დიუშანი მარსელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარსელ დიუშანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელ დიუშანი. შადრევანი, 1917; ფაიფურის პისუარი და მინანქრის საღებავი. ალფრედ შტიგლიცის ფოტო. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, პენსილვანია. ლუის და უოლტერ არენსბერგების კოლექცია

მარსელ დიუშანი– (Marcel Duchamp, 1887-1968) ფორმალურად არასდროს ყოფილა დადას მიმდინარეობის წევრი, მაგრამ სწორედ მან შექმნა დადას ყველაზე რთული და გამომწვევი ნამუშევრები და სწორედ მან ჩაიტანა დადა ნიუ იორკში, როდესაც 1915 წელს გადაცურა ატლანტიკის ოკეანე, რათა ევროპაში მძვინვარე ომს გაქცეოდა.

1912 წელს, პარიზში დიუშანი კუბისტურ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამ დროს შეიქმნა შიშველი ფიგურა, რომელიც კიბეზე ჩამოდის ¹2 - ერთ-ერთი ყველაზე სადაო ნამუშევარი, რომელიც მოგვიანებით, არსენალის გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. ამ დროისთვის დიუშანი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მან უარყო მხატვრობა, რომელიც მისი მტკიცებით, მისთვის მხოლოდ აზრსმოკლებულ საქმიანობად იქცა და შეიმუშავა, მის მიერ რედიმეიდად (readymade) წოდებული, დადას ჟანრი, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო ობიექტებს ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნიდა.

ამერიკულმა სახელოვნებო სამყარომ დიუშანი ძალზე თბილად მიიღო. დამოუკიდებელ ხელოვანთა ამერიკულმა საზოგადოებამ ის დამფუძნებელ წევრად მიიწვია. 1917 წელს დიუშანი ამ საზოგადოების პირველი ყოველწლიური გამოფენის ფორუმი საექსპოზიციო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გამოფენა ცნობილი გახდა იმით, რომ მას არ ჰყავდა ნამუშევრების შემრჩევი ჟიური. ნაწარმოების გამოსაფენად მხოლოდ 6 დოლარის გადახდა იყო საჭირო. დადაიზმის მოდური დინებით გატაცების დაახლოებით ორი წლის მანძილზე, დიუშანი მუშაობდა ნამუშევრებზე, რომლებიც იმდენად შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო, რომ საზოგადოებას უარი ეთქვა მათზე. ასეთნაირად, დიუშანი გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ხელოვნების შექმნისა და მისი ექსპონირების თანამედროვე პროცესზე. გამოფენაზე მან ანონიმურად წარმოადგინა სანტექნიკოსისგან ნაყიდი ფაიფურის საზოგადოებრივი პისუარი, რომელიც გვერდულად იყო დაყენებული და ამგვარად, ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. ობიექტზე გაკეთებულ წარწერაში - "R. Mutt" - დიუშანმა პისუარის მწარმოებლის სახელი - „ჯ. ლ. მოთის რკინის საწარმო“ - გაათამაშა. ეს ნამუშევარი მართლაც დაიწუნეს.

შადრევანი“ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სადაო ნამუშევრად რჩება. ის ტრანსგრესიული (მორალური და სოციალური საზღვრების დამრღვევი) ნამუშევარია, რომელიც იწვევს სიცილს, გაბრაზებას, შეცბუნებას, ზიზღს, რადგან ძალზე ღიად წარმოაჩენს თავის კავშირს პრივატულ საქმიანობასთან, ადამიანურ მგრძნობელობასთან და მის მოწყვლადობასთან. მასში დიუშანი სვამს შეკითხვას ხელოვნების ნაწარმოების არსობრივი რაობის შესახებ. შესაძლებელია თუ არა ნაწარმოების გაშიშვლება მისი არსის სრულ გაქრობამდე? უისთლერის ცნობილი სასამართლო პრეცედენტის შემდეგ, ავანგარდისტ ხელოვანთა უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ხელოვნების ნიმუში არც აღწერითი უნდა ყოფილიყო და არც კარგად დამუშავებული, თუმცა 1917 წლამდე, დიუშანის გარდა, ვერავინ შეძლო დავერწმუნებინეთ, რომ „ხელოვნება“, უპირველეს ყოვლისა, კონცეფტუალურია თავისი არსით. საუკუნეების, შესაძლოა, ათასწლეულების მანძილზეც კი, ხელოვანები თავიანთი ნაწარმოებების შექმნისას, თანაშემწეებს ქირაობდნენ სამუშაოს ხელოსნური ნაწილის, ანდა მთელი ნამუშევრის შესასრულებლად. დიუშანმა თანამედოვე ფორმით განაახლა ეს პრაქტიკა და დაამტკიცა, რომ ხელოვნების ნიმუში არა მხოლოდ სხვათა მიერ შეიძლება იყოს შესრულებული (ნაწილობრივ მაინც), არამედ რეალურად, მასობრივადაც იყოს წარმოებული. ლოგიკის გონივრული შეტრიალებით, დიუშანმა შექმნა კომენტარი ერთდროულად, მოხმარებაზეც და თანამედროვე ეპოქის ირაციონალურობაზეც. ის ამტკიცებდა, რომ ხელოვნების მზა (readmade) ნიმუში, როგორც წარმოების ობიექტი, მარტივად აუვლის გვერდს ხელოსნურ ტრადიციას და ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობას შეიძენს არა ადამიანის ხელქმნით, არამედ ადამიანის მიერ მისი კონცეფტუალიზაციის გზით.

„შადრევნის“ დაწუნების შემდეგ, დიუშანმა, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა კიდეც, მოჩვენებითი შეძრწუნებით დატოვა დამოუკიდებელ ხელოვანთა საზოგადოება და დადას ჟურნალში ანონიმურად გამოაქვეყნა მოწინავე სტატია, რომელშიც დეტალურად აღწერდა რ. მათის სკანდალურ საქმეს. იგი წერდა: „ხელოვნების მხოლოდ ორი ნიმუში მისცა ამერიკამ მსოფლიოს, ეს არის მისი სანტექნიკა და ხიდები“, შემდეგ კი დაუმატა: „თავისი ხელით დაამზადა მისტერ მათმა შადრევანი თუ არა, ამას არც აქვს მნიშვნელობა. მან ის შეარჩია! აიღო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი და იმგვარად მოათავსა, რომ მისი ყოფითი დანიშნულება ახალი სათაურისა და ახალი რაკურსის მიღმა გაქრა. მან ამ ობიექტზე ახალი საფიქრალი გაგვიჩინა.“

მარსელ დიუშანი. L.H.O.O.Q, 1919; ფანქარი ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას რეპრდუქციაზე, 19.7 X 12.1 სმ. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, პენსილვანია. ლუის და უოლტერ არენსბერგების კოლექცია

პარიზში დაბრუნების შემდეგ, დიუშანმა თავისი ნამუშევრით L.H.O.O.Q., რომელსაც „მოდიფიცირებული რედიმეიდი“ უწოდა, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ფრანგული სახელოვნებო სივრცე. 1911 წელს, ლუვრის თანამშრომელმა ლეონარდოს სახელგანთქმული „მონა ლიზა“ მოიპარა, რადგან სწამდა, რომ ის მისი სამშობლოს, იტალიის კუთვნილება იყო. მუზეუმში ნამუშევრის დაბრუნებას ორი წელი დასჭირდა. ვიდრე „მონა ლიზა“ დაკარგულად ითვლებოდა, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. სურათს განუწყვეტილვ ბეჭდავდნენ ღია ბარათებზე და პლაკატებზე, იყენებდნენ რეკლამაში.

დიუშანმა გადაწყვიტა „მონა ლიზას“ გამოსახულების დიდებისა და დამცრობის რაობაზე თავისი დამოკიდებულება გამოეხატა და საამისოდ მონა ლიზას გამოსახულებიანი იაფფასიანი ღია ბარათი შეიძინა და მის სახელოვან, იდუმალ სახეს წვერი და ულვაშები მიუხატა. ამ ქმედებით დიუშანმა კულტურის საკრალური არტეფაქტი უხეში დაცინვის ობიექტად გაქდააქცია. ბარათის ქვეშ დაუდევრად მიწერილი ასოები - L.H.O.O.Q. ხმამაღლა წაკითხვისას, ფონეტიკურად ისევე ჟღერს, როგორც ფრანგული სლენგური ფრაზა „elle a chaud au cul“, რაც ზრდილ თარგმანში ქალის სექსუალურ აღგზნებას გამოხატავს. ამგვარად, დიუშანმა, ისედაც იაფფასიან გამოსახულებას, უხეში სექსუალური ინსინუაცია დაუმატა. „შადრევნის“ მსგავსად, ეს ნამუშევარიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელოვნების რაობაზე დამკვიდრებულ მიკერძოებულ წარმოდგენას და სხეულის სასაცილო და უხეშ დეტალებს ეფექტურ მხატვრულ შინაარსად წარმოადგენს. როგორც დადას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თქვა: „დადა სიძულვილმა და ზიზღმა შობა“.

დიუშანს სულ რამდენიმე რედიმეიდი აქვს შექმნილი. 1922 წლის შემდეგ, ის საერთოდაც ცოტას მუშაობდა, რადგან თითქმის მთლიანად ჭადრაკს უძღვნა თავი. თავისი საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობდა, რომ იყო „გადამდგარი ხელოვანი“, თუმცა მისი XX საუკუნის დასაწყისის რადიკალური იდეები დღესაც გავლენას ახდენს ხელოვნებაზე.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები