიურ საკითხებზე დაწერილ სტატიებს სთავაზობს.

საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედებაა. ამ მიზნით დაარსდა 1999 წელს ევანგელურ-ლუთერანული დიაკონური საზოგადოება საქართველოში. დიაკონურ საზოგადოებასთან მოქმედებს იოჰან ბერნჰარდ სალტეტის სახელობის მოხუცთა თავშესაფარი და უფასო სასადილოები, ერთი მათგანი გერმანელთა ასოციაცია „აინუნგის“ ბინაშია გახსნილი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე. დიაკონური საზოგადოების ორივე სასადილოში კვირაში 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 125 ადამიანი სადილობს. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც ასაკის, სნეულების ან მატერიალური ხელმოკლეობის გამო არ შეუძლიათ სასადილოში მოსვლა, თვეში ერთხელ შინ ღებულობს სურსათს.

უფასო სასადილოებთან მუშაობს სამედიცინო ამბულატორია. მომსვლელები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სამედიცინო კონსულტაციით, ექოსკოპიითა და მედიკამენტებით შესაძლებლობის ფარგლებში. თვეში რამდენჯერმე იკრიბება დიაკონური საბჭო, რომელიც წყვეტს ოპერაციებთან, მკურნალობასთან და სხვა სახის გადაუდებელ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დიაკონური საზოგადოება, ძირითადად, გერმანიიდან მიღებული შემოწირულობებით საზრდოობს.

საქართველოში მოქმედი ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია გაერთიანებულია რამდენიმე ინტერკონფესიურ ჯგუფში და აქტიურად თანამშრომლობს ყველა რელიგიასთან და აღმსარებლობასთან, განსაკუთრებით ბაპტისტურ ეკლესიასთან. ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია მონაწილეობს ეკუმენურ წირვებში, კონცერტებში, ქალთა ლოცვის საერთაშორისო მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში, ცდილობს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. საქართველოში არსებული ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ევანგელურ ეკლესიასთან. თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სასულიერო პირების ვიზიტებითა და ფინანსური დახმარებით გერმანელების მხრიდან. ქართველი ახალგაზრდები ჩადიან გერმანიაში, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში, ეცნობიან იქაური მრევლის ცხოვრებას. საპასუხო ვიზიტით გერმანელი ახალგაზრდებიც ჩამოდიან საქართველოში და საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

ლუთერანული სამრევლოს აღდგენის შემდეგ, პირველ ხანებში, ღვთისმსახურება სხვადასხვა დროებით თავშესაფრებში მიმდინარეობდა, სანამ 1997 წლის 26 ოქტომბერს ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიაზე, გრანელის ქუჩაზე, შერიგების ეკლესიის მშენებლობა არ დასრულდა. ამ ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1995 წლის 25 სექტემბერს. ეკლესიის მშენებლობის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი იყო საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი დოქ. გერტ ჰუმელი.

თბილისის შერიგების ეკლესიის გარდა ლუთერანული ეკლესია არის რუსთავში. მას მშვიდობის ეკლესია ეწოდება. პეტრე-პავლეს სამრევლო სახლი ფუნქციონირებს ბოლნისში, სამრევლოსთვის გამოყოფილ სახლებში წირვები მიმდინარეობს გარდაბანში, ბორჯომში, ასურეთსა და სოხუმში.

სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სირთულეს ქმნის არსებული სამართლებრივი სიტუაცია. რელიგიის კანონის არარსებობის გამო საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია სტატუსის გარეშეა.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები