მდივანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მდივანი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი და მდივანი, რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მდივანს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მდივანთა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მდივანობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მდივანს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.

მდივანი სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მდივანი საქმიანობდა. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მდივანი ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მდივანთა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.

მდივანები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მდივანი სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.


ლიტერატურა

გაბაშვილი 1943: 173;
მესხია 1948: 56-57;
სურგულაძე 1952: 229-239.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები