მასწავლებელთა დახელოვნების კურსები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასწავლებელთა დახელოვნების კურსები - ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმმა, 1918 წლის 1 მაისს თბილისში მოქმედ დახელოვნების კურსებზე მოიწვია საქართველოში არსებული სკოლების პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ ქართულ, რუსულ, სომხურ, თურქულ ენებს, ღვთისმეტყველებასა და ისტორიას. კურსები 300 კაცზე იყო გათვალისწინებული ამიერკავკასიის სამივე ეროვნების 100-100 მსმენელისათვის. ლექციებს საუკეთესო სპეციალისტები კითხულობდნენ. შემდეგში ეს კურსები გადაკეთდა ქართული ეროვნული სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებელ კურსებად. კურსების მსმენელებს მგზავრობის, ბინის და კვების თანხებს სახელმწიფო უნაზღაურებდა.

საქართველოს ეროვნულ საბჭოში განათლების მინისტრმა შეიტანა კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა კადრების მოსამზადებლად საზაფხულო კურსების გახსნის შესახებ. სპეციალურ მიმართვაში მინისტრი წერდა, რომ საჭირო იყო, დაარსებულიყო მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები საქართველოს 10 რაიონსა და ქალაქში. კურსების სიმრავლე აიხსნებოდა იმით, რომ უფრო ხელმისაწვდომი და ნაკლებხარჯიანი გამხდარიყო მსმენელთა მომზადება. კურსებთან ერთად, გაიხსნებოდა საცდელი სკოლები, სადაც კურსებზე მყოფი მასწავლებლები ჩაატარებდნენ საცდელ გაკვეთილებს, მიიღებდნენ პედაგოგიურ გამოცდილებას, პრაქტიკულ ჩვევებს და სათანადო მითითებებს სპეციალისტებისაგან. კუსებზე 300 მსმენელი იქნებოდა (30 თითო რაიონში).

1919 წლის ზაფხულში პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი საზაფხულო კურსების დაარსების შესახებ. შემდეგში კურსების ქსელი თანდათან გაიზარდა - თითქმის ყველა რაიონში გაიხსნა. სახელმწიფო კურსების ორგანიზებისთვის საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა. მაგ., 1919 წლის ზაფხულში თბილისის კურსებზე დაიხარჯა 236 000 მანეთი, რაც ეკონომიკური სირთულეების მქონე ქვეყანაში სოლიდური თანხა იყო. კურსები, ფაქტობრივად, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს ენაცვლებოდა, რადგან მისი გავლის შემდეგ სპეციალისტს ეძლეოდა გარკვეული საგნების სწავლების უფლება. კურსების დამთავრების შემდეგ მიღებული მოწმობა ასეთი იყო:

მოწმობა ესე მიეცა ...ალექსანდრე გიორგის ძე მამულაშვილს, მას შინა, რომ მან მოისმინა სახალხო სკოლების მასწავლებელთათვის ქალაქ ტფილისში 1918 წლის 1 აგვისტოდან ამავე წლის 1 ოქტომბრამდე გამართული კურსები და, თანახმად სამინისტროს მიერ ამ კურსების შესახებ დამტკიცებული ოქმისა, 1918 წლის 28 ოქტომბრიდან მას, მამულაშვილს, ენიჭება სახალხო სკოლის მასწავლებლის წოდება.

1920 წლის აგვისტოში თბილისში ჩატარდა იტალიური პედაგოგიკის სპეციალური, ე.წ. მონტესორის კურსები. განათლების სამინისტრომ სპეციალურად გამოიძახა იტალიიდან მონტესორის ერთ-ერთი მოწაფე - ლოლა კონდულ მარი, რომელიც აგვისტოში ჩამოვიდა თბილისში. მან წაიკითხა ლექციები მონტესორის სისტემაზე, რათა საქართველოს პირველდაწყებით სკოლებში გატარებულიყო ამ სისტემის ზოგიერთი ღონისძიება და პირველდაწყებითი სკოლა საბავშვო ბაღის პრინციპზე მოწყობილიყო. ღონისძიებას მრავალი თბილისელი და ჩამოსული პედაგოგი დაესწრო. ქალაქის თვითმმართველობა კმაყოფილი დარჩა იტალიელი პედაგოგის მიერ მოწყობილი სახელდახელო კურსებით.

თბილისში ბევრი ისეთი კურსები გაიხსნა, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კადრების მომზადებას. ასეთი იყო: მედდების, საბუღალტრო, უმაღლესი საინჟინრო კურსები; საინჟინრო-სამშენებლო და საინჟინრო-მექანიკური კურსები და სხვ. კურსების დირექტორი იყო ინჟინერი გრიგოლ შარმაზანოვი. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სამინისტროს სარევიზიო კომისია უწუნებდა კვალიფიკაციას, აგზავნიდნენ კურსებზე და ამით მათ ენიჭებოდათ მასწავლებლობისთვის საჭირო ცენზი. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 251, საქ. 399, საქ. 959;
  • სცსა, ფ. 1833, ან. 1, საქ. 263; სცსა, ფონდი 1935, აღწ. 2, საქ. 1426;
  • გაზ. „საქართველოს. რესპუბლიკა“, 1919, №101;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები