მაქსიმე (მითოლოგირუი პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქსიმე − მაქსიმე წმიდა კაცი ყოფილა, ცხოვრობდა თურმე ლეჩხუმის სოფელ დეხვირში. სადაური იყო, საიდან იყო მოსული, არავინ იცოდა. ამ დროს დეხვირში ცხოვრობდა ერთი კაცი, ორნაირი გვარი ჰქონდა: ერთი ჭაბუკიანი, მეორე ქარეიშვილი. და აქამდე არ მოშლილა მისი გვარი. ის ქარეიშვილი თურე იმისთანა კაცი იყო, რომ უქმე დღეს მუშაობას არ ერიდებოდა, მარხვას არ ინახავდა. კიდევ უარესს აკეთებდა: სხვის ყანაში, სიმინდი იქნებოდა თუ პური, შერეკავდა თავის საქონელს და შეაჭმევინებდა ნამუშევარს. გამორეკავდა მაქსიმე მის საქონელს სხვისი ყანიდან, ქარეიშვილი ისევ უკან შერეკავდა. და გრძელდებოდა ასე. ვერაფერი შეაგონა მაქსიმემ ქარეიშვილს. ერთხელ კალოობას მშვენიერი დარი იდგა, მზე აცხუნებდა, ყველას კალო გაეშალა და ლეწავდა პურს. ყველგან პაპანაქება იყო, მხოლოდ იმ ქარეიშვილის კალოს თავზე ღრუბელი იდგა და ცრიდა. მეორე დღესაც ცრიდა ქარეიშვილის კალოზე, ვერა და ვერ გალეწა პური. ბოლოს, გამოიტანა ქარეიშვილმა თოფი და ესროლა ღრუბელს, მის კალოზე რომ იყო ჩამოწოლილი. ესროლა და კალოზე მკვდარი მაქსიმე დაეცა. რა ქნას, ქარეიშვილმა, აიღო მკვდარი და ღამით სოფლის ჩუმად დაასაფლავა ჭურისწყალში, დეხვირის თავში, სადაც ახლა დიდი ფუღურო ცაცხვი დგას.

მეორე დღეს გავიდა იმ ადგილას და, რას ხედავს: ეს მკვდარი მაქსიმე ამოსულა და დევს მიწაზე. წაიღო აქედან ქარეიშვილმა მიცვალებული და ახლა სხვა ადგილას დამარხა. მეორე დღეს იგივე განმეორდა: ისევ მაღლა მიწაზე დევს მიცვალებული. წაიღო და ახლა მცხეთას, სადაც ახლა წმ. გიორგის ეკლესიაა, თამარ დედოფლის აშენებული, იქ დამარხა. მესამე დღესაც ამოვიდა ზევით ეს მიცვალებული. ბოლოს, წაიღო მკვდარი ქარეიშვილმა და ორბელსა და ჩხუტელს შუა ერთ მაღლობ ადგილზე (აქაც დიდი ცაცხვი დგას) დაასაფლავა. არც აქ ისურვა წმიდა მაქსიმემ საბოლოო განსვენება. ასე გაწვალებულ ქარეიშვილს წმიდა მაქსიმე გამოეცხადა და უთხრა: დამაკარით მარხილზე, შეუბით მარხილს გაუხედნელი ხარები და გაუშვით თავის ნებაზე და, სადაც გაჩერდებიან, იქ დამასაფლავეთო. ასეც მოიქცნენ. ხარები ძალიან ჩქარა წამოვიდნენ, ეტლში შებმული ცხენებივით გაჭენდნენ. სოფელ ჩხუტელზე ჩაიარეს და მიიტანეს წმიდა მაქსიმე მურში, იმ ადგილზე, სადაც დღეს ეკლესია დგას, და დაასაფლავეს. ხარები იქვე დაკლეს, მარხილი შეშად იხმარეს, მოხარშეს ხორცი და საღვთო გადაიხადეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები