მაჭახელა (თოფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჭახელა

მაჭახელა − გრძელლულიანი, ხრახნილიანი კაჟიანი თოფი, რომელიც მაჭახლის ხეობაში დახელოვნებული ოსტატების მიერ მზადდებოდა.

აჭარაში, კერძოდ, მაჭახლის ხეობის სახელოსნო ცენტრებში ორი სახის თოფი იწარმოებოდა: „თოფხანე” და „ნალფარა”. ორივე „მაჭახელას” სახელწოდებით იყო ცნობილი. თოფხანე ნაკეთობით გამოირჩეოდა. იგი მეტწილად ვერცხლითა და ძვლით იყო მოსევადებული, ზოგ შემთხვევაში კი მას ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ. თოფს ხარისხიანი ლულა ჰქონდა, რომელსაც წრიულად სიგრძეზე ფოლადისა და რკინის ბაფთებს შემოახვევდნენ და დაადუღებდნენ. ბაფთები არამარტო ლულის სიმაგრეს უწყობდა ხელს, არამედ მას ზარნიშსაც აძლევდა. ნაფლარა შემკულობით და ლულის დამზადების ტექნიკის თვალსაზრისით თოფხანეს ჩამოუვარდებოდა.

თოფის ფასსაც არსებითად ლულის, აგრეთვე, ჩახმახისა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. მაჭახელში დამზადებული თოფხანე სამოცდათუთხმეტი მანეთი ღირებულა, ნალფარა კი − ოც მანეთამდე აღწევდა. ჩვეულებრივ, მაჭახლური წარმოების თოფი, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ოცი მანეთიდან სამას მანეთამდე მერყეობდა. ანაზღაურება ნატურითაც ხდებოდა.

თოფის ლულის დამზადების ერთ-ერთი მთავარი პროცესი − გაბურღვა საგანგებო დაზგაზე სრულდებოდა, რომელსაც „თოფის ჩარხი” ერქვა. მისი ერთ-ერთი ნაწილი ქვის ჩარხი იყო, რომელიც ხელით ტრიალით მასზე წინა მხრით დამაგრებული ლულის სახვრეტ ბურღს ძლიერ წრიულ ინერციას აძლევდა. შემოჰქონდათ ქარხნული წარმოების თოფის ლულაც.

მაჭახელში დამზადებული ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების ღირსება და ფართო მოწონება მისი მაღალი ოსტატური გემოვნებით დამუშავებაში მდგომარეობდა. აქაური იარაღების შემკულობას ზაქარია ჭიჭინაძე, რომელსაც თავად ჰქონდა თოფები ნანახი, შემდეგნაირად აღწერდა: „იარაღების სევადები, ყვავილები და ასოები ხელოვნურად ამოჭრილი განცვიფრებაში მოიყვანენ მნახველს. ნამეტურ საინტერესოა და იშვიათი სანახავია ისეთი იარაღები, რომლებიც ქართველთ მეფობის დროს არის გაკეთებული და რომელზედაც ოსტატურად ქართული ასოებიც არის ამოჭრილი”. ამავე დროს ზაქარია ჭიჭინაძე სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, მისი აქ მოგზაურობის დროს, ასეთი იარაღების ხელობა იშვიათი ყოფილა და მაშინ ხუთი კაცი ყოფილა, რომელთაც „ძველებური სევადიანი ხელობის ოსტატობა” სცოდნიათ. ამის გამო იყო, რომ თოფი „მაჭახელა” და მაჭახლური წარმოების დამბაჩები კარგად იყო ცნობილი მთელ აჭარასა და მის ფარგლებს გარეთ − გურიაში, იმერეთში, ახალციხესა და ყარსის ოლქებშიც. იმავე ზაქარია ჭიჭინაძის დახასიათებით „მაჭახელებს საომარი იარაღების კარგი ხელობით ძველთაგანვე იცნობდნენ ათაბაგები, გურიელები, დადიანები, შერვაშიძეები, დადეშქელიანები, მთავარნი და მეფენი ქართველთა. ოსმალეთის მიერ დამორჩილების შემდეგ კი მათ სახელი გაითქვეს ოსმალეთსა და მის პროვინციებში”. მისი ცნობით, სტამბოლში ყველა ფაშის სახლში და სახელმწიფო კაცთა იარაღს „მაჭახელა” პირველობდა. იარაღის მნიშვნელობა ოსმალეთში ყველა მეომარმა იცოდა. მაჭახლის თოფი და დამბაჩა შედარებული იყო სტამბოლის თოფსა და დამბაჩასთან. ამიტომაც მას ქებით მეშაირენი და მელექსენიც იხსენიებდნენ.

XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ცნობებით ამავე პერიოდში ცეცხლსასროლი ცივი საბრძოლო იარაღები მაჭახლის ხეობის გარდა ქვედა აჭარაში − ცხმორისში, ახოში, საღორეთში, ხოლო საველე-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგს ზედა აჭარაში − ხულოში, ჭვანის ხეობასა და უჩამბაში მზადდებოდა. 1860-იან წლებში ლაზისტანის სანჯაყში შემავალი თერთმეტი ყაზიდან − მაზრიდან (ბათუმი, ჩურუქსუ, ქვედა და ზედა აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არქავე, ხემშინი, ათინა) საომარ იარაღებს მხოლოდ მაჭახელსა და ქვედა აჭარაში ამზადებდნენ.

1878 წლისათვის მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღების მკეთებელი ოცდაათი ოსტატი ყოფილა. განხილულ პერიოდში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იარაღების წარმოების ცენტრები ახალციხესა და ახალქალაქშიც არსებობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურაში, აგრეთვე, საველე ეთნოგრაფიულ მასალებში ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების დამზადების მხრივ უფრო ხშირად და ხაზგასმით მაინც მაჭახელი იხსენიება და იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. სწორედ აქ დამზადებულმა მაღალი ღირსების თოფმა – „მაჭახელამ” და დამბაჩებმა ხეობას პოპულარული სახელი დაუმკვიდრეს და მის მიხედვით უეჭველად ჩანს, რომ ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების წარმოებით მაჭახელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ძველი და ფართოდ დაწინაურებული ცენტრი იყო.


ლიტერატურა

ჩიტაია, V, 2001:501; კახიძე, 1974; 2004:59.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები