ღმრთისმშობლის მიძინება (მარიამობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარიამობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარავაჯო, მარიამის მიძინება

ღმრთისმშობლის მიძინება (მარიამობა) – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება აღინიშნება 15/28 აგვისტოს და მას წინუძღვის ორკვირიანი მარხვა. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის „აღყვანებას“ ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. გარდამოცემა ამბობს, რომ ის გარდაიცვალა არა საკუთარი ნებით, როგორც მისი შვილი, არამედ „ბუნებრივად“, თავისი მოკვდავი კაცობრივი ბუნების გამო, რომელიც განუყოფელია ჩვენი კაცობრივი ბუნებისაგან.

ეკლესია ასწავლის, რომ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს პირადი ცოდვები არ ჰქონდა. თუმცა, დღესასწაულის სახარებაც, საღვთისმსახურო ტექსტებიც და თვით მიძინების ხატიც აცხადებს, რომ ღვთის მშობლისათვის, ისევე, როგორც ყველა ადამიანისათვის, აუცილებელი იყო ქრისტეს მიერი გამოხსნა ამ ქვეყნიერების განსაცდელების, ტანჯვისა და სიკვდილისაგან. და სიკვდილის შემდეგ თავისმა ძემ იგი აღადგინა, როგორც სიცოცხლის დედა, რათა უკვე ახლა მიიღოს მონაწილეობა ღვთის სასუფევლის მარადიულ ცხოვრებაში.

„შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთის მშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა“ (ტროპარი).

„მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთის მშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა“ (კონდაკი).

მწუხრის სტიქარონი იმეორებს მთავარ თემას, რომ სიცოცხლის დედა „მივალს ზეცისა სიხარულად, საღმრთოსა შინა სიხარულსა და საუკუნ ესა საშუებელსა“ ძისა თვისისა“. ძველი აღთქმისეული საკითხავები, ისევე, როგორც მწუხრისა და ლიტურგიის სახარების საკითხავი, ისეთივეა, როგორიც ღვთისმშობლის სხვა დღესასწაულების საკითხავები. მწუხრზე ჩვენ კვლავ გვესმის მისი სიტყვები: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“. ლიტურგიაზე ვისმენთ ფილიპელთა მიმართ ეპისტოლის მონაკვეთს, სადაც პავლე მოციქული საუბრობს, რომ ქრისტემ დაიმდაბლა თავი, მიიღო კაცობრივი მონობის უღელი და სამარცხვინო სიკვდილი, რათა ყოფილიყო მამა ღმერთის მიერ „უმეტესად აღმაღლებული“ (ფი ლიპ. 2:5-11). და კვლავ გვესმის სახარებიდან, რომ კურთხევა, რომელიც მიიღო ღვთის დედამ, ეკუთვნის ყველას, „რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“ (ლუკა, 11:27-28).

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის ყველა საღვთისმშობლო დღესასწაულზე მართლმადიდებელი ქრისტიანები სიხარულით აღნიშნავენ იმას, რაც მათ პირად ცხოვრებაში ხდება ქრისტესა და სულიწმინდაში. ღვთისმშობლის მიერ განცდილი განიცდება ყველასაგან, ვინც ბაძავს მას მის წმინდა ცხოვრებაში სიმდაბლით, მორჩილებითა და სიყვარულით. ყველა, ვინც მისდევს ღვთისმშობლის მაგალითს, მასთან ერთად იქნება „კურთხეული“, რათა გახდეს „უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებითი უზეშთაესსა სერაბიმთასა“. ყველა მათგანში სულიწმინდით იშვება ქრისტე და ყოველი მათგანი იქცევა ცოცხალი ღმერთის ტაძრად. და, ბოლოს, ყველა მათგანი, ვინც ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორითაც დედა ღვთისმშობელმა იცხოვრა, იგემებს ზეციური სასუფევლის მარადიულ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ მართლმადიდებლურ გარდამოცემაში ის ხატი, რომელზედაც გამოსახულია ღვთისმშობელი მუცლად მყოფი ღვთაებრივი ყრმით, ითვლება „ეკლესიის სახედ“, რადგან გადარჩება მხოლოდ ის, რომელშიც ცხოვრობს ქრისტე.

ბევრ ეკლესიაში არსებობს ღვთისმშობლის მიძინების დღეს ყვავილების კურთხევის ჩვეულება.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები