თარხნიშვილი მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარიამ თარხნიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარო თარხნიშვილი

თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) მარიამ (მარო) ესტატეს ასული - (დ. - 21.XII.1881, სოფ.კავთისხევი - გ. - 03.X.1969, თბილისი) - პირველი ქართველი ქალი ლოტბარი. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, შემგროვებელი. „ქართული სიმღერის დედა“.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გიორგი სააკაძის შთამომავლების ოჯახში. ოპერაზე „პატარა კახი“ მუშაობის პერიოდში, თარხან-მოურავებთან სტუმრობისას, კომპოზიტორმა ნიკო სულხანიშვილმა შვიდი წლის გოგონას, ხალხურ სიმღერებთან ერთად, თავისი ცნობილ შედევრი - „დაიგვიანეს“ ასწავლა. მოგვიანებით მომღერალმა აღნიშნული ნაწარმოები თავის რეპერტუარში შეიტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი გადარჩენის საშვილიშვილო საქმეში. 14 წლის ასაკში მოგვარეს, მაგრამ არა ნათესავს, 21 წლის დიმიტრი თარხან-მოურავს გაჰყვა ცოლად, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში გადავიდა და დააარსა მომღერალთა გუნდი. 1910 გორში გადადის საცხოვრებლად და დის - ეკატერინეს დახმარებით მეორე გუნდს აყალიბებს. გორში 1910 წლის ზაფხულში წარმატებული სასცენო ნათლობის შემდეგ, კონცერტებს ცხინვალში, სურამში, ხაშურში, ბორჯომში და გორის მახლობელ სოფლებსა და დაბებში ატარებს. 1911 წელს აკაკი წერეთლის იუბილეზე გამოდის და ქვაბულიძის არიას დიდი ოსტატობით ასრულებს. 1914 წელს უკვე სამი შვილი ჰყავს: ვანო, თამარი და ნინო. 1915 წელს აკაკის ნეშტის თბილისში გადმოსვენებისას თავისი გუნდით გრაკალში ხვდება პროცესიას და საგალობლებითა და ნ. სულხანიშვილის არიით „დაიგვიანეს“, მთაწმინდისაკენ აცილებს პოეტს.

1917 წლის შემოდგომიდან ოჯახთან ერთად თბილისში მკვიდრდება და საჯარო კონცერტების ჩატარებას იწყებს. თბილისში პირველად მსმენელის წინაშე დები და მათი გუნდი 1919 წლის 5 იანვარს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში წარდგნენ და ქართულ კლუბში გამართული კონცერტის II განყოფილებაში წარმატებით გამოვიდნენ. ამის შემდეგ დედაქალაქში დიდი პოპულარობა მოიპოვეს. 1920 წლის 27 იანვარს, ნინოობას ტრადიციული „ქართული საღამოების“ ფარგლებში, ბათუმში მართავენ კონცერტს. მისი გუნდის გარდა, მონაწილეობენ სხვა ცნობილი არტისტებიც: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, პოეტი იოსებ გრიშაშვილი და ცნობილი მწერალი-იუმორისტი შალვა შარაშიძე (თაგუნა). შემდეგ წარმატებით გამოდის კონსერვატორიაში. მალე მსმენელის დიდ სიყვარულს იმსახურებს.

1920 წლის მარტში აზერბაიჯანის ქართველები ბაქოში იწვევენ, თუმცა სათანადო დოკუმენტების უქონლობის გამო, სოღანლუღის სადგურში ფერხდება და კონცერტს იქ ატარებს. მისი საშემსრულებლო ოსტატობით აღფრთოვანებული კლასიკოსი კომპოზიტორების - ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის და დიმიტრი არაყიშვილის - ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებს. დ. არაყიშვილი ხმის დამუშავებას და საოპერო სცენაზე გამოსვლას ურჩევს და ამ მიზნით, მისი იტალიაში მივლინების საკითხსაც აყენებს. თუმცა ხალხური შემოქმედების სიყვარულისა და ოჯახური მოვალეობის გამო, მომღერალი უარს ამბობს ამ იდეის განხორციელებაზე

1921 წლიდან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დ. არაყიშვილი თბილისის მეორე კონსერვატორიაში ქართული ხალხური სიმღერის მასწავლებლად იწვევს, სადაც 1923 წლამდე სტუდენტთა ეთნოგრაფიულ გუნდს ხელმძღვანელობს. ბოლშევიკთა წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების შემდეგ, მის მეუღლეს - დიმიტრის, როგორც ყოფილ მემამულეს, აპატიმრებენ და ხვრეტენ. სიკვდილით დასჯისათვის ასევე განწირული შვილის - ივანესათვის შეწყალების დოკუმენტის მოპოვებას ახერხებს და გადაარჩენს მას. ბოლშევიკური დევნის გამო იძულებული ხდება, გვარი თარხნიშვილად გადაიკეთოს. საცხოვრებლად ისევ გორში გადადის შვილებთან ერთად, თუმცა მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ რჩება და შემდეგ კვლავ თბილისში მკვიდრდება, სადაც მაზლი, მთავარი მეღვინე - იორამ თარხანმოურავი ეხმარება, ცხოვრების პირობებს უქმნის და გაჭირვებას არ აგრძნობინებს. ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, აგრძელებს საყვარელ საქმეს და კვლავ ხალხური სიმღერის გუნდს ხელმძღვანელობს.

1927 წელს მისი გუნდი ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველ ოლიმპიადაზე იმარჯვებს, შემდეგ მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული კონცერტისათვის სიგელით აჯილდოებენ. 1930 წელს ბაქოსა და ერევანში სამ სამ კონცერტს ატარებს. აზერბაიჯანელ და სომეხ მსმენელს განსაკუთრებით მისი აღმოსავლურ კილოზე შესრულებულ სოლო ჰანგები მოსწონს. 1933 წელს მოსკოვში საგასტროლოდ მყოფი, მრავალ სიმღერას გრამოფონის ფირფიტაზე იწერს.

1937 წელლს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 25 წლის იუბილეს უხდიან და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებას ანიჭებენ. 1938 წელს მის ანსამბლს სახელმწიფო გუნდის სახელი მიაკუთვნეს. 1949 წლამდე ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობს. 1956 წლამდე საქართველოს სარეწაო კავშირის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამლბის ლოტბარი და სამხატვრო ხემძღვანელია. ასევე სათავეში უდგას არაერთ კოლექტივს თბილისში, რუსთავში, გორსა და კასპში. 1956 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 65 წლის იუბილეს უხდიან, შემდეგ სახალხო არტისტის წოდებას ანიჭებენ.

ზურაბ ლეჟავა



ლიტერატურა

  • ლ. გეგეჭკორი, მარო თარხნიშვილი, წიგნიდან „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“. ხელოვნება. თბ., 1958;
  • „მარო თარხნიშვილი“, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიმო ცენტრის ერთობლივი გამოცემა. თბ.,2008;
  • პ. ხუჭუა, „მარო თარხნიშვილი“, თბ., 1962.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მარო თარხნიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები