ლურია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურია ალექსანდრე

ლურია ალექსანდრე რომანის ძე - Luria Alexander Romanovich, Лурия Александр Романович, 1902-1977

საბჭოთა ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. შეიტანა სერიოზული წვლილი ფსიქოლოგიის რამდენიმე დარგის განვითარებაში. სწავლობდა ყაზანისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. 1945 წლიდან მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დააფუძნა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ნეიროფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კათედრას. შექმნა ცნობილი სამეცნიერო სკოლა. იყო ამერიკის ნაციონალური აკადემიის უცხოელი წევრი, სხვადასხვა ქვეყნების ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და სხვა), ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

ლურია მჭიდროდ თანამშრომლობდა ლ. ვიგოტსკისთან და ხშირად მოიხსენიება ფსიქიკური ფუნქციების კულტურულ-ისტორიული თეორიის თანაავტორად. 1920-1930 წლებში ლურიამ ექსპერიმენტულად იკვლია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების გენეზისი, ნიშანით მათი გაშუალებულობის თვალსაზრისით. ამავე პერიოდში შეიმუშავა ე.წ. „შეუღლებული მოტორული რეაქციების” ორიგინალური ფსიქიფიზიოლოგიური მეთოდიკა. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა დაფარული აფექტური კომპლექსის გამოვლენა. ეს შემდგომში ერთერთ საფუძვლად დაედო „სიცრუის დეტექტორების” შექმნას. ორიგინალური მეთოდიკური აპარატით წარმოებული კვლევით, ლურიამ ჯეროვანი წვლილი შეიტანა აგრეთვე დეფექტოლოგიის განვითარების, კერძოდ გონებრივი ჩამორჩენის სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკისა და კლასიფიკაციის საქმეში. აღსანიშნავია ლურიას ღვაწლი ფსიქოგენეტიკის სფეროშიც. ტყუპების მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა დონის ფსიქიკური პროცესების განვითარებაში მემკვიდრეობის და გარემოს ფაქტორების როლი განსხვავებულია. სახელდობრ, გენეტიკური ფაქტორი მეტად განსაზღვრავს „ელემენტარული” ფუნქციების (უნებლიე, უშუალო მეხსიერება და სხვა) მახასიათებლებს და ნაკლებად - „მაღალი” ფუნქციების (გაშუალებული, ნებისმიერი მეხსიერება და სხვა) ნიშანთვისებებს.

ყველაზე დიდი აღიარება წილად ხვდა ლურიას სამუშაოს ნეიროფსიქოლოგიაში. იგი მეცნიერების ამ დარგის ერთერთი მთავარი დამფუძნებელია. ლურიას კვლევა ამ სფეროში მოიცავდა თეორიულ, ექსპერიმენტულ და კლინიკურ ასპექტებს. მას ეკუთვნის ტვინისა და ფსიქიკის ურთიერთმიმართების ფუნდამენტური პრობლემის გააზრების ყველაზე პოპულარული თანამედროვე მოდელი - უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემურ-დინამიკური ლოკალიზაციის თეორია. ლურიამ გადახედა ფსიქიკური ფუნქციის ცნებას. ის განიხილა არა ვითარც ფსიქიკური „სამუშაოს” შესრულების ერთიანი, დაუნაწევრებელი უნარი, არამედ ვითარც სხვადასხვა რგოლებისაგან შემდგარი სისტემა. შესაბამისად, შეიცვალა ლოკალიზაციის ცნებაც - ლოკალიზებულია არა მთლიანი ფსიქიკური ფუნქცია, არამედ მხოლოდ მისი ცალკეული რგოლები. ფუნქციის ლოკალიზება ტვინში ნიშნავს, გაიგო მისი აგებულება და გაარკვიო, რა ფიზიოლოგიური პროცესები უზრუნველყოფს თვითეული რგოლის მოქმედებას. ტვინი მუშაობს, როგორც ერთიანი მთლიანი სისტემა და ყოველ ზონას, რომლებიც შეიძლება ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ ტვინის უბნებში/ბლოკებში იყოს განლაგებული, თავისი წვლილი შეაქვს ფსიქიკური ფუნქციის განხორციელებაში {ლოკალიზაციონიზმი}.

ფსიქიკური ფუნქციების დინამიკური ლოკალიზაციის პრინციპებზე დაყდნობით, ლურიამ აღწერა მეტყველების დარღვევის მანამდე უცნობი ფორმები, ჩამოაყალიბა აფაზიური დარღვევების კლასიფიკაცია და ამით დიდი წვლილი შეიტანა ნეიროლინგვისტიკის განვითარებაში {ფსიქოლინგვისტიკა}; მან შეისწავლა შუბლისწილის როლი უმაღლესი ფსიქიკური პროცესების რეგულაციაში, მეხსიერების ტვინისმიერი მექანიზმები; შექმნა ფსიქიკური ფუნქციის დაზიანების ხასიათის და დონის გამოსავლენი მეთოდიკური აპარატი (ე.წ. „ლურიას ტესტური ბატარეა”).

მეორე მსოფლიო ომის წლებში ლურია მუშაობდა თბილისში ევაკო-ჰოსპიტალში, სადაც ი. ბჟალავასთან ერთად შეისწავლიდა თავის ტვინის ლოკალურ დაზიანებებს, მათ შორის ამ დაზიანებათა გავლენას ფიქსირებული განწყობის დინამიკის სხვადასხვა მახასიათებლებზე {განწყობის ფსიქოპათოლოგია}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები