მარბე კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარბე კარლ

მარბე კარლ - Marbe Karl, Марбе Карл, 1869-1953

გერმანელი ფსიქოლოგი, ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენელი. სახელი მოიხვეჭა კვლევებით გამოყენებით ფსიქოლოგიაში, კერძოდ იურიდიულ და ინდუსტრიულ ფსიქოლოგიაში. იგი იყო ერთერთი პირველი, ვინც დანერგა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პრაქტიკა სასამართლო პროცესებში. შეიტანა წვლილი ასოციაციური მეთოდის (ასოციაციათა ექსპერიმენტი) დამუშავებაში ჩვენების ფსიქოლოგიის საჭიროებისთვის.

მარბეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა კვლევებმა წარმოებითი ტრამვატიზმის დარგში. იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანის მიერ ტრავმის მიღების ალბათობა შეიძლება გამოითვალოს წინანდელი უბედური შემთხვევების გათვალისწინებით. მათ შორის არსებულ კავშირს ეწოდა მარბეს კანონი ანუ რეციდივების კანონი. მარბეს თანახმად, ამ რეციდივების მიზეზი არის ადამიანის ზოგადი მიდრეკილება უბედური შემთხვევებისადმი. მთავარ როლს ამაში ასრულებს გადანაცვლების უნარი, ანუ განწყობის სწრაფი შეცვლისა და მოულოდნელად შექმნილი სიტუაციებისადმი შეგუების უნარი. ამ უნარის დაქვეითება ტრამვატიზმისადმი მიდრეკილების მიზეზია. თუ როგორ იქმნება და იცვლება ეს მიდრეკილება, უნდა ახსნას მის საფუძვლადმდებარე „განწყობათა თეორიამ”. ამ თეორიის დამუშავება მარბემ ვიურცბურგის ლაბორატორიაში მუშაობისას დაიწყო. მარბეს თეორია იყო განწყობის ცნებაზე აგებული პირველი ზოგადფსიქოლოგიური თეორია. ამიტომ ბუნებრივია, რომ მან იმთავითვე მიიქცია დიმიტრი უზნაძისა და სხვა ქართველი ფსიქოლოგების ყურადღება {განწყობის ცნება უცხოურ ფსიქოლოგიაში}.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები