ყოლბაია მამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამია ყოლბაია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამია ყოლბაია

ყოლბაია მამია − Mamia Kholbaia, Мамиа Колбаиа 1923-2011

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). საქართველოში სპეციალური ფსიქოლოგიის (ძველი ტერმინოლოგიით − დეფექტოლოგიის) დარგის ფუძემდებელი. განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1954-1960 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიკურ ინსტიტუტში, 1960-1973 წლებში კი − დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ერთხანს განაგებდა ფსიქოლოგიის კათედრას თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ − უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას. 1985 წლიდან გადავიდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრას, ხოლო შემდეგ − მისი ინიციატივით შექმნილ, კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრას.

მ. ყოლბაიას კვლევის ძირითადი მიმართულებებია ბავშვის ფსიქოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია და პედაგოგიკური ფსიქოლოგია, სპეციალური ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია და კორექციული პედაგოგიკა.

პედაგოგიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით წარმოებული კვლევა ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სწავლებაში თვალსაჩინოების გამოყენება, სწავლების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური საფუძვლები, მაგალითის როლი სწავლებაში და სხვა. აღსანიშნავია მ. ყოლბაიას წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია”, რომელიც გოგებაშვილის პრემიით აღინიშნა (1998). ეს წიგნი დ. უზნაძის „ბავშვის ფსიქოლოგიის” შემდეგ ამ დარგის ყველაზე სრული სახელმძღვანელოა საქართველოში. მასში შეტანილია ამ დარგის ყველა ძირითადი მონაცემი, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაშია მოპოვებული, მათ შორისაა თვით ავტორის კვლევის შედეგებიც.

განსაკუთრებულია მ. ყოლბაიას წვლილი სპეციალურ ფსიქოლოგიაში {სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში}. თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში იგი იკვლევდა ბავშვების განვითარების გადახრებისა და ანომალიების, ანუ დიზონტოგენეზის სხვადასხვა საკითხებს. ძირითადი ყურადღება დაეთმო გონებრივად ჩამორჩენილი, ოლიგოფრენი ბავშვების კოგნიციური ფუნქციონირების (უმთავრესად აზროვნების) სხვადასხვა ასპექტის შესწვლას. ამ მუშაობას აკადემურთან ერთად, პრაქტიკული მხარეც ჰქონდა კორექციული პედაგოგიკის კუთხით. მისი შედეგები ავტორის რამდენიმე მონოგრაფიაშია ასახული. კერძოდ, მან ექსპერიმენტულად მოიპოვა მდიდარი მასალა ყრუ-მუნჯი ბავშვების ცნებითი აზროვნების თავისებურებათა შესახებ. აჩვენა, რომ ყრუ-მუნჯ ბავშვებს ზრდასრულობის ასაკშიც კი არ უვითარდებათ განყენებული ლოგიკურ-ცნებითი აზროვნება და მათი აზროვნება საშუალო კლასების მოსწავლეთა დონეზე რჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი აზროვნება ჟესტებს ემყარება და მოკლებულია ცნების ობიექტივაციის ისეთ შეუცვლელ საშუალებას, როგორიცაა სიტყვა. ყრუ-მუნჯის ცნებითი აზროვნების განვითარების ერთადერთი საშუალებაა მის მიერ ჩვეულებრივი ბგერითი ენის შესატყვისი სპეციალური ჟესტების ენის დასწავლა (თუმცა სპეციალური ჟესტების ენაც სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს ბგერით ენას, ვინაიდან უჭირს რთული ანდა აბსტრაქტული სიტყვების მნიშვნელობათა ელფერების ჩამოყალიბება და გამიჯვნა).

მდიდარი ემპირიული მასალა დაგროვდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლის შედეგად. გამოკვლეული იქნა ოლიგოფრენი ბავშვების აღქმისა და მეხსიერების განვითარების მიმდინარეობა. მ. ყოლბაიას სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ილიგოფერენების ინტელექტუალურ განვითარებას 7-დან 17 წლამდე. მასში გამოკვლეულია ამ ბავშვების აზროვნების ისეთი თავისებურებანი, როგორიცაა: რამდენიმე ნიშანთვისების ერთდროულად განზოგადების სიძნელე, სისუსტე არასაკმარისად თვალსაჩინო ნიშანთვისების განზოგადებაში და აბსტრაქტული ნიშანთვისების განზოგადების შეუძლებლობა, ცნობიერების, ცნობიერი ყურადღების სივიწროვე, ინტელექტუალურ ოპერაციათა რიგიდულობა და სხვა. გაირკვა ოლიგოფრენების აზროვნების ონტოგენეზის საფეხურები. 16-17 წლის ოლიგოფრენების აზროვნება 11 წლის ნორმალურ მოსწავლეთა აზროვნების დონეზეა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივა უმნიშვნელოა.

მ. ყოლბაიას სამეცნიერო მუშაობის კიდევ ერთი ხაზი სპორტის ფსიქოლოგია იყო. ამ მიმართულებით იგი წლების განმავლობაში ნაყოფიერ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა. მას ეკუთვნის წიგნი „სპორტის ფსიქოლოგია” (2003). მ. ყოლბაია დიდ ყურადღებას უთმობდა ფსიქოლოგიური კადრების მომზადებას. იყო არაერთი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დონის სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული.

მთავარი ნაშრომები:

  • გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის ინტელექტუალური განვითარების თავისებურებანი. თბილისი: „მეცნიერება”, 1970;
  • გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი: „განათლება”, 1971;
  • ძნელი ბავშვები. თბილისი: „განათლება”, 1985;
  • დეფექტოლოგიის საფუძვლები. თბილისი: „განათლება”, 1985;
  • ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი: „პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1998;
  • სპორტის ფსიქოლოგია. თბილისი: „ცის ნამი”, 2003;
  • სკოლის ფსიქოლოგია. თბილისი: „ცის ნამი”, 2008;

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

მამია ყოლბაია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები