მდივანბეგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდივანბეგი - (არაბ-სპარს. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი) სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე. ირანში მდივანბეგის თანამდებობას არაიშვიათად ქართველებიც იკავებდნენ. მაგ., სრულიად ერანის მდივანბეგი შაჰყულ-ხანი (იგივე ლევან ბატონიშვილი, შაჰნავაზის ძე, ქართლის ჯანიშინი) ამ თანამდებობით მოიხსენიება 1703-1710 წწ-ში შედგენილ რამდენიმე საბუთში. 1720-იანი წწ-ის საბუთებში ასევე სრულიად ერანის გამგებლად და მდივანბეგად იხსენიება ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული). საქართველოში მდივანბეგობის შემოღების დრო ზუსტად გარკვეული არ არის. მკვლევართა ნაწილი ასეთ დროდ XV ს-ის მეორე ნახევარს მიიჩნევს, სხვები - XVI ს-ს, ზოგი მკვლევარი - სვიმონ I-ის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების წელს (1578).

ქართულ სამეფოებში მდივანბეგი წარმოადგენდა მეფის სასამართლოს. სამართალწარმოების დროს იგი ემყარებოდა სამეფო ხელისუფლებას და სამოხელეო შტატს. მდივანბეგს ექვემდებარებოდნენ აღმასრულებელი და საგამოძიებო უფლებების მქონე მოხელეები და წესადათების მცოდნე პირები: მსაჯულები (ბჭეები), იასაულები, ბოქაულები, მდივნები, ხევისთავები, მეთემეები. მდივანბეგის თანამდებობაში, ივ. სურგულაძის შეფასებით, ყველაზე მეტად იყო გამოხატული მეფის ხელისუფლების საჯარო-უფლებრივი საწყისი. მდივანბეგის სასამართლოს ემორჩილებოდა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრმდომი, მიუხედავად მათი სოციალური რანგისა და სტატუსისა.

მდივანბეგს ხელი მიუწვდებოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, მდივანბეგის კომპეტენციაში შედიოდა განსაკუთრებული სიმძიმის სასამართლო საქმეები: მკვლელობა, დაჭრა, ღალატი, სალაროსა და ეკლესიის ძარცვა; მდივანბეგი განიხილავდა აგრეთვე სამოქალაქო საქმეებს - სამამულო დავებსა და საოჯახო გაყრებს. „დასტურლამალში“ ხაზგასმულია, რომ მდივანბეგის უშუალო მონაწილეობით უნდა გაერჩიათ ელის ტომთა სასისხლო საქმეები. ადგილობრივ მოურავს მათი განხილვის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მდივანბეგის არყოფნის შემთხვევაში.

XVII ს-ის ქართლში როსტომისა და გიორგი XI-ის დროს არსებობდა ორ-ორი მდივანბეგი, რომლებიც ქართლის უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთნოდნენ (ორბელიშვილები, ჯავახიშვილები, არაგვის ერისთავები). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ სახელმწიფო მმართველობაში გატარებული ცვლილებების შედეგად, გაიზარდა მდივანბეგთა რაოდენობა. თეიმურაზისა და ერეკლეს დროს ქართლსა და კახეთში ჩანს შვიდი მდივანბეგი, ხოლო XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან - ოცდარვა. ამასთან, ქართლში მდივანბეგთა რაოდენობა მეტი იყო, ვიდრე კახეთში.

სამეფო ხელისუფლებამ განსაზღვრა მდივანბეგთა სამართალმოქმედების არეალებიც. მდივანბეგები „სამართლობდნენ“ თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ხოლო „თათრების“ მდივანბეგები - ყაზახში, შამშადილსა და ბორჩალოში. თბილისში ორი მდივანბეგი აღასრულებდა სამართალს. „ქალაქის“ (თბილისის) მდივანბეგი ჯერ კიდევ შაჰნავაზის დროს არის მოხსენიებული - 1676 წ-ის საბუთის მიხედვით, მეფემ ვახტანგ ორბელიშვილს ქალაქის მდივანბეგობასთან ერთად უბოძა მართლმსაჯულების განხორციელების უფლება „ქართლისა, საბარათაშვილოსა, სომხითისა და თათრისა“. თბილისის მდივანბეგი, სხვა მდივანბეგისაგან განსხვავებით, სახელმწიფო საბჭოს წევრიც იყო. დავით ბატონიშვილის მოწმობითაც, „თბილისის მდივანბეგობა უმფროსი იყო“, თუმცა, ზოგადად, მდივანბეგი არ იყო შეზღუდული ტერიტორიულად. საჭიროების შემთხვევაში, ყოველ მდივანბეგს მიუწვდებოდა ხელი სხვა უბნების საქმეებზეც. ორი მდივანბეგი განაგებდა სამართალს დედაქალაქში გიორგი XII-ის დროსაც, რასაც ადასტურებს ი. ჩოლოყაშვილისა და ნ. ციციშვილის მოხსენებები მთავარმართებელ ციციანოვისადმი.

1778 წ. ერეკლე II-ის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ერთგვარი სასამართლო კოლეგია - „მსაჯულთ (მდივანბეგთა) შეკრებულობა“, სადაც ყოველი არზა და საჩივარი შედიოდა. ამასთან, თავად მეფეს კავშირი არ გაუწყვეტია სამართალწარმოებასთან. სეხნია ჩხეიძის მოწმობით, სეფიანთა ირანში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მსგავსად, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგები დივანში/სამდივნო სახლში კვირის ოთხ დღეს „სამართლობდნენ“, დანარჩენ ორ დღეს კი (ოთხშაბათსა და პარასკევს) მეფე (ერეკლე) „დაჯდის სამდივნოსა სახლსა, განაგებდა სამართალსა“. სხვა სასამართლო ინსტანცია, გარდა „მსაჯულთ შეკრებილობისა“, არ არსებობდა. მიღებული განაჩენი, როგორც გამონაკლისი, შეეძლო განეხილა მხოლოდ მეფეს, როგორც უმაღლეს მსაჯულს.

იმერეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაციაშიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, ასევე, მეფის მდივანბეგთა სასამართლო წარმოადგენდა. მდივანბეგები აქ XVII ს-ის 60-იანი წლებიდან, იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის დროიდან ჩნდებიან. 1669 წ. ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის მეფე ალექსანდრე მიხეილის ძისადმი მიწერილ თხოვნაში სამი მდივანბეგი (ბეჟანი, ხუცია და პაატა) მოიხსენიება. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, საბუთების მიხედვით, მდივანბეგად ჩანან სხვადასხვა სათავადო სახლების წარმომადგენლები (იაშვილი, რაჭის ერისთავი, ჩიჯავაძე, ჩხეიძე). მათ შორის გვხვდებიან მეფის წინაშე პირადი დამსახურების საფუძველზე დაწინაურებული პირებიც შედარებით დაბალი სოციალური (აზნაურული) წრიდან (კვინიხაძე, გუნცაძე, XVIII ს-ის 90-იან წლებში ერეკლე II-ის მსაჯული სოლომონ ლიონიძე).

მდივანბეგობა მაღალშემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო. მდივანბეგის სარგოს შესახებ დეტალური ცნობებია დაცული თავად ბეჟან არაგვის ერისთავის მიერ მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში. მდივანბეგის სარგო, ულუფა და ჯამაგირი მეფისაგან ჰქონდა დამტკიცებული. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დროს მდივანბეგებს წლიურად დაწესებული ჰქონიათ: ოცდაათი თუმანი თეთრი, თორმეტი ხარვარი პური (ანუ ცხრა თუმანი და ექვსი მინალთუნი), ექვსი საპალნე ღვინო, სამოცი ცხვარი; გარდა ამისა, ჰქონიათ სხვა შემოსავლებიც მეფისაგან და სხვა წყაროებიდან.


სარჩევი

მდივანბეგები. XVII-XVIII სს.

ქართლი
  • ხერხეულიძე ბეჟან - მდივანბეგი 1620-1624 წწ. (პალ 2015: 378; ენუქიძე 1971: 303).
  • ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან - მდივანბეგი 1634-1643 წწ., სახლთუხუცესი 1646-1658 წწ. (ენუქიძე 1971: 303; ქსოის 1984: 30).
  • ჯავახიშვილი როინ - ბოქაულთუხუცესი 1638-1656 წწ.; მდივანბეგი 1638-1669 წწ. (ქსის 1955: 242; ქსოის 1984: 30; პალ 2015: 457-59).
  • ერისთვისშვილი ედიშერ - მდივანბეგი 1661-1682 წწ. (პალ 1991: 145-146).
  • ჯამასპ - მდივანბეგი დაახლ.1670-იანი წწ. (პალ 2015: 471).
  • ორბელიშვილი ვახტანგ/ორბელ - მდივანბეგ ყაფლან ორბელიშვილის ძე, მდივანბეგი 1676-1685 წწ. (პალ 1991: 413-415; ქსის 1955: 322, 323, 327, 330).
  • ერისთვისშვილი ბარძიმ - მდივანბეგი 1688-1692 წწ. (პალ 1991: 140-141, 152-153; ქსის 1955: 340; ვახუშტი 1973: 465).
  • ერისთვისშვილი პაატა - მდივანბეგი 1695-1697 წწ. (ენუქიძე 1971: 306).
  • ავთანდილ - მდივანბეგი 1690-იანი წწ-ის მიწურული - 1717 წწ. (ხეც, Ad-240; ენუქიძე 1971: 308).
  • ორბელიშვილი ერასტი - მდივანბეგი 1704-1731 წწ., სომხით-საბარათიანოს სარდალი 1724-1730 წწ., ოსმალთა ბატონობის დროს ამავე ტერიტორიის გამგებელი და ქალაქის მოურავი 1724-1731 წწ. (ხეც, Ad-476; სეა, 1450-22/94; ენუქიძე 1971: 307).
  • ერისთვისშვილი სარიდან - მდივანბეგი 1765 წ. (ხეც: Hd-8574, Hd-8586; მსეი 1953: 15).
  • ორბელიანი ქაიხოსრო - სომხით-საბარათიანოს სარდალი და მდივანბეგი 1735-1742 წწ. (ხეც, Hd-3816; სეა: 1448, -3908; 1448-2924; დსსი 1940: 266-267; სმსფჰ 1949: 68; ქსძ 1970: 742-746).
  • ორბელიანი პაპუა - მდივანბეგი 1743-1749 წწ. (ენუქიძე 1971: 309).
  • ორბელიანი იოანე - მდივანბეგი 1749-1752, 1765-1782 წწ. (ენუქიძე 1971: 309-310).
  • ორბელიანი რევაზ - ქაიხოსროს ძე, მდივანბეგი 1757 წ. (ენუქიძე 1971: 311).
  • თუმანიშვილი გორჯასპ - მდივანბეგი 1762 წ. (ხეც, .Hd-148).
  • ციციშვილი ფარსადან - მდივანბეგი 1763-1771 წწ. (ხეც, Hd-148; Qd-8586, Qd-531).
  • ერისთვისშვილი სარიდან - მდივანბეგი 1765-1671 წწ. (ხეც, Hd-18).
  • ერისთვისშვილი ბეჟან - მდივანბეგი 1765-1800 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 318).
  • ამილახვრიშვილი იესე - მდივანბეგი 1767-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 315-316).
  • ციციშვილი თეიმურაზ - მდივანბეგი 1771-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 314).
  • ბარათაშვილი იესე - მდივანბეგი 1777-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 316).
  • ორბელიანი მზეჭაბუკ - მდივანბეგი 1777-1791 წწ. (ენუქიძე 1971: 317).
  • ბარათაშვილ-საამისშვილი ზაალ - 1780-იანი წწ. მდივანბეგი, ყორიასაულბაში; არტილერიის პოლკოვნიკი; ლაშქარნავისი; მდივანი (მესხია 1948: 53-54).
  • აბაშიძე ნიკოლოზ - მდივანბეგი, დიღმის მოურავი 1782-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 317).
  • ხერხეულიძე ომან - მდივანბეგი XVIII ს-ის მიწურული. ერეკლე II-მ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად წარგზავნა ქერიმ-ხან ზენდთან (მესხია 1948: 20-24; ომან ხერხეულიძე 1989: 65).
კახეთი. XVIII ს.
  • ჯანდიერიშვილი პაატა - მდივანბეგი 1703-1724 წწ. (ენუქიძე 1971: 306; ქსის 1955: 386; ქსოის 1984: 36.
  • დიმიტრი - მდივანბეგი 1705 წ. (ენუქიძე 1971: 308).
  • ენდრონიკაშვილი რევაზ - მდივანბეგი 1763-1773 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 312).
  • ენდრონიკაშვილი ქაიხოსრო - მდივანბეგი 1765-1697 წწ. (ხეც, Hd-8574, 8586; ენუქიძე 1971: 313).
  • ჯანდიერიშვილი ზაალ - მდივანბეგი 1766-1771 წწ. (ენუქიძე 1971: 314).
  • ვარჯან - მდივანბეგი 1785-1796 წწ. (ენუქიძე 1971: 320).
  • ჩოლოყაშვილი დავით - მდივანბეგი 1795-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
  • ბარათაშვილი ზაალ - მდივანბეგი 1796-1803 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
  • ჩოლოყაშვილი იოანე - მმდივანბეგი 1797-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
  • ენდრონიკაშვილი ადამ - მდივანბეგი 1798-1801 წწ. (ენუქიძე 1971: 323).
  • ციციშვილი ნიკოლაოზ - მდივანბეგი 1798-1803 წწ. (მესხია 1948: 49, 56).
იმერეთი. XVIII-XIX ს-ის დასაწყისი
  • იაშვილი ლევან - მეღვინეთუხუცესი 1720 წ., მდივანბეგი 1749 წ. (სოსელია 1973: 127).
  • მიქელაძე დავით - მდივანბეგი. 1798 წ. (სოსელია 1973: 66).
  • ჩიჯავაძე ვახუშტი - მდივანბეგი 1798-1801 წ. (სოსელია 1981: 24).
  • წულუკიძე ბეჟან - მოურავი 1782-1798 წწ., მდივანბეგი 1799 წ. (სოსელია 1973: 73).
  • ლიონიძე სოლომონ - მდივანბეგი 1802-1810 წწ. (ენუქიძე 1971: 321).



წყაროები და ლიტერატურა

Taḏkerat al-molūk: 44, 56; Savory: 355;
დასტურლამალი 1965: 267-269; ხეც: Hd-9693, Hd-2955, Hd-13160; Hd-2948, Sd-536;
სეა, 1448-552; 1448-9007; ქსიემ ს.№280; ქსის 1955: 74, 406, 424, 430;
ენუქიძე 1971: 301;
Царевич Давид 1813, №545;
გაბაშვილი 1942: 71, 179, 181, 185;
მესხია 1948: 030;
სურგულაძე 1952: 303, 318-319, 361;
კეკელია 1970: 143-149; კეკელია 1981: 14-21.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები