მართლმადიდებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკეის პირველი საეკლესიო კრება. ბერძნული ხატი

მართლმადიდებლობა - ბერძნულად ორთოდოქსია, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიღებული იქნა ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.

მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია“. რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

მართლმადიდებლური მოძღვრება, ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმების) გარდა, ეფუძნება ზეპირ თუ წერილობით ტექსტებს საერთო სახელწოდებით - წმიდა გადმოცემა, რომელიც შეიცავს: „მოციქულთა წესებს“, სადაც აღნუსხულია მოციქულთა ხანის საეკლესიო პრაქტიკა; მსოფლიო და ზოგიერთი ადგილობრივი კრებების დოგმატურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს; წმ. მამათა და ეკლესიის მოძღვართა ქმნილებებს; ლიტურგიულ ტექსტებს, რომელთაგან ბევრი სამოციქულო წარმოშობისაა; მოწამეთა აქტებს, რომლებიც შედგენილია მათი ტანჯვის უშუალო მოწმეთა მიერ. თავდაპირველად, გარდა ძველი აღთქმისა, ქრისტიანული მოძღვრების შემცველი ტექსტები (ეპიზოდები ქრისტეს ცხოვრებიდან, ქადაგებები, იგავები და სხვ.) ზეპირად ვრცელდებოდა, მაგრამ პირველი საუკუნის მეორე ნახევარშივე მათ წერილობითი სახე მიიღეს.

Qriste.jpg

სარჩევი

ორგანიზაცია

მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაცია ეფუძნებოდა პენტარქიის (ხუთმმართველობის) პრინციპს. მსოფლიო კრებებმა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა დოგმატური და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, გამოავლინა ხუთი ავტორიტეტული ქალაქი, რომლებიც რომის იმპერიის მთელ ტერიტორიას მოიცავდნენ: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი თავიანთი დიოცეზებით აერთიანებდა მთელს საქრისტიანოს. დიდი იყო რომის ეკლესიის ავტორიტეტი, როგორც იმპერიის სატახტო ქალაქისა და მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს მოწამებრივი აღსასრულის ადგილისა. მაგრამ ეს იყო ღირსების ავტორიტეტი, როგორც პირველისა თანასწორთა შორის. ერთ-ერთ მსოფლიო კრებაზე დადგინდა, რომ კონსტანტინოპოლი, როგორც ახალი სატახტო, ახალ რომად, ხოლო მისი პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქად წოდებულიყო. ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი რომსა და კონსტანტინოპოლს შორის უთანხმოებას, რაც საბოლოოდ განხეთქილებაში (სქიზმაში) გადაიზარდა. უთანხმოებანი, დაწყებული IX საუკუნიდან, ძირითადად პოლიტიკურ-ორგანიზაციული იყო, რასაც დოგმატური დაემატა. აღმოსავლეთში ყველა ეკლესია თანასწორად ითვლებოდა. ისევე, როგორც ეკლესიის დაარსების დღეს (სულთმოფენობას) ყველა მოციქულს თანაბრად მოეფინა სულიწმიდა, ასევე გაგრძელდა, ტრადიციულად, შემდგომ: ყველა ეპისკოპოსს, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრეები იყვნენ, თანაბარი მადლი ჰქონდა მონიჭებული, სწორედ მადლი და არა ავტორიტეტი. ამის გამო არც ერთ ეკლესიას არ შეეძლო მეორის დამოძღვრა ჭეშმარიტებაში. თუ რამ დოგმატური გადაწყვეტილება იყო მისაღები ან დასაზუსტებელი, ყველანი იკრიბებოდნენ მოციქულთა კვალად და მიაჩნდათ, რომ მათზე კვლავ გადმოდიოდა სულიწმიდის მადლი. ეს ტრადიცია გაგრძელდა მსოფლიო კრებებზე, რაც წმიდაწყლის აღმოსავლური მოვლენა იყო ქრისტიანობის ისტორიაში.

ამასთან ერთად, პენტარქია, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თანდათან დაკარგა აქტუალობა, საფუძვლად დაედო ეკლესიათა ორგანიზაციული დამოუკიდებლობის (ავტოკეფალობის) პრინციპს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკლესიის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებს დაემთხვა, რასაც ჰქონდა და აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დამოუკიდებელი ქვეყანა - დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესია, სხვანაირად რომ ვთქვათ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ სახელმწიფოში გაბატონებული პოზიცია დაიკავა: გახდა სახელმწიფო რელიგია, ანუ მოექცა სახელმწიფოს (სამეფო სახლის) მეურვეობის ქვეშ. ამგვარ ვითარებაში სასიკეთო ის იყო, რომ ეკლესიამ მყუდრო თავშესაფარი პოვა ხელისუფლების ჩრდილქვეშ, რამაც შესაძლებლობა მისცა, ხელისუფლების დახმარებით, დაუბრკოლებლად დაენერგა ქრისტიანული მოძღვრება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელი შეეწყო ეროვნული ენის, მწიგნობრობის, არქიტექტურის განვითარებისთვის. საქართველოს მაგალითზე ეს მეტად თვალსაჩინოა. რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, ეკლესიის მოწყობას ნაციონალურ საფუძველზე (ერთი ხალხი - ერთი ეკლესია, ერთი ხალხის ეკლესია) მოჰყვება იმ პრინციპის დარღვევა, რომელიც პავლე მოციქულმა გამოთქვა: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი.... თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3: 28). ეკლესიის კათოლიკეობას (როგორც მთლიანობის, ისე საყოველთაობის აზრით) უპირისპირდება ე.წ. ფილეტურობა ანუ ეკლესიის გააზრება და მოწყობა ეთნიკური პრინციპით, საბოლოო საზრისით - ბერძნული ეკლესია, ქართული ეკლესია, რუსული ეკლესია და ა.შ.

ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყნებია: საქართველო, რუსეთი, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია თხუთმეტი ავტოკეფალური და ოთხი ავტონომიური ეკლესიის იურისდიქციით დღეს მთელ მსოფლიოშია განფენილი.

RvTismSoblis miZineba.jpg
ავტოკეფალური ეკლესიები

ავტოკეფალური ეკლესიებია:

1. კონსტანტინოპოლის (კათედრა კონსტანტინოპოლში ანუ სტამბოლში),
2. ალექსანდრიის (კათედრა ალექსანდრიაში),
3. ანტიოქიის (კათედრა დამასკოში),
4. იერუსალიმის (კათედრა იერუსალიმში),
5. რუსეთის (კათედრა მოსკოვში),
6. საქართველოსი (კათედრა თბილისში),
7. სერბეთის (კათედრა ბელგრადში),
8. რუმინეთის (კათედრა ბუქარესტში),
9. ბულგარეთის (კათედრა სოფიაში),
10. კვიპროსის (კათედრა ლევკუსიაში),
11. ელადის (კათედრა ათენში),
12. ალბანეთის (კათედრა ტირანაში),
13. პოლონეთის (კათედრა ვარშავაში),
14. ჩეხოსლოვაკიის (კათედრა პრაღაში) და
15. ამერიკის (კათედრა ნიუიორკში).
ავტონომიური ეკლესიები

ავტონომიური ეკლესიებია:

1. სინაის (კათედრა კაიროში),
2. ფინეთის (კათედრა კუიპოში),
3. იაპონიის (კათედრა ტოკიოში),
4. ესტონეთის (კათედრა ტალინში).

იერარქია

მართლმადიდებელ საეკლესიო სამყაროს არ ჰყავს ერთი მეთაური მიწიერი იერარქის (ეპისკოპოსის, პატრიარქის, პაპის) სახით. ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურები პატრიარქებია (ან მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები), რომლებიც ორგანიზაციულად სრულიად დამოუკიდებელნი არიან და სხვა რომელიმე ეკლესიისგან ჩაურევლად მართავენ მათდამი რწმუნებულ ეკლესიას. არის ერთიანობა არა ორგანიზაციული, არამედ ევქარისტიული და დოგმატური. ეს არის ქრისტეს მოძღვრება, რომელსაც ინახავს ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ ნომინალურად, ტრადიციის ძალით ატარებს ამ ტიტულს (როგორც ღირსებას) და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ავტორიტეტს დოგმატურ საკითხებში.

მართლმადიდებლური მოძღვრებით ეკლესიის თავია ქრისტე. საეკლესიო იერარქიის ავტორიტეტი დაფუძნებულია ეკლესიის თავის - იესო ქრისტესგან მომდინარე უწყვეტ ხელდასხმაზე მოციქულთა ხანიდან დღემდე. მიუხედავად ადგილობრივი და ისტორიის განმავლობაში წარმოქმნილი განსხვავებებისა, ეკლესიის მმართველობის პრინციპი არ შეცვლილა. ეკლესიის მსახურის ხარისხი განიზომება ეკლესიის ძირითად საიდუმლო ქმედებაში - ევქარისტიაში მონაწილეობის ხარისხით.

საეკლესიო იერარქია სამ ხარისხად განიყოფება: 1. ეპისკოპოსობა, 2. მღვდლობა, 3. დიაკვნობა.

ეპისკოპოსის ხარისხი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ღირსება (ტიტული) მიენიჭება მას - მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტის (დიდი ქალაქის ეპისკოპოსი) თუ პატრიარქის (ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური). ეპისკოპოსობა საეკლესიო იერარქიის უმაღლესი საფეხურია (ხარისხია), რომლის პრეროგატივებია: ლიტურგიის აღსრულება, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა, წმიდა მირონის კურთხევა, მირონცხების აღსრულება, ტაძრების კურთხევა და სატფურება. ეპისკოპოსები მონაწილეობენ პატრიარქის კურთხევაში. ეპისკოპოსს ემორჩილება მის საეპისკოპოსოში (ეპარქიაში) შემავალი ეკლესიები, სასწავლებლები, მონასტრები. ეპისკოპოსად კურთხევის აუცილებელი პირობაა უქორწინებლობა - ეპისკოპოსი შავი სამღვდელოებიდან უნდა იყოს, ანუ - ბერი. მღვდელს ხელდასხმის შემდეგ ენიჭება ლიტურგიის აღსრულების, აღსარების მიღების, ცოდვათა მიტევების (ქრისტეს სახელით), ზიარების გაცემის, წესის აგების, ქრისტიანულ ზნეობაში დამოძღვრის, ქადაგებისა და სწავლების უფლება.

დიაკვანი მღვდელმსახურების დაბალი საფეხურის წოდებაა. იგი დამოუკიდებელი ხარისხია და არ გულისხმობს მომდევნო საფეხურად მღვდლობას (როგორც ხშირად ფიქრობენ). დიაკონოს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მომსახურეს“. დიაკვნის მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურგიისა და სხვა საიდუმლოებების (ნათლობა, ქორწინება, წესის აგება...) აღსრულებაში. მას აქვს საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის უფლება. დიაკვანს ევალება, ასევე, სამეთვალყურეო სამსახური, ეკლესიაში წესრიგისთვის თვალის დევნება.

მოძღვრება

მიუხედავად საღვთისმეტყველო აზრის ინტენსიური მუშაობისა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში (განსაკუთრებით ალექსანდრიაში) და ბრწყინვალე ღვთისმეტყველთა არსებობისა (კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი, გრიგოლ პალამა...), არ ყოფილა მცდელობა სისტემატური სახე მისცემოდა მოძღვრებას - ამის საჭიროება თითქოს არ იყო, რამდენადაც მოძღვრების ძირითადი უბნები (ქრისტოლოგია, ტრიადოლოგია...) ცალკეულ დოგმატებად ქვეყნდებოდა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა სახით. ეს საკმარისი იყო. მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ მთლიან მოძღვრებას, რომელიც დოგმატთა შინაგან კავშირებზე იყო დაფუძნებული, ეკლესიის შეგნება ინახავდა და ინახავს და სრულებითაც არ საჭიროებს სისტემატიზაციას, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთში თომას აქვინელმა გააკეთა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრადიციულად მართლმადიდებელ ეკლესიაში დოგმატური გადაწყვეტილებების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობაა სავალდებულო თითოეული მისი წევრისთვის. ეს მინიმუმი შეიცავს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს, რომელიც იკითხება ნათლისცემისა და ლიტურგიის დროს და შვიდი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებებს. თუმცა მთელი მოძღვრება ამით არ ამოიწურება, მაგრამ რწმენის ბევრი ფაქტი, მიუხედავად მათი უაღრესი მნიშვნელობისა, დოგმატად არ ჩამოყალიბებულა (მაგ., წმიდანთა თაყვანისცემა, მოძღვრება საიდუმლოთა შესახებ, ესქატოლოგია და სხვ.). აღმოსავლელ (ბიზანტიელ) ღვთისმეტყველთა თითქმის ყველა შრომა დაწერილია როგორც კერძო პასუხი იმ შეხედულებათა საპირისპიროდ, რომლებიც, მათი რწმენით, ამახინჯებდა ძირითად დოგმატებს, როგორიც არის განხორციელების ან სამების საიდუმლო. სისტემატიზაციის პრეცედენტი იყო იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ (VIII ს.), მაგრამ მოგვიანებით, როცა XVII-XVIII ს.ს.-ში საჭიროებამ მოითხოვა მართლმადიდებლობას გამოეთქვა თავისი დოქტრინალური ჭეშმარიტებები სისტემის სახით დასავლური ქრისტიანობის წინაშე, დამასკელის შრომა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან იგი არ მოიცავდა მთლიან მოძღვრებას, მოძღვრების ყველა უბანს. ვერც ამ საჭიროების ხანაში, როცა დრომ მოითხოვა მართლმადიდებლობა კათოლიკური სამყაროსა და პროტესტანტული ეკლესიების წინაშე გამოსულიყო თავისი ჩამოყალიბებული საერთო, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მისაღები დოქტრინით, ეს ამოცანა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. დღემდე არ არსებობს მართლმადიდებელი მოძღვრების ერთიანი გადმოცემა, სადაც ყველა პრობლემაზე ზუსტი პასუხი იქნებოდა გაცემული. ეს არამც და არამც არ არის დოქტრინის ნაკლი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის სისტემატიზაცია შეიძლება, მაგრამ არსებობს რეალობა, რომლის სისტემატიზაცია ვერ ხერხდება მისი შინაგანი არსის დაუზიანებლად. მართლმადიდებელი თეოლოგიის პრინციპი, რომელიც გამოსჭვივის ეკლესიის ყველა მასწავლებლის ნაწერებიდან, შეიძლება ამ ერთი ფრაზით გამოიხატოს: ერთადერთი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ღვთის ბუნების შესახებ არის ის, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ეს არის მართლმადიდებლური თეოლოგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი აპოფატიკის ანუ ნეგატიური ღვთისმეტყველების პრინციპი: ღმერთზე უმჯობესია ითქვას, რა არ არის იგი. ღმერთი ყველა განსაზღვრებასა და სახელწოდებაზე განუზომლად მაღლა დგას. როგორც დიონისიოს არეოპაგელი წერს, ღმერთი არ არის არც გონება, არც სიტყვა, არც აზრი, არც სიდიდე, არც ძალა, არც სინათლე, არც სიცოცხლე, არც დრო, არც მარადისობა და ა.შ. უსასრულოდ, რადგან თავად ღმერთის ბუნებაა უსასრულო. ყოველი განსაზღვრება საზღვარს უდებს უსასრულობას. ამრიგად, ღმერთი ვერ იქნება შემეცნების საგანი (რამდენადაც საგანიც კი არ არის). ღმერთი პრინციპულად შეუცნობელია. თუ რამ შეცნობილია მასში, ეს მისი შეუცნობლობაა. შესაბამისად, შემეცნება (იგივე ღვთისმეტყველება) უსასრულო გზაა, ღვთისმეტყველი (თუნდაც, უბრალოდ ქრისტიანი ადამიანი) მგზავრია ამ დაუსრულებელ გზაზე. ღვთის შემეცნების კიბეზე არ არსებობს უკანასკნელი საფეხური. დასრულებულ სისტემაში მოქცეული ღმერთი აღარ არის ღმერთი. პრინციპულად, ქრისტიანული მოძღვრება არ შეიძლება დასრულდეს შემეცნებაში ღვთის ჭეშმარიტი ბუნების დაუზიანებლად.

NaTlisReba 1.jpg

საღვთო საიდუმლონი

მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი ძირითადი საიდუმლო სრულდება:

1) ნათლისღება. ძირითადი აქტი, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტიანად ანუ ქრისტეს ეკლესიის შვილად ითვლება, არის ნათლობა, მაგრამ ნათლობის რიტუალს უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახლადმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს (მოძღვრებას წმიდა სამებაზე, ეკლესიაზე და სხვ.), სწავლობს მრწამსს („მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა...“), ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამგზის ჩაღრმავებით ან, თუ ამის საშუალება არ არის, წყლის სამგზის სხურებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წყალი არსად არის, ხოლო ნათლისცემა გადაუდებელია (სიკვდილის სარეცელზე), ქვიშის მეშვეობით. ნათლისცემის პრეროგატივა ეკუთვნის ხელდასხმულ მღვდელს, რომელსაც ეძლევა სამების სახელით ნათლისცემის უფლება. თუ მღვდელი არ არის, ხოლო ნათლისღება აუცილებელია (სიკვდილის სარეცელზე), ნათლობის ჩატარება შეუძლია საერო პირსაც, მაგრამ ამგვარად მონათლულის გადარჩენის შემთხვევაში მღვდელმა სრული წესით უნდა აღასრულოს ნათლისცემა. ნათლისღებისას ნათელღებული ღვთის წყალობით განიწმიდება ადრე ჩადენილი ცოდვებისგან და ამიერიდან იგი ქრისტეს ეკლესიის შვილად (წევრად) ითვლება, მაგრამ ნათელღებულმა ქრისტიანული წესით ცხოვრებით უნდა შეინარჩუნოს ეს სიწმიდე. ნათლისღება მეორედ დაბადებაა, სულიერი შობაა და იგი მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში (მრწამსში ნათქვამია: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა...“).
2) მირონცხება. წმ. მირონის ცხება ხდება ნათლობის შემდეგ, რაც ანიჭებს ნათელღებულს სულიწმიდის მეშვეობით სასიცოცხლო ძალას, სულიერ ზრდასა და განმტკიცებას ღვთის რწმენაში. მირონცხება უშუალოდ მოსდევს ნათლობას და აღიქმება ნათლობის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ის დამოუკიდებელი საიდუმლოა.
3) ზიარება ანუ ევქარისტია. ყოველი ქრისტიანი - სამღვდელო და ერისკაცი - ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს პურისა და ღვინის სახით, ამით იგი მისტიკურად მონაწილეობს საიდუმლო (უკანასკნელ) სერობაში, როცა ქრისტემ გაუნაწილა მოციქულებს თავისი უკვდავი სიცოცხლე. „ესე არ ხორცი ჩემი მრავალთათვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა; სვით, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა“. პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება წმიდა სულის მოხმობით (ეპიკლესისი). რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებლი, არ არის განსაზღვრული.
4) აღსარება. ქრისტიანი პერიოდულად აღიარებს ცოდვებს მღვდლის წინაშე, რომელიც მას მიუტევებს იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის სახელით.
5) ქორწინება. წყვილის შეუღლება რომ სულიერად კანონიერი იყოს, იგი საჭიროებს კურთხევას, რომლის პრეროგატივა ეკლესიას ეკუთვნის: მღვდელი, ეკლესიის სახელით, აკურთხებს საქორწინო გვირგვინს. რასაც ის შეკრავს, ზეცაშიც შეკრული იქნება.
6) ზეთის კურთხევა. ეს საიდუმლო აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულისა და სხეულის საკურნებელად და იმ ცოდვების მისატევებლად, რომლებიც უღიარებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს.
7) მღვდლობა. საიდუმლო, რომელსაც ასრულებს მღვდელმთავარი რომელიმე პირის მიმართ, რომელიც განწესებულია საეკლესიო იერარქიის რომელიმე საფეხურისთვის (საეპისკოპოსოდ, სამღვდელოდ თუ სადიაკვნოდ). სულიწმიდის მადლით პირი სულიერად უფლებამოსილი ხდება ასწავლოს ქრისტიანული ჭეშმარიტებები, აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებები და ზნეობრივად დამოძღვროს მრევლი, ქრისტეს სამწყსო.
წმინდა ბასილი დიდი

ეკლესია და ტაძარი

მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი - ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).

თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკა-ხომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს - სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).

ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები.

ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების - წირვა-ლოცვის დაწყებას.

წმიდანების თაყვანისცემა

ეკლესია წმიდანებად შერაცხავს სარწმუნოებისთვის წამებულთ და ეკლესიისთვის განსაკუთრებულად ღვაწლმოსილ ადამიანებს - მათი ნეშტები თაყვანისცემის საგნებია, ისინი დაცულია ეკლესია-მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ.

ქრისტიანული ეკლესიის უპირველესი წმიდანი ღვთისმშობელია, რომელიც ყოვლად წმიდად იწოდება. ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი, არის ყოველი ქრისტიანის, ვინც კი მას ლოცვისას მიმართავს, მეოხი მისი ძის წინაშე. მარიამის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის, თაყვანისცემა ქრისტიანულ ეკლესიასა და საზოგადოებაში უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ საბოლოო დოგმატური განსაზღვრება ეფესოს კრებაზე (431 წ.) მიიღო, როგორც შედეგმა ქრისტეს ორბუნებოვნობის აღიარებისა.

მართლმადიდებლური რწმენით, წმ. მარიამი არ არის მხოლოდ საშუალება ღვთის ძის შობისა, მისი პატივი დამოუკიდებელი პატივია, როგორც ადამიანისა, რომელმაც შეგნებულად, უყოყმანო და უეჭველი რწმენით იტვირთა ეს საკაცობრიო ამოცანა, ღვთაებრივი განგების აღსრულება, ადამიანურად მძიმე, რადგან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის სულში გაივლიდა მახვილი (ლუკა, 2:35), იგულისხმება მისი ძის აღსასრული ჯვარზე.

მოწამენი ისინი არიან, ვინც თავიანთი სიცოცხლით (სისხლით) დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. მოწამენი დევნილების ხანიდან ჩნდებიან ეკლესიის ცხოვრებაში და მათმა მოწამებრივმა სიკვდილმა განამტკიცა რწმენაში ეკლესია. რომ არაფერი ვთქვათ რომში წამებულ მოციქულებზე (მოციქულთა თავად წოდებულებზე) პეტრესა და პავლეზე, მოწამეთა შორის გამორჩეულნი და განსაკუთრებულად პოპულარულნი არიან დიდმოწამენი: ძლევამოსილი წმ. გიორგი, კაბადოკიელი მხედარი, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამა (303 წ.) და ქალწული ბარბარე (თითქმის იმავე დროს).

წმიდანთა შორის არიან აღმსარებელნი, რომელნიც თუმცა იტანჯნენ სარწმუნოებისთვის, მაგრამ გადარჩნენ. ასეთია VI საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც გადასახლებაში (კერძოდ, ლეჩხუმში) დაასრულა სიცოცხლე.

წმიდანები მოიხსენებიან ქრისტიანის მიერ ყოველდღიურ ლოცვებში, მლოცველი შესთხოვს მათ მეოხებას მამაღმერთისა და ქრისტეს წინაშე. არსებობენ საყოველთაო (მსოფლიო) ეკლესიის წმიდანები და ადგილობრივი ეკლესიების (საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის...) წმიდანები.

საყოველთაო წმიდანებია: მოციქულნი, რომელთაგან უმეტესობამ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე; ძველი აღთქმის პატრიარქები; ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი, რომელთა ღვაწლმა სიწმიდე შეუნარჩუნა ეკლესიას, რომელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ქრისტიანული მოძღვრება.

ეკლესიის რწმენით, წმიდანთა სულიერი ძალის აქტივიზაცია განსაკუთრებით საღვთო ლიტურგიის პროცესში ხდება: ისინი უსხეულო ძალებთან (ანგელოზებთან) ერთად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში, ეკლესიის კედლებიდან გადმომყურე მათი ხატები მდუმარედ ესწრებიან ლიტურგიას.

ხატების თაყვანისცემა

მართლმადიდებელი ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების ხატების გარეშე. ისევე, როგორც სახარებები სიტყვიერად გადმოსცემენ იესოს, ღმერთკაცის მიმოსვლას მიწაზე, მის მიწიერ ცხოვრებას, ასევე ხატები სახიერად წარმოგვიდგენენ მას.

ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატი და საიდუმლო, რაც, პრინციპში, ღვთის განხორციელება-განკაცების სიდუმლოა, საფუძვლად უდევს და ამართლებს ხატის არსებობას (შესაძლებლობას). ამავე დროს ხატი, თავის მხრივ, ადასტურებს განხორციელების საიდუმლოს.

ხატმობრძოლეობამ, რომელიც მთელი საუკუნენახევარი გრძელდებოდა მთელ ქრისტიანულ იმპერიაში (საქრისტიანოში), ღვთისმეტყველები აიძულა ხატებისთვის მეტაფიზიკური გამართლება მიეცათ. ხატების საზრისისა და მნიშვნელობის დასაბუთება იოანე დამასკელს (650-730) ეკუთვნის, რომელმაც პირველმა შეადგინა მართლმადიდებელი (სწორი) სარწმუნოების მოკლე კატეხიზისი. იმდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი სამყაროსთვის ხატების თაყვანისცემა, რომ მისი აღდგენის თარიღი (843 წ.) მართლმადიდებლობის ზეიმის სახელწოდებით არის შესული საეკლესიო კალენდარში (აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას).

VII მსოფლიო კრებამ ამგვარად შეაფასა და გამოხატა ხატების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება: „ჩვენ უცვლელად ვინახავთ ყველა საეკლესიო გადმოცემას, წერილობით იქნება თუ არაწერილობით. ერთ-ერთი მათგანი გვავალებს შევქმნათ ფერწერული ხატები, რადგან ეს ეთანხმება სახარებისეულ ქადაგებას, ადასტურებს, რომ ქრისტე ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად განკაცდა...“

ხატი, პორტრეტისგან განსხვავებით, არ გამოხატავს ადამიანის მიწიერ მდგომარეობას ან მის ფსიქოლოგიას, თუნდაც სიღრმისეულ შინაგან სამყაროს. ხატი წარმოგვიდგენს წმიდანის განღმრთობილ სახეს სულიერი სხეულით, რომელსაც აღარ ეკარება სიკვდილის ხრწნილება. ხატი გამოხატავს წმიდანის ისეთ სახეს, როგორსაც მკვდრეთით აღმდგარი და მარადიულობას ნაზიარები ადამიანები შეიმოსავენ. ხატის სივრცეც არ არის ჩვეულებრივი, აქტუალური, სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც მოკვდავნი იმყოფებიან. მას არა აქვს უკანა პლანი, არ ჩანს სიღრმე, რაშიც რაიმე დაფარული იქნება, რაც აბსოლუტური ცოდნის განცდას ქმნის. ხატზე ყველაფერი ჩანს ერთდროულად, როგორც მარადისობაში, ანუ დრო სივრცედ არის ქცეული და ყველა დრო ერთჟამობაშია მოცემული, როგორც ერთი მარადიული წამი. ხატს არ ახასიათებს პერსპექტივა, როგორც ჩვეულებრივ ნახატს. ყველაფერი - ახლობელი და შორეული საგნები წინა პლანზეა. ხატზე არ ჩანს გარეგანი შუქის წყარო, რომელიც ჩრდილებს დააფენდა საგნებზე. ყველაფერი დაუსაბამო ღვთიურ ნათელშია განზავებული, როგორც ესაიას აქვს ნათქვამი მომავლის წინასწარმეტყველებაში: „აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება აღარ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი შენ დიდებად“ (ეს. 60:19).

ამრიგად, ხატზე გამოსახული წმიდანი და მის წინაშე მლოცველი სხვადასხვა განზომილებაში იმყოფებიან: განღმრთობილი წმიდანი სულიერად გარდაქმნილ სამყაროდან ეპასუხება მლოცველს, როგორც შუამავალი ამ წუთისოფელსა და ღვთის სასუფეველს შორის. ხატის საზრისი არის ლოცვა, ხოლო ლოცვა, თავის მხრივ, საიდუმლო რიტუალია.

ამიტომ არავითარი საერთო ხატებს რელიგიური შინაარსის მხატვრობასთან არა აქვს. ეკლესია არ უარყოფს რელიგიურ მხატვრობას, მაგრამ მას არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან მას არანაირი კავშირი არა აქვს ლოცვასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ფუნქცია აქვს. მის უკან არავითარი მეტაფიზიკური სინამდვილე არ არის.

ჩვეულებრივ, ეკლესიის კედლები მოხატულია ძველი და ახალი აღთქმის სცენებით გარკვეული წესის მიხედვით: გუმბათზე გამოსახავენ ქრისტე პანტოკრატორს (ყოვლისმპყრობელს) გადაშლილი წიგნით ხელში განკითხვის დღეს, საკურთხევლის აფსიდზე - ღვთისმშობელს ყრმით ხელში, როგორც ხიდს მიწასა და ცას შორის, საკურთხევლის კედლების ზემო რეგისტრზე ანგელოზებს, ქვემოთ - მოციქულებს, ეკლესიის მამებს - გრიგოლ ღვთისმეტყველს, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს; კანკელზე ღვთისმშობლის, ქრისტეს და მთავარანგელოზთა ხატებია განლაგებული. დასავლეთის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა.

ფრესკებს არა აქვთ იგივე დანიშნულება, იგივე ღირსება, სიწმიდე და ძალა, რაც ხატებს. ისინი დამხმარე საშუალებებია წმიდა წერილის გასაგებად და გასახსენებლად. ამბობენ, ფრესკები წერაკითხვის უცოდინართა ბიბლია არისო. მართლაც, უბირი ადამიანები წარმართობის წრიდან ხატების მეშვეობით უკეთ ხვდებოდნენ განკაცების საიდუმლოებას, ვიდრე წიგნიდან. ამიტომაა, რომ ხატები და, საზოგადოდ, საეკლესიო ხელოვნება ასრულებდა მორწმუნეთა რწმენაში განმტკიცების ფუნქციას.

ხატების გარდა, ყოველ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას საერთო და თავისი სიწმიდეები (მაგ., ღვთისმშობლის ხალენი, იოანე ნათლისმცემლის მუხლისთავი), ასევე სათაყვანო წმიდა ადგილები აქვს (იერუსალიმი, სინას მთა, ათონის მთა, მცხეთა).

ღვთისმსახურება

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტურგიებს შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს სამი სახის ლიტურგია სრულდება: იოანე ოქროპირის (მთელი წლის განმავლობაში), ბასილი დიდის (მხოლოდ დიდმარხვის კვირადღეებში) და გრიგორი რომის პაპისა პირველშეწირულის წირვის სახელწოდებით (დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს). ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზოგიერთ ლოცვაშია. პირველშეწირული ლიტურგია თავისებურია: ამ დროს არ ხდება ხორცისა და ღვინის გარდაარსება, მორწმუნენი წინა კვირას შეწირულს ეზიარებიან, რადგან დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს ძღვენი არ შეიწირება.

უძველესი ლიტურგიებიდან იაკობის ლიტურგია აღსრულდება იერუსალიმის ეკლესიაში წელიწადში ერთხელ.

ლიტურგიის, ანუ სხვანაირად, ჟამისწირვის საბოლოო მიზანია ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, ანუ ევქარისტია, და იგი სამ ნაწილად განიყოფება. პირველ ნაწილში, რომელსაც პროსკომიდია (ბერძნ. „მომზადება“) ეწოდება, ხდება შემოწირული პროსფორების (საფუვრიანი პურის კვერების) კვეთა. ამ დროს იკითხება დასაწყისის და მოსამზადებელი ლოცვები. მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, იგი მთავრდება სამოციქულოსა და სახარების კითხვით, რასაც კათაკმეველნიც ისმენენ (ძველად უშუალოდ სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამდა ქადაგებას წაკითხულის თემაზე. ახლა ეს ნაწილი გადატანილია ლიტურგიის ბოლოს). მღვდლის ძახილზე „კათაკმეველნო, განვედით!“, კათაკმეველნი გადიან ეკლესიიდან, რადგან მათ არა აქვთ უფლება დაესწრონ მართალთა ლიტურგიას, როცა სრულდება ჟამისწირვის გადამწყვეტი საიდუმლო - კვეთილი პროსფორებისა და შემოწირული ღვინის გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად. საკუთრივ ევქარისტიის საიდუმლო ქმედება (რიტუალი) იწყება „რომელნი ქერუბიმთას“ საგალობელით, რომელიც მოუწოდებს მღვდელმსახურთ აღივსონ ღვთის შიშით და დაუტეონ ყველა ამქვეყნიური ზრახვა და საზრუნავი და ქერუბიმებს (ანგელოზთა უმაღლესი დასი) მიმსგავსებულნი შეუდგნენ მსახურებას. პურისა და ღვინის საიდუმლო (უხილავი) გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება საკურთხეველში სულიწმიდის მოხმობით (ეპიკლესისი).

წმიდა ნაწილს ჯერ სამღვდელონი ეზიარებიან დახურულ საკურთხეველში. შემდეგ მღვდელს წმიდა ნაწილი ბარძიმ-ფეშხუმით გამოაქვს აღსავლის კარიდან ტაძარში და აზიარებს მრევლს. ბარძიმ-ფეშხუმის წმ. ტრაპეზზე გადაბრძანების შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს ქადაგებას, განმარტავს რა სახარების საკითხავს და ილაპარაკებს წმიდანის ღვაწლზე, რომელსაც ახსენებს იმ დღეს ეკლესია, დამოძღვრავს მრევლს, ამთხვევინებს ჯვარზე და დაითხოვს.

მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ქმედებაში წარმოგვიდგენს ქრისტეს გზას შობიდან აღდგომამდე და მის მოძღვრებას. მისი არსის გამოსახატავად შეგვიძლია გავიმეოროთ II-III საუკუნეების ღვთისმეტყველ ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომ „ჩვენი მოძღვრება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ევქარისტია კი თავის მხრივ ადასტურებს მოძღვრებას“.

დღესასწაულები

ამ ეტაპზე მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა (იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიების გამოკლებით) საღვთისმსახურო პრაქტიკაში ახალ სტილს (გრიგორიანულ კალენდარს) იყენებს, მაგრამ აღდგომის თარიღს ძველი, იულიანური კალენდრით ადგენს.

საკუთრივ საეკლესიო წელიწადი იწყება 1 სექტემბერს (ახალი სტილით 14 სექტემბერს). საეკლესიო წელიწადი შედგება ყოველდღიური ღვთისმსახურებისგან და დღესასწაულებისგან. მთელი წლის განმავლობაში ეკლესია იხსენებს წმიდანებს, თითოეულ მათგანს თავისი დღე აქვს განკუთვნილი. დღესასწაულები დაწესებულია:

1) ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ხდომილებების (შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება, ფერისცვალება) აღსანიშნავად,
2) ღვთისმშობლის თაყვანსაცემად (შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მიძინება...),
3) უსხეულო ძალთა (ანგელოზთა და მთავარანგელოზთა) და
4) წმიდანთა თაყვანსაცემად,
5) ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების სამახსოვროდ (სულთმოფენობა, ჯვართამაღლება, მსოფლიო კრებები და სხვა მოვლენები).

ლოცვა

ლოცვას წმიდა მამები „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას“ უწოდებენ, ანუ ლოცვა ქრისტიანული მოძღვრების ერთგვარი გამოხატულებაა. ლოცვა არ არის მხოლოდ მონოლოგი მლოცველისა, ლოცვაში უფლის პასუხიც მონაწილეობს. მართლმადიდებლისთვის ლოცვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დღეში ორჯერ მაინც (დილით ადგომისას და საღამოთი, ძილის წინ) ლოცულობს ხატებისა და ანთებული სანთლის წინ. დაწესებულია ლოცვები ასევე ყოველი საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, საზრდელის მიღების წინ და საზრდელის მიღების შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ლოცვა ეფრემ ასურისა სინანულისთვის და სხვა შემთხვევებისთვის. დილის ლოცვებში მლოცველი ავედრებს იესო ქრისტეს სამოციქული ეკლესიას, ღვთივ დაცულ ერს, საეკლესიო იერარქიას, თავის მოძღვარს, თავის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, მოხუცებულთ და ყრმათ, დავრდომილებს, ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფთ, ქრისტიანობის გამო დევნილთ; მლოცველი წყალობას გამოითხოვს უფლისგან თავისი მაჭირვებლებისთვის, რომლებიც უსჯულოებას სჩადიან მის მიმართ, ევედრება მას არ დასაჯოს ისინი, არამედ მოაქციოს სიკეთისკენ. მლოცველი არ ივიწყებს მართლმადიდებლობის უარმყოფელთ და შესთხოვს უფალს, მოაქციოს ისინი. მლოცველი ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისთვის - მშობლები და ღვიძლი ნათესავები იქნებიან თუ ახლობელ-მეგობრები. ყოველ მლოცველს, ჩვეულებრივ, თავის შესავედრებელთა სია აქვს და მათ ჯანმრთელობას თუ სულის განათლებას შეავედრებს უფალს.

მონასტრები და ბერმონაზვნობა

ბერმონაზვნური და სამონასტრო ცხოვრება მართლმადიდებლობის მუდმივი თანამდევია. მისი ტრადიციულობა და ერთგულება ადრექრისტიანული ხანისადმი ამაშიც გამოიხატება.

ბერმონაზვნობის განსაკუთრებით განდეგილური სახე გამოწვეული იყო მრავალწილად იმ გარემოებით, რომელიც შეიქნა ეკლესიაში ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და მისთვის პრივილეგიების მინიჭების შემდეგ და, საზოგადოდ, მისი ტრიუმფის პირობებში. ჭეშმარიტ რწმენასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივებით ერობა მოაწყდა ეკლესიას და სეკულარიზაციის საფრთხე შეუქმნა მას. აზრიც გავრცელდა, რომ წუთისოფელში ხსნა შეუძლებელი იყო და მორწმუნე უნდა გასცლოდა ამ სოფელს. გაჩნდა ამ წუთისოფლის ცოდვილობის გამძაფრებული განცდა.

ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, გაუჩნდა მოთხოვნილება, მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ასკეტური და მჭვრეტელობითი მოღვაწეობისთვის განდგომილებასა და მარტომყოფობაში. ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლს, ქალაქს, მშობლებს, ნათესავმეგობრებს და უკაცრიელ ადგილებში, უდაბნოებში, გადახვეწილნი მთელ ცხოვრებას თავიანთი სულისა და ყველა ადამიანის სახსნელად ლოცვა-ვედრებაში ატარებენ. ბერმონაზვნობა რამდენიმე ტიპისაა. არიან განდეგილნი და მარტომყოფნი, დაყუდებულნი; არიან საზოგადოებებად გაერთიანებულნი, რომლებიც ემორჩილებიან სამონასტრო ცხოვრების კანონს. ასკეტიზმი აქ ნაკლებია, სამაგიეროდ, ისინი ეწევიან როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას (ხელნაწერთა გადაწერა, ხატწერა და სხვ.), ასევე ქველმოქმედებას. დროთა ვითარებაში მონასტრები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა.

ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე.წ. შავ სამღვდელოებად საპირისპიროდ თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება.

ბიზანტიაში ბერმონაზვნობას ხალხში მეტი ავტორიტეტი ჰქონდა, ვიდრე თეთრ სამღვდელოებას, ისინი იყვნენ ყოველთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანული სამართლიანობის, სულიერი სიწმიდისა და ზნეობის დამცველნი, რის გამოც, არცთუ იშვიათად, კონფლიქტი მოსდიოდათ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებასთან, რაც ბევრი მისი წარმომადგენლისთვის ტრაგიკულად მთავრდებოდა ხოლმე.

ქრისტიანული მართლმადიდებლური კულტურა

წარსულში მართლმადიდებლურ ხელოვნებას, როგორც გარკვეული ტიპის რელიგიური კულტურის გამოხატულებას, ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვი როგორც ელიტარულ, ისე ხალხურ ყოფაში. საუკუნეთა განმავლობაში მან ბევრი მხატვრული ძეგლი დატოვა ხელოვნების ძირითად დარგებში (ხუროთმოძღვრება, მწერლობა, ფერწერა, მუსიკა), რაც, თავისთავად, კულტურის დიდი მონაპოვარია.

მიუხედავად ამისა, დაწყებული ხუროთმოძღვრებით და მხატვრობით დამთავრებული, მართლმადიდებლური ხელოვნება თავისი არსით საკრალურია, კერძოდ, ლიტურგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების დარგები, რომლებიც კი შეიძლება გამოყენებული იქნენ ღვთისმსახურებაში, ემსახურებიან ერთ რამეს - ღვთაებრივი სინამდვილის, ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა თუ საიდუმლოთა თვალსაჩინოებას, ლიტურგიის პროცესში მისი სიღრმეების წვდომას. არქიტექტურა ეკლესიის შენობის გარე და შიდა სივრცის მოწყობით უზრუნველყოფს ღვთისმსახურებისთვის სათანადო ატმოსფეროს შექმნას (ცის ჩამოტანას მიწაზე). ნებისმიერი ტიპის (ბაზილიკა, ჯვარგუმბათოვანი...) მართლმადიდებლური ეკლესია სხვადასხვაგვარად გამოხატავს ღვთის სახლის, განკაცების, ღვთის მიწაზე მყოფობის და, ზოგადად, მატერიის განსულიერების იდეას. ეკლესიის შიდა სივრცეში არაფერია ისეთი (ფრესკების ჩათვლით), რომელიც არ ატარებდეს სიმბოლურ მნიშვნელობას, რაც, თავისთავად, კულტურის (თუ ხელოვნების) უმაღლესი გამოხატულებაა. სიმბოლურია ლიტურგიის ყოველი ეპიზოდი, სიმბოლურია შესამოსელით შემოსილ მღვდელმსახურთა ყოველი მოქმედება, შესვლაგამოსვლა, ხმის თანაბარზომიერად ამაღლება და დაწევა. სიტყვიერ ტექსტს, რომელიც შეადგენს ლიტურგიის ლოგოსურ სხეულს, შექმნილს წმიდა წერილისა და საკრალური ტექსტებისგან, თან ახლავს გალობა, რომელსაც თითქოს (საკმევლის კვამლთან ერთად) გუმბათზე გამოსახულ ქრისტემდე მიაქვს კრებულის ლოცვა-ვედრება. სიტყვას, რომელიც ლიტურგიის გულისგულია, ენაცვლება ხატებისა და ფრესკების უსიტყვო მეტყველება, ისინი განასრულებენ სიტყვით გამოუთქმელ რეალობას.

მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ნივთები - ეკლესიის შენობა იქნება იგი, ჭურჭელი თუ წიგნი - საკრალობით მოსილი ნივთებია, ისინი მაინც გარეგან შემკობას საჭიროებენ ისევ და ისევ მათდამი პიეტეტის ნიშნად. საეკლესიო ხელოვნება აქ იყენებს საერო გამოცდილებას: ეკლესიებს ამკობს ჩუქურთმებით, სხვადასხვა რეალურ თუ მითიურ ცხოველთა გამოსახულებებით, რომელთაც ნაკლებად ან საერთოდ არა აქვთ სიმბოლურ-რელიგიური დანიშნულება, არ გამოხატავენ რელიგიურ ჭეშმარიტებებს. წმიდა წერილის ხელნაწერები იმკობა მინიატურებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაციებია და არამც და არამც თაყვანისცემის ობიექტები, ანუ ხატები. საეკლესიო ჭურჭელი (ბარძიმი, დროშები, სამწერობლები...) მზადდება როგორც ხელოვნების ნიმუშები თავიანთი საგნობრივი და მხატვრული ფორმით. სამღვდელო შესამოსელი იქარგება ოქრომკედით, მშვენდება მცენარეული და აბსტრაქტული ორნამენტებით, რომლებიც დიდებულებას ანიჭებს მას.

საერთო მოძღვრებისა და ლიტურგიული პრაქტიკის მიუხედავად ყოველი ადგილობრივი ეკლესია თავისი კულტურული სპეციფიკით გამოირჩევა, რასაც ზოგჯერ არამარტო ეთნიკური, არამედ რელიგიური ხასიათიც აქვს.

ზურაბ კიკნაძე


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები