მასლოუ აბრაჰამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრაჰამ მასლოუ

მასლოუ აბრაჰამ - Maslow Abraham, Маслоу Абрахам, 1908-1970

ებრაული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენელი. მისი დედ-მამა რუსეთიდან აშშ-ში ემიგრირებული ებრაელები იყვნენ. იმხანად აშშ-ში ჯერ კიდევ ძლიერი ანტისემიტიზმის გამო აბრაჰამს საკმაოდ მძიმე და უღიმღამო ბავშვობა ჰქონდა, რადგან თანატოლები ავიწროებდნენ, თანაც თვითონ გაუბედავი და გულჩათხრობილი ბავშვი იყო, ინტრაპერსონალური ტიპისა, ურთიერთობათა მოგვარება უჭირდა.

აბრაჰამის ცხოვრებაში ორი საბედნიერო გარდატეხა მოხდა, რის შემდეგაც ის წელში გაიმართა, გამხნევდა და საკუთარი თავისა ირწმუნა. პირველი იყო მისი შეყვარებული, ლამაზი ქალის თანხმობა ცოლობაზე (მათი სიყვარული და მეგობრობა აბრაჰამისთვის ათეულობით წლის განმავლობაში რჩებოდა თვითდამკვიდრების, შემართებისა და შთაგონების წყაროდ). მეორე გაბრწყინება ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობისას მოხდა. მთავრობამ ფსიქოლოგებს ინტელექტის ტესტის შედგენა დაავალა. ტესტი შეადგინეს, ხოლო საცდელი ტესტირება სტუდენტებზე და ახალგაზრდა მეცნიერებზე ჩაატარეს. ა. მასლოუმ ყველა სხვაზე გაცილებით მაღალი ქულა მიიღო, რითაც გააოცა პროფესორები. ამის გამო ფსიქოლოგების ლიდერმა, ე. თორნდაიკმა ხელი შეუწყო ესოდენ გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერის წინსვლას. ა. მასლოუ შემდგომშიც გამოირჩეოდა უძლიერესი ლოგიკური აზროვნებით, გამჭრიახ ინტუიციასთან ერთად.

მასლოუმ კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსინის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენლის, ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. თვითონაც ჩაატარა მაიმუნების სქესობრივი და სტატუსობრივი ქცევების ემპირიული კვლევა. ამაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ (1934 წ.) ერთხანს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა, ე. თორნდაიკის ხელმძღვანეობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის კოლეჯში გადავიდა. 1951-1968 წლებში მასლოუ სათავეში ედგა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ბრანდეისის უნივერსიტეტში, ბოსტონის მახლობლად. 1967 წელს არჩეული იყო ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად. აქტიურად მონაწილეობდა ჰუმანისტური მოძრაობის დაფუძნების ყველა ღონისძიებაში {ჰუმანისტური ფსიქოლოგია}. ბოლო ხანებში გამოყენებითი მიმართულებითაც მუშაობდა: შრომის მოტივაციისა და მენეჯმენტის ფსიქოლოგიის საკითხებში, თავის თეორიაზე დამყარებით კონკრეტული რჩევებიც შეიმუშავა. ამიტომ მასლოუს თეორია მენეჯმენტის, ეკონომიკისა და საზოგადოდ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზეც ისწავლება.

მასლოუს ახალგაზრდობის ხანაში აშშ-ში ბიჰევიორიზმი იყო გაბატონებული და თავდაპირველად ახალგაზრდა ა. მასლოუც ამ მიმართულებით მუშაობდა. მაგრამ მის ცხოვრებაში მომხდარმა რამდენიმე მოვლენამ საბოლოოდ დაარწმუნა ბიჰევიორიზმის სიმცდარეში. ნიუ-იორკში გატარებულმა 14 წელიწადმა ძირეულად შეცვალა მასლოუს თავდაპირველი, ბიჰევიორისტული მსოფლმხედველობა საპირისპირო, ჰუმანისტური მსოფლმხედველობისკენ. ამ გარდატეხაში მთავარი, ცხადია, მასლოუს პიროვნული თავისებურებანი იყო {დისპოზიციური ფაქტორი}. თუმცა სამმა გარე ფაქტორმაც იმოქმედა.

1) დაკვირვება საკუთარი ორი შვილის გაზრდა-განვითარებაზე. მასლოუმ აშკარად დაინახა თანდაყოლილობის შეუდარებლად უფრო დიდი მნიშვნელოვნება სოციალურ ზეგავლენასთან და დასწავლასთან შედარებით.
2) შემთხვევითი მოხვედრა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციის ბრბოში. მასლოუ ყურადღებით დააკვირდა ხალხის ქცევას {მასის ფსიქოლოგია} და ქცევის მოტივაციის საკითხებს ჩაუღრმავდა.
3) მჭიდრო ურთიერთობა ნიუ-იორკში მოღვაწე ბრწყინვალე ევროპელ მეცნიერებთან, რომლებიც ევროპიდან ნაციზმსა და ფაშიზმს გაექცნენ: ა. ადლერი, კ. კოფკა, ე. ფრომი, კ. ჰორნი, მ. ვერთჰაიმერი, ეთნოლოგი რუთ ბენედიქტი. ორი უკანასკნელი არამარტო მასლოუს მასწავლებლები და უფროსი მეგობრები, არამედ აგრეთვე ის ადამიანები იყვნენ, რომელთა პიროვნულმა ხიბლმა მიიყვანა მასლოუ თვითაქტუალიზებულ პიროვნებათა ცნებამდე და ამ ცნების კვლევის აზრამდე.

ა. მასლოუს თეორიაში მთავარია ადამიანის ძირითად მოთხოვნილებათა გამიჯვნა დანარჩენთაგან და ძირითადების იერარქია. მასლოუ იზიარებდა ჰუმანისტურ თვალსაზრისს, რომ ადამიანის ბუნება კარგია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ზნეობრივად ნეიტრალური (პათოლოგიურ გამონაკლისთა გარდა). ყველა ადამიანში ჩანერგილია შემოქმედებითი პოტენცია, რომელიც გარემოს ცუდი ზეგავლენით შეიძლება დაიკარგოს. ადამიანის ყველა ძირითადი მოთხოვნილება (უფრო ზუსტად − მოტივაციური დისპოზიცია) თანდაყოლილია, ანუ ინსტინქტოიდური. გარემოს ზეგავლენითა და დასწავლით ხდება მათი დიფერენციაცია და ასე ყალიბდება მეორეული, წარმოებული მოთხოვნილებები {ჩვეულება}. თანდაყოლილია უმაღლესი მოტივებიც კი, მათ შორის ყველაზე მაღალიც − თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება. ის „მოტივთა პირამიდის” „მწვერვალშია“. ხოლო „პირამიდის ძირში“ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია. შემდეგაა თანმიმდევრულად: უსაფრთხოების მოთხოვნილება; სოციალური მიკუთვნებულობის მოთხოვნილება {აფილიაცია}; თვითდამკვიდრების, აღიარება-დაფასების მოთხოვნილებანი, მიღწევის მოტივაცია; შემეცნების, ესთეტიკის, მოღვაწეობისა და სხვა მაღალი მოთხოვნილებანი. მაღალ მოთხოვნილებათა აქტუალიზაცია იწყება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბალი, საფუძველმდებარე მოთხოვნილებები {მოთხოვნილებათა იერარქიულობა}. ეს პრინციპი ზოგჯერ ირღვევა, მაგრამ საშუალოსტატისტიკურად მაინც მართებულია.

ამ იერარქიული ანუ „ვერტიკალური“ კლასიფიკაციის გარდა, მასლოუმ განარჩია აგრეთვე აგრეთვე დეფიციტის მოტივაცია და ზრდის „მეტამოთხოვნილება“ ანუ მეტამოტივაცია. პირველი აღნიშნა D ასოთი (ინგლ. Deficit დეფიციტი), მეორე − B ასოთი (ინგლ. Being ყოფნა − შდრ. ე. ფრომისეული „ქონა და ყოფნა“). პირველი უკავშირდება ორგანიზმსა და დაბალ ღირებულებებს, მეორე კი − მაღალ ღირებულებებს (ჭეშმარიტება, სიკეთე, სილამაზე და სხვა). პირველის ბუნება ჰომეოსტაზურ-ადაპტაციურია, ხოლო მეორე მიმართულია არა წონაწორობის მიღწევისკენ, არამედ პირიქით − მუდმივი ზრდის, ცვალებადობის, თვითაქტიურობისკენ. ეს გამიჯვნა ემთხვევა დ. უზნაძისეულ გამიჯვნას: ინტროგენულ-სუბსტანციური მოთხოვნილება და ექსტროგენურ-ფუნქციონალური მოთხოვნილება {ფუნქციონალური ტენდენცია}. თუმცა ა. მასლოუმ ბოლომდე ვერ მიიყვანა თეორიის ეს მიმართულება, რასაც თვითონვე აღიარებდა − მაგ., სილაღისა და თამაშის ქცევებთან დაკავშირებით, რომელთა საკითხიც ღიად დატოვა (განწყობის თეორიაში კი ეს საკითხები საუკეთესოდაა მოგვარებული; სამწუხაროდ, მასლოუმ არაფერი იცოდა დ. უზნაძის შესახებ და არც შეიძლებოდა, რომ განწყობის თეორიის ეს ნაწილები სცოდნოდა − 21-ე საუკუნებდე ისინი მხოლოდ ქართულად არსებობდა). ამიტომ მასლოუს თეორია კარგად ივსება და ღრმავდება განწყობის თეორიით და ქცევის მოტივაციის ერთიანი ღრმა თეორია იქმნება {ზ. ვახანია}.

მეტამოტივირებული პიროვნება არის ჯანმრთელი და სრულფასოვნად ცხოვრობს. მისი მოტივაციური სისტემის ღერძი თვითაქტუალიზაციის მისწრაფებაა − საკუთარი პიროვნული პოტენციალის, ცხოვრებისეული დანიშნულების, მოწოდების, ცხოვრების საზრისის განხორციელება. თვითაქტუალიზაცია ადამიანის შინაგანი ბუნების მაქსიმალური თვითგამოვლენაა, „იდეალური ფუნქციონირებაა”, რომლის დამკვიდრებისკენაცაა მიმართული ჰუმანისტური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა. მასლოუს თანახმად, სულის სიჯანსაღე მჭიდროდ უკავშირდება ძირითად მოთხოვნილებათა თანმიმდევრულ დაკმაყოფილებას და „მოთხოვნილებათა კიბეზე“ აღმასვლას. ამ ბუნებრივი კანონზომიერების მოშლა და განვითარების, შინაგანი ზრდის შეჩერება კი, როგორც წესი, რეგრესიასა და ნევროზს უკავშირდება.

ა. მასლოუს თანახმად, სიმართლის, სამართლიანობისა და მართებულობის საფუძველი ჩვენივე სულის სიღრმეებშია ჩანერგილი. ამიტომ მათკენ მიმავალი გზა − გულწრფელობაა საკუთარ თავთან, ჯანსაღი ადამიანური ბუნების მიყოლა ანუ ბუნებითობა. ყველაზე ახლოს ბუნებასთან კი ჯანმრთელი ბავშვია. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა ვასწავლოთ ჭკუა ბავშვს, არამედ პირიქით, ბავშვისგან უნდა ვისწავლოთ სიწრფელე და სილაღე, სპონტანურობა {აქ და ახლა}. მასლოუ წერდა: „იყავი ჯანმრთელი და ენდე საკუთარ ბუნებას! < ... > სულის მაღალი მისწრაფებანი აღვირს კი არ ჰგავს, რომელიც ჩვენს ცხოველურ-ინსტინქტურ ურჩ ცხენს ალაგმავს, არამედ ჰგავს მძლავრ მერანს, რომელიც ადამიანური ყოფნის მწვერვალებისკენ მიგვაქროლებს”.

სიწრფელის მსგავსი ცნება ძველჩინურ ფილოსოფიაშია: ესაა „დე“ − ადამიანის სულის ბუნებითი გზა, ძალა, სიწრფელე, სიქველე, სათნოება, სამართალი; დაოს ნასახი და დაოს ძალა, მისი განხორციელება ადამიანის სულში (დაო − სამყაროს უნივერსალური გზა − ის ყოველივე, რაც მომხდარა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, უზენაესი ჭეშმარიტება, კანონზომიერება; ბედი, სიცოცხლის გზა, ბუნებითი ქმნადობა, სამყაროს მდინარება). აქედანაა დაოიზმის მთავარი წიგნის სახელწოდება „დაო დე ძინი“ (ეს ღრმა ფსიქოლოგიური ცნება ქართულ ენაშიცაა იმპლიციტურად − სიწრფელე). მასლოუ სხვა საკითხებშიც ეთანხმება ძველ ჩინურ და ინდურ ფილოსოფიას.

მასლოუ ხშირად პატივისცემით მოიხსენიებდა კ.გ. იუნგს, ა. ადლერს, კ. გოლდშტაინს, ე. ფრომს, კ. ჰორნის, კ. როჯერსს, აგრეთვე ეგზისტენციალისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს. მასლოუმ უაღრესად საყურადღებო ნააზრევი დაგვიტოვა აგრეთვე ჰუმანიტარული მეცნიერების მეთოდოლოგიაში: გააკრიტიკა „რუბრიფიკაცია“ − უხეშ და ხისტ რუბრიკებში მოქცევის ჟინი, ცოცხალი ორგანიზმის მთლიანობის ლაბორატორიული პრეპარირების ანუ დაქუცმაცება-გამოშიგვნის მსგავსი (და ვითომ საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის გამოყენება). ეს ყოველივე, არსებითად, მეცნიერის სუბიექტივიზმითაა განსაზღვრული და მეცნიერების ლოგიკურობას არღვევს.

ამჟამად მასლოუს თეორია ყველაზე მეტად მოთხოვნილებათა პირამიდითაა ცნობილი {პირამიდული სქემა ფსიქოლოგიაში}. თუმცა თვითონ მასლოუს მსგავსი სქემა არ შეუდგენია. ის მისმა მოწაფეებმა შეადგინეს, უპირატესად − პედაგოგიური მიზნით, თეორიის გასათვალსაჩინოებლად. როგორც ყველა სქემა, მოთხოვნილებათა პირამიდის სქემაც მოსახერხებელია, მაგრამ გამარტივებული და გაუხეშებულია. თანაც თეორიის მხოლოდ რამდენიმე ნაწილს მოიცავს. ამიტომ მასლოუს უაღრესად მდიდარი, მრავალმხრივი, ღრმა ნააზრევის დაყვანა ამ სქემაზე უხეში მეთოდოლოგიური შეცდომაა ანდა უცოდინრობაა. საზოგადოდ, მასლოუს კრიტიკოსთა მიერ გამოთქმული აზრები ან მისი ნააზრევის ზერელე გააზრების შედეგია, ან, არსებითად, იმას აკრიტიკებს, რომ თეორიაში ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არაა (თითქოს შესაძლებელი იყოს ბოლომდე დასრულებული და ყველაფრის გამრკვევი თეორიის არსებობა). მასლოუს თეორიას კი მრავალი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან თანამედროვე ფსიქოლოგების დიდი უმრავლესობა მატერიალიზმის, პოზიტივიზმის, სოციოცენტრიზმისა და რობოტომორფიზმის დოგმებს იზიარებს. მასლოუს თეორიაში მათთვის მიუღებელია რამდენიმე ძირეული დებულება: თანდაყოლილობის პირველადობა, ჰუმანისტურ-ეგზისტენზიალისტური ორიენტაცია, სიღრმისეულობა, ინდივიდუალიზმი... („ადამიანების დიდი უმრავლესობა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საკუთარი გულითა და გონებით კი არ აზროვნებს, არამედ თვალსაზრისს სხვების შეხედულებათა გავლენით შეიმუშავებს, ხალხის წაბაძვით ანდა პრესტიჟის გამო. ასეთები რატომღაც „დინჯ საღად მოაზროვნეებად” მიაჩნიათ, თუმცა ეს მსუბუქი ფსიქოპათოლოგიაა, რომლის მიზეზია ნევროზული შფოთვა, დაუცველობა, ანდა გონების სიზარმაცე, სიბრჯგუე”).

მასლოუ საგანგებოდ იკვლევდა აგრეთვე „პიკურ“ ანუ მწვერვალისეულ განცდებს, რომელთა მთავარი მახასიათებელი თვითცნობიერებიდან ტრანსცენდენტირებაა. ამიტომ დიდია მასლოუს გავლენა ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაზე (რომელიც ამჟამად განდევნილია ოფიციალური ფსიქოლოგიიდან).

ამის მიუხედავად, ა. მასლოუ მოტივაციის ფსიქოლოგიის ყველაზე აღიარებული ავტორიტეტია. არსებითად, მისი თეორიის გაგრძელება-განვითარებაა 21-ე საუკუნის დასაწყისის წამყვანი მიმდინარეობანი − პოზიტიური ფსიქოლოგია და თვითდეტერმინაციის თეორია. ა. მასლოუ ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებად და ყველაზე პოპულარულ ავტორთა ათეულშია {ს.ჯ. ჰაგბლუმი}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები