გაბრიელი (ურგებაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამა გაბრიელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამა გაბრიელი

გაბრიელი (ურგებაძე გოდერძი), (26.08.1929 თბილისი, – 02.11.1995 მცხეთა), ბერი, აღმსარებელი-სალოსი, წმ. (ხსენ. დღე 02.11 ახ. სტ).

ბიოგრაფია

გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე, დაიბადა თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის №11-ში, წმ. ბარბარეს ეკლესიის მახლობლად (სადაც იგი ჩვილობაშივე მონათლეს).

გაბრიელის მამა, ვასილი, იყო კომუნისტური პარტიის წევრი, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და შინსახკომის თანამშრომელი. მის ოჯახში რელიგიის ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. 1931 წ. ვასილი შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია დაახალეს. მაშინ გოდერძი 2 წლის ბავშვი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხსოვნის პატივსაცემად, პატარა გოდერძის მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ.

გაბრიელის დედა – ბარბარე (ვარვარა) ურგებაძე, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ქალი გახლდათ. იგი ძალიან ადრე, 14 წლის ასაკში დაოჯახდა. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა. როდესაც მეუღლე მოუკლეს, იგი 22 წლის იყო. სრულიად ახალგაზრდა ქალი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, მძიმე შრომის ფასად ერჩინა ოჯახი. მოგვიანებით იგი მეორედ დაქორწინდა და ქალიშვილი შეეძინა.

გაბრიელის ძალისხმევით, მოხუცებულობის წლებში ბარბარე მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ანა ეწოდა. მონაზონი ანა 2000 წ. 26 აპრილს, ვნების კვირაში გარდაიცვალა.

პატარა გოდერძის ყრმობის წლების შესახებ შემონახულია საინტერესო ცნობები, რომლებიც ცხადყოფს, რომ იგი თავიდანვე გამორჩეული და ღვთის განსაკუთრებული მადლის მატარებელი იყო. 6 წლის ასაკში გოდერძი თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში მიაბარეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა; თავისი კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. სკოლაში მხოლოდ 6 წელი ისწავლა.

ქრისტეს სახელი გოდერძი ურგებაძემ პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ერთხელ პატარა გოდერძი შინ სახარებით ხელში დაბრუნდა.

12 წლის ასაკში მან სახარება აიღო და მონასტერს მიაშურა. მცხეთაში ფეხით ჩავიდა და სამთავროს დედათა მონასტერს მიადგა. იღუმენია ანუსიამ (კოჭლამაზაშვილი) ყმაწვილი სიყვარულით მიიღო და ურჩია სვეტიცხოველში მისულიყო. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა გაბრიელმა სწორედ სამთავროს მონასტერში გაატარა.

გაბრიელი სვეტიცხოველში 3 დღე დატოვეს. შემდეგ შიომღვიმის მონასტერში ავიდა, სადაც ასევე მხოლოდ 3 დღით შეიფარეს და მცირე საგზლით ზედაზნის მონასტერში გააცილეს. ზედაზნელმა მხცოვანმა ბერებმა შეიყვარეს ნორჩი მორწმუნე და მას მონასტრის ახლოს ფარული სამყოფელი მოუწყვეს, სადაც რამდენიმე კვირა მალავდნენ. ბოლოს ბეთანიის მონასტერში გააგზავნეს, სადაც მან გაიცნო ორი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე – ღირსი გიორგი-იოანე (მხეიძე) და ღირსი იოანე (მაისურაძე), რომლებიც შემდგომში მის უსაყვარლეს მოძღვრებად იქცნენ. ბეთანიიდან წამოსვლის შემდეგ ხშირად ადიოდა ხოლმე ღირს მამებთან და სხვადასხვა საქმეში შეეწეოდა.

სახლში დაბრუნების შემდეგ გიორგი ურგებაძემ ეზოში გამოუწვავი აგურით, საკუთარი ხელით მცირე სენაკი აიშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. სამყოფელი ისეთი პატარა იყო, რომ მასში ძლივს ეტეოდა, სარეცელიც კი არ ედგა.

12 წლის მოზარდმა სარწმუნოებაზე მოაქცია ქალაქში ცნობილი მკითხავი, რომლის ნაცვლად, ნუგეშის მისაღებად ხალხი მას მიაწყდა. ამ ადამიანთა უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ახლობელთა ჭირისუფლები იყვნენ. გოდერძის ყველასთვის პასუხი ჰქონდა, ყველას ნუგეშს სცემდა და თან უქადაგებდა: ეკლესიაში იარეთ, ქრისტე იწამეთ და სულის ცხონებაზე იზრუნეთო.

იგი ხშირად ნაგავსაყრელზე დადიოდა, სადაც ხატებსა და ჯვრებს პოულობდა და შინ მიჰქონდა.

1949 წ. გოდერძი ურგებაძე საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მკაცრი სამხედრო რეჟიმის მიუხედავად, მარხვის შენახვას მაინც ახერხებდა მარხვის დღეებში იგი მუცლის ტკივილს იმიზეზებდა და ხორცს არ ეკარებოდა.

ერთხელ ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში შევიდა და წმ. ნიკოლოზს მთელი გულით შესთხოვა: „საშუალება მომეცი, ეკლესიაში ვიარო!“ მსწრაფლშემწე წმინდანმა ეს თხოვნა მას მეორე დღესვე აღუსრულა – სამხედრო ნაწილის მეთაურმა იგი დამტარებლად დანიშნა. ახლა მას უკვე ყოველდღე შეეძლო ქალაქში გასვლა. ასე რომ, თითქმის ყოველდღე დადიოდა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მოძღვარი კი ჩუმად, საკურთხეველში აზიარებდა. იქ ისწავლა მან ხუცური, კითხულობდა საღვთისმეტყველო ლიტერატურას. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში გოდერძიმ ბათუმის ეკლესიის სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნები აღმოაჩინა.

შინ დაბრუნებულმა გოდერძიმ სახლის ეზოში ახალი სენაკი აიშენა, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა. წირვა-ლოცვებზე სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა. ახალგაზრდა გოდერძიმ მალევე მიიქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ყურადღება. პატრიარქის კურთხევით მან სიონის ტაძარში დარაჯად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი მედავითნედაც მსახურობდა.

1955 წ. იანვარში გოდერძი ურგებაძე დიაკვნად აკურთხეს; ორიოდე კვირაში, 23 (სხვა ცნობით 27) თებერვალს, მოწამეთას მონასტერში იგი ბერად აღიკვეცა და, მისი სურვილისამებრ, სახელად გაბრიელი ეწოდა. 3 დღის შემდეგ მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ბერ-დიაკონ გაბრიელს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. სამღვდელო ხარისხის მიღება თავად გაბრიელის მტკიცე გადაწყვეტილებითა და დიდი მონდომებით აღესრულა.

დღიდან აღკვეცისა, გაბრიელი საოცარი სიყვარულითა და მოშურნეობით იღვწოდა ღვთისა და მოყვასისთვის. მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით იგი ჯერ სიონში მსახურებდა, 1960 წლიდან კი – ბეთანიის მონასტერში, თავის საყვარელ მოძღვართან, გიორგისთან (მხეიძე) და სხვა ბეთანიელ ბერებთან ერთად.

1962 წლის მიწურულს, წმ. იოანეს (მაისურაძე), მღვდელ-მონაზონი ბასილისა (ფირცხალავა) და წმ. გიორგი-იოანეს (მხეიძე) გარდაცვალების შემდეგ, მთავრობამ ბეთანიის მონასტერი დახურა. გაბრიელი თბილისში დაბრუნდა, სადაც თავის საკარმიდამო ეზოში სრულიად მარტომ დაასრულა შვიდ-გუმბათიანი მცირე ზომის ეკლესიის მშენებლობა და თავის სენაკში მოსაგრეობდა.

1962-1965 წლებში გაბრიელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურობდა, სადაც მრევლიც შემოიკრიბა.

გაბრიელის მოწამეობისთვის მზადყოფნა საქვეყნოდ გაცხადდა 1965 წ. 1 მაისს, როდესაც მან მთავრობის შენობაზე გაკრული ლენინის თორმეტმეტრიანი პორტრეტი დაწვა. იმავე წლის 12 მაისს, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ და თბილისის №1 იზოლატორში მოათავსა.

მოსკოვის ხელისუფლება გაბრიელის დახვრეტას მოითხოვდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან მიხვდნენ, რომ ამით მისგან მოწამის სახეს შექმნიდნენ და ამიტომ გაბრიელი შეშლილად გამოაცხადეს. საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით, გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე გადაგზავნეს და კლინიკაში მოათავსეს, სადაც ბერმა 1965 წ. 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე დაჰყო. გაბრიელი საავადმყოფოდან შიზოფრენიის დიაგნოზით გამოწერეს.

ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გაბრიელს ეკლესიაში მსახურება აუკრძალეს. წირვა-ლოცვას იგი მრევლთან ერთად ესწრებოდა, როგორც ერისკაცი. ამ პერიოდში მან სალოსობის ღვაწლი იტვირთა. იგი ხალხმრავალ ადგილებში დადიოდა და ხმამაღლა ქადაგებდა – ზოგი უსმენდა, ზოგს კი იგი შეშლილი ეგონა.

1971 წ. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ისა (სიდამონიძე) და მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით გაბრიელ სამთავროს დედათა მონასტრის და სემინარიის მოძღვრად დადგინდა. საცხოვრებლად, მუდმივ მფლობელობაში, გადაეცა სამთავროს მონასტერში მდებარე კოშკი. ასე აღსრულდა გაბრიელის მიერ ოდესღაც, მოზარდობაში აღვლენილი ლოცვა-ვედრება, სამთავროს მონასტერში სენაკს რომ ნატრობდა.

1972-1990 წლებში, სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, გაბრიელმა განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა – დანგრეული და კომუნისტური რეჟიმის დროს დახურული და მიტოვებული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. თუ მოსალოცად შორს მიდიოდა, ან ტაძარს რთული გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა, ანდა მისი მოლოცვა რაიმე სხვა საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მაშინ გაბრიელი ყოველთვის მარტო მიდიოდა. სხვა შემთხვევაში კი მიჰყავდა რამდენიმე მორწმუნე, რომლებიც ღვთისმსახურებაში ეხმარებოდნენ. იგი – ამბობდა: „გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმერთის განჩინებით, ხედავს და ისმენს რა ჩვენს გულმოდგინებას და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილ ჰყოფს. ხედავ, რა დღეში ვართ ჩვენ ახლა, ხანდახან თოვლსა და ჭყაპში, ცელოფანგადაფარებულთ გვიწევს წირვის დაყენება, მაგრამ მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღვთისმსახურება განახლდება!“ ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო.

1987 წლიდან გაბრიელი სამთავროში, „კაკლოვანის ფიცრულში“ დასახლდა. ამ ფიცრულს ადრე მონასტერი საქათმედ იყენებდა, შემდგომ კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სივიწროვის გამო იქ ფეხზე გამართვა შეუძლებელი იყო; ამასთან, ფიცრულს 2-3 სმ-იანი ღრიჭოები ჰქონდა და ზამთარში მცხეთის ნესტიან ყინვებს ასკეტი ბერი ყოველგვარი გათბობის გარეშე იტანდა. იმ პერიოდში გაბრიელი იშვიათად, სამი დღით ან ერთი კვირით თუ დატოვებდა მონასტერს და შემდეგ ისევ თავის ფიცრულს უბრუნდებოდა. მხოლოდ ერთი ან ორი ღამით თუ დარჩებოდა კოშკში, თავის სენაკში.

1990 წ. გაბრიელი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა, სამთავროში დაბრუნებულიყო და იქ განეგრძო ადამიანების დამოძღვრა. იმ დროიდან გარდაცვალებამდე გაბრიელი სამთავროს მონასტერში, თავის სენაკში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მორჩილებას აღასრულებდა.

გაბრიელი თითქმის სრულიად ფარავდა თავის სასწაულთმოქმედების ძალას. ასკეტი ბერის ლოცვით ბევრი ადამიანი სწორ გზაზე დადგა. მათ შორისაა ინდუიზმის ყოფილი მიმდევარი ქართველი კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მისდევდა ამ რელიგიას და ინდოეთშიც ხშირად ჩადიოდა დიდი ხნით, სადაც თავისი გურუ ჰყავდა. გაბრიელმა იგი მართლმადიდებლობაზე მოაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი ყოველთვის ცდილობდა სალოსური ქმედებით დაეფარა სიბრძნე, ირგვლივმყოფნი მაინც გრძნობდნენ მასში ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მის ღმერთშემოსილებას ვერ ხედავდა, არადა მის ღვაწლზე საუბარი ქვეყნის ფარგლებს გასცდა.

1991 წ. ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა, გაბრიელი მძაფრად განიცდიდა მოსალოდნელ უბედურებას ყვიროდა: „სისხლია რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!“ როდესაც რუსთაველზე სისხლი დაიღვარა, გაბრიელი სამთავროში ზარებს რეკდა და მწარედ მოთქვამდა. ამ პერიოდში მან გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდოს მიღებას; ცრემლითა და გოდებით ავედრებდა იგი საქართველოს უფალს და დედა ღვთისმშობელს. ლოცვებში გაბრიელი არავის განარჩევდა, ყველასთვის გულმოდგინედ ლოცულობდა.

1991 წ. ამერიკის ერთ-ერთი მონასტრის, გერმანე ალიასკელის ძმობის წევრების საქართველოში სტუმრობის ძირითადი მიზანი, როგორც თავად აღნიშნეს, გაბრიელთან შეხვედრა იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მღვდელ-მონაზონმა გერასიმემ და მისმა საძმომ გაბრიელს მართლმადიდებლურ ჟურნალში მიუძღვნეს სტატია, სადაც ეწერა: „საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში“.

გაბრიელი სიცოცხლის ბოლო წლებში დაავადდა წყალმანკით. ამას დაემატა ფეხის მოტეხილობა. ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, წელიწადნახევარი ის ვეღარ დადიოდა. თუმცა, როგორც შეეძლო, კვლავაც განარგძობდა მკაცრ ასკეტურ ღვაწლს – ფიცრის ტახტზე იყო წამოწოლილი ბერის სამოსით; მხოლოდ ძალზე იშვიათად, დიდი ტკივილების დათმენით, წამოაყენებინებდა ხოლმე თავს და სენაკის წინ დაჯდებოდა. მრავალგზის უნახავთ გაბრიელი თოვლში ფეხშიშველა, ყინვისგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, თავს ასე რატომ წირავო, უპასუხა: „ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობ“. მაშინაც კი, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა და მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს აყენებდა, მაინც ჩააყვანინებდა ხოლმე თავს ტაძარში და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით ლოცულობდა სამშობლოსთვის.

წლების განმავლობაში უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე ქადაგებდა. სიცოცხლის ბოლო წელს ბოლო ჟამზე მკვეთრად დაიწყო ქადაგება.

1995 წ. სვეტიცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გაბრიელი არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო (რომელიც ორი წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა) სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და კრების მსვლელობის სამი დღის განმავლობაში ასე სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მიდიოდა და გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა. ამ დროს მის გარდაცვალებამდე ორმოცი დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის უკანასკნელი დღეები. მას შემდეგ გაბრიელს აღარ უსალოსია.

სიცოცხლის ბოლოსაც გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: „გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცეს მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან „ხვალე“ – ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს“.

წმ. გაბრიელ ბერმა თავის ანდერძში დაიბარა: „უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია“. გაბრიელის ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს სამთავროს მონასტრის ეზოში; ბერული წესით გვამს მანტიის ზემოთ ჭილოფი შემოახვიეს.

ღმერთმა გაბრიელს კურნების ძალა უბოძა. 19 წლის განმავლობაში, ვიდრე მის წმ. ნაწილებს ამოასვენებდნენ, მის საფლავზე უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ხალხი, მისგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად. იქვე ჩაუქრობლად ენთო კანდელი, რომლის ზეთსაც კურნების ძალა ჰქონდა. მისი კანდელის ზეთის წასაღებად ადამიანები უცხო ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ. სამთავროს მონასტერში არსებობს ვრცელი ჩანაწერები, რომლებშიც აღწერილია ამ ზეთით მომხდარი სასწაულებრივი განკურნებები.

2012 წ. 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტ გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა, როგორც წმ. აღმსარებელი და სალოსი.

2014 წ. 22 თებერვალს, დღის 12 საათზე, აღესრულა წმ. აღმსარებლისა და სალოსი გაბრიელის წმ. ნაწილთა აღმოყვანება. 24 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისზე ბრძანა: „დღეს ჩვენს დედაქალაქსა და მთელ საქართველოს ლოცავს მისი მაღალღირსება, მამა გაბრიელი!..“

2015 წ. 29 ნოემბერს სამთავროს დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მამა გაბრიელის წმ. ნაწილები საზეიმოდ გადაასვენეს მისთვის საგანგებოდ დამზადებულ ახალ ლუსკუმაში.

გაბრიელის სახლის ეზოში დღემდეა შემონახული მის მიერ აგებული პატარა ეკლესია.

მ. გაგუა

წყაროები და ლიტერატურა

  • ბერის დიადემა, სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტერი, თბ., 2005;
  • გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №6 (664) 2013;
  • გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“ №8, (708), 2014;
  • გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №40 (785), 2015;
  • ნიკოლაიშვილი ო., ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე საქართველოში, თბ., 2003;
  • მისივე მამა გაბრიელის ნაუბარი, თბ., 2005;
  • მისივე, ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები (მადლიერი ერისაგან), 1-3 ნაწ., თბ., 2005;
  • ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია, თბ., 2010;
  • ჯინორია მ., გაბრიელ ბერი – „თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა“, თბ., 2015;
  • The Orthodox Word, ჟურნ., აშშ, 1992.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები