მდივანი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ მდივანი

მდივანი სიმონ გურგენის ძე - (20.X.1876, ხონი - 13.XII.1937, სოშო, საფრანგეთი) - სოციალისტ-ფედერალისტი, ეროვნული საბჭოს წევრი, დამფუძნებელი კრების დეპუტატი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე, ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივანის ძმა.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ადგილობრივი ინტელიგენტების ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა არალეგალური ჯგუფის წევრი იყო. სწავლის დამთავრებიდან პირველ ხანებში ოდესაში დარჩა და ქალაქის თვითმმართველობაში მსახურობდა, როგორც ქიმიკოსი. 1905 წლის საერთო-სახალხო მოძრაობის დროს ს. მდივანი სამშობლოში დაბრუნდა, დამფუძნებელი კრების რიგებში ჩადგა და ენერგიულად ჩაება ეროვნულ-რევოლუციურ პროცესებში; იგი მონაწილეობდა ისეთ სახიფათო ოპერაციებში, როგორიც იყო უცხოეთიდან იარაღის ფარულად მიღება და მებრძოლთა რაზმების შექმნა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ს. მდივანი ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს „საურთიერთობო ნდობის საზოგადოების“ ქართული ბანკის დირექტორად. განაგრძო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც - რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა ს. მდივნის ცხოვრების მიმართულება. მან თავი დაანება ბათუმში კერძო სამსახურს და თბილისში დაბრუნდა. ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ს. მდივანი დაინიშნა პირველ ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში.

1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე, იგი სოციალისტ-ფედერალისტების სიით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. 1921 წლის დასაწყისში მთავრობამ სწორედ ის წარგზავნა ელჩად თურქეთში. მას ისტორიული დავალება ჰქონდა - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. ანკარაში მასთან ერთად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იყვნენ: გენერალი ალ. ერისთავი - სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე - საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან-ბეი) ქარცივაძე; ზია ბეი აბაშიძე - ატაშე; ოფიცრები საგანგებო დავალებებისთვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი. ს. მდივანი მთელი ცხოვრება ამაყობდა, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც ახალ თურქეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს მიერ მისი ცნობა ახარა. ალბათ ბედის ირნია იყო, რომ იმ დროს, როცა ს. მდივანი თურქეთში საქართველოს წარმოადგენდა, მისი ძმა - ბოლშევიკი ბუდუ მდივანი - საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი იყო.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ვერაგული თავდასხმის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ს. მდივანი იძულებული გახდა, ანკარიდან ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ, მთავრობასთან ერთად, საფრანგეთში წასულიყო ემიგრაციაში. იგი ოკუპირებული სამშობლოს ინტერესების დაცვას ცდილობდა გენუის 1922 წლის კონფერენციაზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციაში მის გარდა იყვნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი და ზურაბ ავალიშვილი.

ემიგრაციის წლებში, თურქეთსა და საფრანგეთს გარდა, როგორც დიპლომატი, მოღვაწეობდა პოლონეთშიც. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგული და შეუპოვარი დამცველი იყო. მან მონაწილეობა მიიღო „კავკასიის კონფედერაციის პაქტის“ შედგენაში და ეწეოდა მის პოპულარიზაციას. იდგა „პრომეთეისტული“ მოძრაობის სათავეებთან, იყო კავკასიის ერთიანობის აპოლოგეტი და იმ დროს მოქმედი თითქმის ყველა ანტიბოლშევიკური გაერთიანების წევრი (ვარშავის „პრომეთეს კლუბი“, „კავკასიის კონფედერაციის საბჭო“, „ხუთთა მეგობრობის კომიტეტი“). ასეთი დატვირთვის მიუხედავად, ს. მდივანი არ ივიწყებდა თავის საყვარელ პარტიას და, ს. ფირცხალავასთან ერთად, უცხოეთში სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერად ითვლებოდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ს. მდივანი ახალგაზრდული ენერგიით ემზადებოდა სორბონის უნივერსიტეტში რუსთაველისადმი მიძღვნილი დღეების გამართვისთვის, მაგრამ ვეღარ მოესწრო. გარდაიცვალა საფრანგეთში, ქალაქ სოშოში. დაკრძალეს ლევილში. ნეკროლოგები გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პრესასა და პოლონურ გაზეთებში. მას დარჩა მეუღლე - ნელი (ელენე) ნაკაშიძე და შვილები - ირინე, ელისაბედი, ელენე და ნინო. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, სვიმონ მდივანი, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. III, თბ., 1993;
  • მდივანი სვიმონ, ქართველები უცხოეთში: წ. 1, რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილ ი, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები