მაღლაკელიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა მაღლაკელიძე

მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე - (2.V.1894, დიხაშხო - 7.XI.1976, თბილისი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულებაშიც ხელი შეუშალა I მსოფლიო ომის დაწყებამ. მიავლინეს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომლის დაჩქარებული კურსის დასრულებისთანავე მიენიჭა რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის წოდება. მსახურობდა ახალციხეში დისლოცირებულ 114-ე ქვეით პოლკში.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ იყო ახალციხის გარნიზონის სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ამიერკავკასიის კომისარიატმა დანიშნა სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიან რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებში. ამ თანამდებობაზე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებშიც. მისი გონივრული მოქმედების შედეგად, ქართულმა სახელმწიფომ იმხანად არსებულ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება. მიენიჭა საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს მსახურობდა ახალციხის, თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად.

ემიგრაციაში

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, რევკომის გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს და მოათავსეს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. 1923 თავის მეუღლესთან, რიგელ-გერმანელ მარია გრასისთან და ვაჟიშვილ გაიოზთან ერთად ლატვიაში დასახლდა. იყო რიგაში ჩამოყალიბებული ქართული და კავკასიური საზოგადოებების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა რიგის ერთ-ერთ ბანკში იურისტკონსულტად. 1934 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაერთი ემიგრანტული ორგანიზაციისა, მათ შორის „თეთრი გიორგისა“. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გერმანიის მხარდაჭერით.

II მსოფლიო ომის პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი, ბერლინში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრი. მისი თაოსნობით დაღუპვას გადაურჩა ათასობით ქართველი სამხედრო ტყვე, საბჭოთა არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურენი. ხელმძღვანელობდა ქართულ ლეგიონს, რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანული არმიის შემადგენლობაში შეიქმნა. ქართველ ლეგიონერებთან ერთად, ბრძოლით მოაღწია საქართველოს საზღვრამდე, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შემავალ ურუხის ხეობამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს. სტალინგრადთან გერმანელთა მარცხის შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც განაგრძო ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.

1944 წლის 17 ივლისს მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ომის დასრულების შემდეგ რომში დასახლდა. სამხედრო მრჩევლად მსახურობდა: ორგანიზაციაში „ხმელთაშუა ზღვის პაქტი” (1948-1950), პაკისტანის მომავალ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან (1950-1952), დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერთან (1953-1954).

1954 წლის დასაწყისში თავის ვაჟთან გაიოზთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია: „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში“. იმავე წლის 2 აგვისტოს, დასავლეთ ბერლინში მყოფი, დაატყვევეს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და იძულებით გადაიყვანეს ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ თბილისში. მსახურობდა ადვოკატად, ხოლო შემდეგ იურისტად საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობაში. გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაშენიშვნები დაურთო ვ. რცხილაძემ, თბ., 2012;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შალვა მაღლაკელიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები