მაჩუბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩუბი

მაჩუბი - სვანური სახლის („ქორ“) პირველი სართული. „მაჩუბ“-ი ოჯახის საზამთრო საცხოვრებელს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართული („დარბაზ“) - საზაფხულოს, სადაც ზამთრობით საქონლის საკვების მარაგი ინახება.

მაჩუბ-ში შესასვლელად გამოიყენებოდა სახლის კედელზე გარედან მიშენებული გრძელი დერეფანი („ჰაგამ“). იგი უმეტესად ქვითკირისაა, მაგრამ გვხვდება მორებისაგან აშენებულიც. მაჩუბ-ი განკუთვნილია როგორც ადამიანის საცხოვრებლად, ისე საქონლის სამყოფად. მაჩუბ-ის ის კუთხე, სადაც სახლის კარი არის დატანებული, გამოყოფილია ხის მორებით ან სქელი ფიცრებისაგან აგებული ე.წ. ბაგ-ით. ბაგის ფართობი შეადგენს დაახლ. 3X3 მ. მასში დგას კიბე, რომლის ზემოთ, ჭერში დატანებულია ხვრელი („ლები“), რომელსაც აქვს სახურავი. კიბის საშუალებით მაჩუბიდან ადიან მეორე სართულზე. ლებიდან ადის კერიაში კვამლიც, მაჩუბს აქვს აგრეთვე დარბაზიდან თივის ჩამოსაყრელი („ლანუნალ“). ბაგს ორი კარი აქვს. ერთი შედის ადამიანის საცხოვრებელში, ე.ი. მაჩუბის ცენტრალურ ნაწილში, სადაც კერიაა გამართული; მეორე კი გადის საქონლის სამყოფში.

მაჩუბი

საქონლის სამყოფი მაჩუბის სამი კედლის გაყოლებაზეა მოთავსებული: ხარების სამყოფელი - „ლახან“, ძროხების სამყოფია - „ლაფურ“. მათ ორივეს ერთად „გვალ“ ეწოდება. სადგომის ხის ტიხრებში საქონლის თავის გამოსაყოფი კამარებია გამოჭრილი და მათ წინ საქონლის საკვების ჩასაყრელი ბაგაა მოთავსებული. გვალის თავზე ხშირად ოჯახს ფარეხი აქვს გაკეთებული, სადაც თხა-ცხვარს ამწყვდევს. აღნიშნული კედლების სიგრძეზე მოთავსებულია ოჯახის წევრთა საწოლები. საწოლების წინ სვეტებია აღმართული, მათზე დამაგრებულ კავებზე (წამ) ჩამოკიდებულია იარაღი, ტანსაცმელი და სხვ. მაჩუბ-ის მეოთხე კედელზე გაკეთებულია კარადა („ლაშად“). იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ქვევით - ერთიანია. აქ პურის მოსაზელი ვარცლის („ჯარ“) შესადგმელია ამოჭრილი. ზემოთ კი ორი კარი აქვს და გამოიყენება ჯამ-ჭურჭლის შესანახად. კედლის კუთხეში არის მარანი, რომელშიც დგას რამდენიმე ქვევრი („კეც“) არყისათვის.

მაჩუბ-ს აქვს ორი პატარა და ერთი დიდი ფანჯარა („ლახვრა“), რომლებსაც ხის დარაბებით ხურავდნენ. ერთი პატარა ფანჯარა აღმოსავლეთის კედელშია. მას სალოცავ ფანჯარას („ლიმზერ ლახვრა“) უწოდებენ, მასზე ჯვრები იყო გამოსახული მაჩუბის შუაგულში გამართულია კერია. კერიის ირგვლივ მკვეთრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფი ადგილი, ქალს, რომელიც განაგებდა საოჯახო მეურნეობას, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ადგილი ეკავა კერასთან. ეს იყო კერის უკანა მხარე, სადაც წარმოებდა პურის ცხობა, რძის ნაწარმისა და საჭმლის დამზადება. ამ მხარეს იყო მოთავსებული ის ხელსაწყო-იარაღები და ჭურჭლეულობა, რომელიც ქალს ესაჭიროებოდა საოჯახო მეურნეობაში.

მაჩუბი

კერასთან იყო ქალების სალოცავი ადგილი. კერის აღნიშნულ მხარეს დედაკაცების სამყოფი („ლაზურალ“) იყო. სამამაკაცო ადგილის თავში იდგა ოჯახის უფროსის („ქორა მახვშ“) საჯდომი სკამი („საკურცხილ“). მის გვერდით ზურგიანი ფართო, გრძელი საჯდომი სკამი („ლერგიმ“), რომელზედაც ოჯახის სხვა კაცები სხდებოდნენ უფროს-უმცროსობის მიხედვით. საქალებო მხარეს - ოჯახის უფროსი ქალის („მერბიელ“) კუთვნილი სკამი („ლარბიალ ბანდრი თხუმ“) და დაბალი, გრძელი სკამი („ბანდარ“) იდგა, რომელზედაც ქალები იმავე წესის დაცვით სხდებოდნენ. კერიის ორი მხარე („კაცხაშ“) მამაკაცებს ეკუთვნოდა. აქ მოთავსებული იყო მსხვილფეხა საქონელი, რომელთა მოვლაც მამაკაცის მოვალეობა იყო. ამ მხარესვე იყო გაკეთებული სალოცავი ფანჯარა, სადაც მხოლოდ მამაკაცები ლოცულობდნენ. აქვე ჰქონდათ თავიანთი საბრძოლო იარაღი, რომ უეცრად თავდამსხმელ მტერს შეჰგებებოდნენ და დაეცვათ ქალები და ბავშვები, გადაერჩინათ კერა, როგორც ოჯახის ცენტრი და კეთილდღეობის სიმბოლო.




ლიტერატურა

მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები