მახარაძე ფილიპე ესეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მახარაძე ფილიპე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე მახარაძე

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (დ. - 9.III.1868, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა - გ. - 10.XII.1941, თბილისი) - სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ვეტერანი, რევოლუციონერი, ბოლშევიკი, ეროვნული მოძრაობის დაუძინებელი მოწინააღმდეგე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ოზურგეთისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში, 1891 წლიდან ვარშავის ვეტერინარიულ ინსტიტუტში, თუმცა უკანასკნელი ორი არ დაუსრულებია. სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რისთვისაც 1893 დააპატიმრეს და საქართველოში დააბრუნეს, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1890-იანი წლების მეორე ნახევარში ის ჯერ „მესამე დასშია“, ხოლო შემდეგ იზიარებს და ერთიანდება რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატიული დასის შემადგენლობაში. 1901 წელს აპატიმრებენ თბილისში საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის. 1903 წლიდან ემხრობა ბოლშევიკებს და შედის რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტში. 1905 მან თარგმნა და გამოაქვეყნა ვ. ლენინის ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“. იყო ორკვირეული სოციალ-დემოკრატიული ჟურნალის „მოგზაურის“ ფაქტობრივი რედაქტორი (1905), რომელმაც ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, რათა რევოლუციურად განწყობილი გლეხობის თვალში შეექმნათ მტრის ხატი ილიას სახით. ამ მიზანს მან მიაღწია, რადგან ი. ჭავჭავაძის მკვლელობა განხორციელდა სოციალ-დემოკრატიულად განწყობილი „წითელი რაზმის“ წევრთა მიერ, ხოლო ფ. მახარაძეს დაუმკვიდრდა ილიას ინტელექტუალური მკვლელის სახელი. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, ხოლო 1911 წელს გადაასახლეს ასტრახანში. 1913 წელს ბაქოში რედაქტორობდა ქართულ გაზ. „ჩვენ წყაროს“. 1915 წელს აირჩიეს რსდმპ კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში.

1917 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ერთერთი ორგანიზატორი. ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ იყო რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი და მტკიცედ ასრულებდა საბჭოთა რუსეთიდან მომდინარე მითითებებს. იგი მწვავედ დაუპირისპირდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, იყო მეხუთე კოლონის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1919 წლის თებერვალში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყების ორგანიზებას, რაც მარცხით დამთავრდა. ნოემბერში ფ. მახარაძე დააპატიმრეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში მეტეხის ციხიდან გაიქცა. 1921 წლის 16 თებერვალს ფ. მახარაძე, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა, დაინიშნა ე. წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ და უკვე ოფიციალურადაც გახდა მეხუთე კოლონის მეთაური, რომელმაც საკუთარი ქვეყნის დასაპყრობად მოიწვია უცხო სახელმწიფოს ამ მახარაძე ფილიპე შემთხვევაში საბჭოთა რუსეთის, არმია. 1921 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ რევკომის წევრები, პირველ რიგში კი - ფ. მახარაძე, „აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად“.

1921 წლიდან ფ. მახარაძე იყო დაპყრობილ-გასაბჭოებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი-მარიონეტი; 1922 წლიდან სხვადასხვა დროს იყო: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე; სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და ა. შ.

ფილიპე მახარაძე, როგორც ფანატიკური იდეალისტი, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა არმიები მალე დატოვებდნენ ქვეყანას და საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მის გულუბრყვილო უტოპიურ იდეას არაერთხელ ელოდა გაკოტრება. ჯერ კიდევ 1921 წელს იგი - ვ. ლენინის და შემდეგ კი რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილებში წუხილს გამოთქვამდა, რომ საბჭოთა არმიის შემოსვლა იყო საქართველოს ოკუპაცია და გარედან დაპყრობა, ხოლო რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები - რკპ-ის კავკასიის ბიურო და არმიის ხელმძღვანელობა ისე განაგებდნენ ქვეყანას, რომ არაფერს ეკითხებოდნენ ადგილობრივ ქართველ ბოლშევიკებს და ხელისუფლებას.

1921-1922 წლებში იგი მეთაურობდა ქართველი ბოლშევიკების გამოფხიზლებულ ოპოზიციას, ნაციონალ-უკლონისტებს, რომლებმაც სცადეს, შეენარჩუნებინათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით შესულიყვნენ საბჭოთა კავშირში. ნაციონალ-უკლონისტები დამარცხდნენ და მათი უმეტესობა რეპრესიებს შეეწირა. ფილიპე მახარაძე გადარჩა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში მის კიდევ ერთ ფუნდამენტურ იდეას ელოდა გაკოტრება - 1937 წელს მოხდა მისთვის საძულველი ილია ჭავჭავაძის სახელის რეაბილიტაცია, ხოლო 1941-1942 წლების დეკემბერ-იანვარში მოეწყო ილიას ერთ-ერთი მკვლელის, ბერბიჭაშვილის გასამართლება. ნიშანდობლივია, რომ ფილიპე მახარაძე სასამართლომდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალული იყო მთაწმინდის პანთეონში, ილიას საფლავის გვერდით. საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს ფილიპე მახარაძის საფლავი უცნობმა პირებმა ააფეთქეს, ხოლო 1989 წელს მთაწმინდიდან გადაიტანეს ხუდადოვის სასაფლაოზე.

დიმიტრი შველიძე


თხზულებები

ფ. მახარაძე, თხზულებათა კრებული, ტ. 1-8, ტფ., 1924-31.

ლიტერატურა

  • ნ. მახარაძე, ფილიპე მახარაძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1958;
  • ნ. გრიგალაშვილი, თანამდევი სული, ტ. II, თბ., 2011.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები