მარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსი და ვენუსი
პომპეის ფრესკა (I ს.), ნეაპოლი, ნაციონალური მუზეუმი.

მარსი(რომ.) ომის ღმერთი. მოგვიანებით მისი სახელი დაუკავშირეს ომის ძველბერძნულ ღვთაება არესს.

მარსს მოიხსენიებენ რომის უმთავრეს ღმერთთა შორის. მას ეძღვნებოდა რომაული წლის პირველი თვე – მარტი. თავდაპირველად მარსს სხვადასხვა ფუნქცია ენიჭებოდა: იგი ითვლებოდა ნაყოფიერების ღვთაებად, ველური ბუნების ღმერთად, რომის მფარველად და მამამთავრად, რადგანაც რეა-სილვიამ სწორედ მარსისგან შვა რომულუსი და რემუსი.

რომში იყო ადგილი, სადაც მეომართა აღლუმი იმართებოდა. ამ ადგილს მარსის ველი (Campus Martius) ეწოდებოდა. აქვე მდებარეობდა მარსის სახელზე აგებული ტაძარი. მარსის კულტს განაგებდა კოლეგია ქურუმებისა, რომლებსაც მალიებად უხმობდნენ.

მარსის უმთავრეს სიწმინდედ მიიჩნევდნენ ფარსა და მახვილს, რომელნიც, რომაელთა რწმენით, ზეციდან ჩამოვარდნენ დედამიწაზე. ეს ფარი, ანკილე, რომის უძლეველობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მარსის სახელი ეწოდა იმ პლანეტას, რომლის მოწითალო ფერიც სისხლის ფერს მოჰგავდა. მარსის წმინდა ცხოველებად ასახელებენ მგელს, ცხენსა და ხარს.

თანამედროვე მეტყველებაში ზოგჯერ ირონიული ელფერით ახსენებენ ხოლმე მარსს („მარსის ქურუმები“, „მარსის მსახურნი“). გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი „მარსის საქმე“ ომს გულისხმობს. ხელოვნებაში მარსის სახე ბერძნული მითოსიდან არის ნასესხები (აღსანიშნავია ტორვალდსენისა და კანოვას ქანდაკებები. ბოტიჩელის, ტინტორეტოს, რუბენსის, ველასკესის, ვერონეზეს, პუსენისა და სხვათა ტილოები).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები