მაკ-დაუგალი უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკ-დაუგალი უილიამ

მაკ-დაუგალი უილიამ - Mcdougall William, Мак-Дугалл Уильям, 1871-1938

ინგლისელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰორმული ფსიქოლოგიის ავტორი. ჰუმანიტარული და სამედიცინო განათლება ინგლისსა და გერმანიაში მიიღო. ერთხანს მუშაობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, სადაც ფ. ჰალტონთან ერთად მონაწილეობდა ტესტების შექმნაში. 1904 წლიდან გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც კითხულობდა მენტალური ფილოსოფიის კურსს. 1908 წელს გამოიცა მისი წიგნი „შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში”, რომელიც სოციალური ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად არის მიჩნეული. შემდეგ წიგნში „ფსიქოლოგია: ქცევის შესწავლა” (1912), მან ჩამოყალიბებული სახე მისცა ჰორმული ფსიქოლოგიის თეორიულ სისტემას. 1920 წელს გადასახლდა აშშ-ში და შეცვალა ჰ. მიუნსტენბერგი ჰარვარდში. შვიდი წლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში ფსიქოლოგიის ფაკულტეტს დიუკის უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კაროლინაში. წიგნში „ჯგუფური ფსიქოლოგია” განიხილა ინდივიდუალური ფსიქიკა ნაციონალურ-კულტურულ ჭრილში.

თავის ჰორმულ ფსიქოლოგიას მაკ-დაუგალი უპირისპირებდა დასწავლის ბიჰევიორისტულ თეორიებს, კერძოდ ჯ. უოთსონის შეხედულებას, რომლის ცენტრში ჩვევის ცნებაა. მაკ-დაუგალის აზრით, ჩვევა თავისთავად არაა ქცევის მამოძრავებელი და ორიენტაციის მიმცემი საწყისი. ასეთად მას ინსტინქტი მიაჩნია. ინსტინქტს (ეს ტერმინი მოგვიანებით შეიცვალა ტერმინით „მიდრეკილება”), როგორც ქცევის სრულფასოვან მექანიზმს, აქვს აღძვრის და მართვის ფუნქციები. მასში ვლინდება ყველა ცხოველური ორგანიზმისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ენერგია („ჰორმე”), რომელიც გარკვეულ ობიექტზე (მიზანზე) არის მიმართული. ეს მიმართულობა გამოიხატება მზაობაში გარკვეული მოქმედების შესრულებისადმი, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეულ ემოციასთან არის დაკავშირებული (მაგ., გაქცევა - შიშთან, ჩხუბი - ბრაზთან და ა.შ.) (ჰორმული ფსიქოლოგია).

მაკ-დაუგალი სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელია (ეს ტერმინიც მან შემოიტანა 1908 წელს). თავის სოციალურ ფსიქოლოგიაში მაკ-დაუგალი შეეცადა, პირველადი ინსტინქტებიდან გამოეყვანა ძირეული სოციალური ინსტიტუტები (მაგ., ოჯახი, ვაჭრობა) და პროცესები (მაგ., ომები). ამ მხრივ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა „ჯოგურ ინსტინქტს”, რომელიც ადამიანთა ერთად ყოფნას განაპირობებს. მისი მოქმედების შედეგად არის მიჩნეული ისეთი სოციალური პროცესები, როგორიცაა ქალაქების წარმოქმნა და ზრდა, ადამიანთა სხვადასხვა სახის თავყრილობები, შრომისა და დასვენების კოლექტიური ხასიათი და ა.შ. მაკ-დაუგალი ზეინდივიდუალურ, „ნაციონალურ სულზეც” ლაპარაკობს, რომელსაც, აგრეთვე, ინსტინქტოიდური ხასიათი აქვს. გარდა იმისა, რომ ძირითადი საზოგადოებრივი მოვლენების და სოციალური ურთიერთობის ფორმების გამოყვანა ინსტინქტებიდან ბევრად უფრო სერიოზულ დასაბუთებას მოითხოვს, ახსნის ასეთი მეთოდოლოგია თავისთავში შეიცავს ტავტოლოგიური მსჯელობის საფრთხეს. მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი სქემა: ომები იწყება აგრესიულობის ინსტინქტის მოქმედების გამო, მაგრამ საიდან ვიცით, რომ აგრესიულობის ინსტინქტი არსებობს? იქიდან, რომ ადამიანები ხშირად ომობენ.

თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში არაა დიდად მიღებული ადამიანის ქცევის გამოყვანა ინსტინქტებიდან. ყველაზე მეტ პროტესტს ამ ცნებასთან ასოცირებული თანდაყოლილობის იდეა იწვევს. მაკ-დაუგალი თავადაც აცნობიერებდა სოციალური ქცევის ბიოლოგიურ დეტერმინირებულობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მიუხედავად ამისა, ევოლუციურ შეხედულებებს და მათთან დაკავშირებულ თეზისს ქცევითი დისპოზიციების (ინსტინქტებისა და მიდრეკილებათა) მეტ-ნაკლები თანდაყოლილობის შესახებ, იგი არასდროს უარყოფდა. ეს პოზიცია გარკვეულ შესაბამისობაშია თანამედროვე ფსიქოლოგიური აზრის მძლავრ ნაკადთან, რომელსაც ევოლუციურ ფსიქოლოგიას ან სოციოგენეტიკას უწოდებენ.

მაკ-დაუგალის მეცნიერული ინტერესები ოკულტური ფენომენებისკენაც იყო მიმართული. 1927 წელს, დიუკის უნივერსიტეტში, ჯ. რაინთან ერთად, მან დააფუძნა პირველი პარაფსიქოლოგიური ლაბორატორია. მაკ-დაუგალი ნაშრომები მნიშვნელოვანი ბიძგისმიმცემი აღმოჩნდა პიროვნების მოტივაციის კვლევებისთვის (გ. ოლპორტი, ჰ. მიურეი, რ. კეტელი, ფილიპ ლერში და სხვანი).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები