მაჩაბელი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ მაჩაბელი

მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე (დ. - 15.XI. 1858, თბილისი - გ. - 1927, თბილისი) - ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1878 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. უმაღლეს განათლებას დაეუფლა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, თუმცა დიპლომი არ მიუღია, რადგან სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის სასწავლებელიცა და მოსკოვიც დაატოვებინეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1883 წლიდან მუშაობდა თბილისის თვითმმართველობის საფინანსო განყოფილებასა და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში, ასევე, სახელმწიფო ქონებათა სამინისტროში. 1887-1892 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებთან „ივერია“ და „კავკაზი“. 1899 წლიდან იყო გლეხკაცთა მიწათმომწყობი პარტიის მთავარ-გამგე. მისი ინიციატივით, 1907 წელას თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო კომისია ყოფილ ყმაგლეხთათვის მიწის შეძენა-დამუშავებაში ხელშესაწყობად. 1907-1911 წლებში იყო ამ კომისიის თავმჯდომარე. 1909 და 1915 წლებში საქართველოს თავადაზნაურობის მიერ ორჯერ იყო არჩეული ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა ყრილობებზე სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევად. 1914-1921 წლებში იყო ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „ზაკავკაზიეს“. წერდა ფსევდონიმით „თბილისელი“. მიღებული ჰქონდა რუსეთის მაღალი საიმპერიო ორდენები და მედლები (სტანისლავის, ანას, ვლადიმირის). აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა კავკასიის გეოგრაფიულ და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული დრამატული საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საზოგადო კრების წევრი, კახეთის რკინიგზის მშენებლობის კომისიის წევრი და სხვ.

1917 წლიდან მიხეილ მაჩაბელი შედიოდა კავკასიის ლტოლვილთა მომწყობ საბჭოსა და მის აღმასრულებელ კომიტეტში. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნაში. იმავე წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. მალე მიხეილ მაჩაბელმა ედპ-ის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით, უარი განაცხადა საბჭოს წევრობაზე დ. ვაჩნაძის სასარგებლოდ. მიხეილ მაჩაბელი იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1918 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ედპ-სგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ამ ფრაქციის ბაზაზე წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია, რომლის პირველ კონფერენციაზე, 1920 წლის ოქტომბერში, მიხეილ მაჩაბელი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ მიხეილ მაჩაბელი სამშობლოში დარჩა, ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში, შინამრეწველობის განყოფილების გამგედ. 1923 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მომდევნო წელს იმავე თანამდებობაზე აღადგინეს. იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის კოოპერაციის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე. მას, როგორც სპეციალისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებისა და ორგანიზაციის საქმეში. ავტორია წიგნისა „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებისა“ (თბ., 1887, რუსულ ენაზე). ჰყავდა მეუღლე - ანა ერისთავი და ერთი ვაჟი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები