მე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მე(შუმ.) „არსობა“, ამ ტერმინით არის ცნობილი სამყაროში ყოველი ნივთის, ბუნებრივი თუ საზოგადოებრივი მოვლენის, ყოფითი თუ რელიგიური ცხოვრების წარმმართველი იმპულსების თუ ადამიანის ფსიქიკურ-მორალური თვისებების, გონებრივი უნარების, პროფესიების, ადამიანური მოღვაწეობის სფეროების, კულტურულ ფასეულობათა მოდელები, წინასახეობრივი (არქეტიპული) „იდეები“, რომლებიც ოკეანის სიღრმეშია დაცული, მათ სიბრძნის ღმერთი ენქი განაგებს და ანაწილებს. მეები მთელი სამყაროს – ღმერთების საზოგადოებისა და ადამიანური კულტურისა და ცივილიზციის საფუძველში ძევს, მეებია, რომლებიც ქაოსს კოსმოსად აქცევენ, ველურ სიცოცხლეს ადამიანურ ცხოვრებად გარდაქმნიან. ყოველ ღმერთს, ყოველ საზოგადოებას, ყოველ ქალაქს თავისი მე აქვს. ცნობილია ინანას აუცილებელი შვიდი მე, რითაც დატვირთულია იგი – ისინი მისი ბუნების გამომხატველია.

მეებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ღმერთები, ადამიანები, მეფეები, ქალაქები, ტაძრები, დინასტიები და სხვა. მაგრამ არის ყველასათვის საერთო მეთა ერთობლიობა, როგორც ყოველი საგნისა, მოვლენისა თუ ღვთიური თუ საზოგადოებრივი დაწესებულების წინასახე (არქეტიპი). თუმცა მეები მიღმურ სამყაროში არსებობენ (ადამიანურ სინამდვილეში თითოეული მათგანის კერძო გამოხატულებაა), მაგრამ ისინი ნივთობრივად არიან წარმოდგენილნი.

მე შეიძლება იყოს „დიდი“, „ვრცელი“, „ბრწყინვალე“, „სრულქმნილი“, „მშვენიერი“ და სხვა. ფიზიკურ, ადამიანურ სინამდვილეში მე შეიძლება შეიცვალოს, დაემხოს, განადგურდეს, დაკნინდეს და ა.შ. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მის გამოხატულებებს და არა მის არსს, არსებას, რომელიც უცვლელია.

მე არის მარადიული ძალა, რომელიც საგანს, ნივთს, მოვლენას აქცევს იმად, რაც არის. ყველაფერი მეს ძალით მყოფობს, როგორც იგივეობრივი თავის თავთან. ამ მეთა შორის უმნიშვნელოვანესია: მეფობა (ნამლუგალ), მწყემსობა (ნამსიპა), კვერთხი, სამეფო ტახტი, ქურუმობა, სამსხვერპლო ცეცხლი, საკრალური ქორწინების რიტუალი (ჰიეროგამია), უფროს-უმცროსობა, სიყვარული, მეგობრობა და მტრობა მასთან ერთად, სიკეთე, ტანჯული გული, წრფელი ენა, ცოლ-ქმრული ურთიერთობა, სიხარული, გოდება, ქალაქთა შენება და ქალაქთა დაქცევა მასთან ერთად, სიბრძნე, გამარჯვების ყიჟინა, გმირობა, მხნეობა და შიში მასთან ერთად, ჭეშმარიტება და სიცრუე მასთან ერთად, კალატოზობა, მჭედლობა, მწერლობა, მუსიკა და მუსიკალური ინსტრუმენტები... ანუ ყველაფერი, რაც ხდება ადამიანთა შორის, რასაც მოიმოქმედებს და გააკეთებს იგი. როგორც დავინახეთ, მათ შორის უარყოფითი მოვლენებიც არის. ასეც უნდა იყოს, რადგან ასეთია ცხოვრება. მეთა ერთობლიობა ასახავს მთელ სინამდვილეს თავისი დადებით-უარყოფითი მხარეებით.

შუმერულ ენაზე შემონახულია ქალაქ ურუქის ცივილიზაციის დაფუძნების მითოსი, სადაც ასამდე მეა ჩამოთვლილი, მეები, რომლებიც ინანამ თავისი ქალაქისთვის ერიდუდან, ცივილიზაციის უძველესი ცენტრიდან მოიტანა. ისინი ენქის, ოკეანისა და სიბრძნის ღმერთის საბრძანებელში ინახებოდა. მეთა მოპოვების ამბავი ასეა მოთხრობილი: თავის საპატრონებელ ქალაქზე დღენიადაგ მზრუნველი ინანა ნავით მიემართება ერიდუსკენ, რათა ენქის როგორმე გამოსტყუოს ქალაქისთვის ესოდენ აუცილებელი მეები. ამისათვის იგი საგანგებოდ გამოეწყობა, მოიკაზმება, პირისახეს გაიმშვენიერებს ენქის მოსახიბლად. ენქი მართლაც მოიხიბლება უცხო ასულით, რომელშიც იგი ვერ გამოიცნობს ინანას, შორიდან მოკრავს მას თვალს და უბრძანებს თავის მაცნეს ისიმუდს, გაშალოს სუფრა სხვადასხვა ნუგბარის სასმელ-საჭმელით და მოიპატიჟოს მშვენიერი ქალწული. მიუსხდნენ სუფრას, სტუმარმა მიირთვა სხვადასხვა კერძები, ტკბილეულობა, მაგრამ სასმელებს – ღვინოს და ლუდს არ მიკარებია. ენქი კი, მასპინძელი, თასს თასზე სცლიდა და, როცა შეთვრა, როგორც ხდება, აღუთქვა ინანას, რომ მას ყოველ თხოვნას შეუსრულებდა. ინანას ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა – მეები. სასმელმოძალებულმა ენქიმ გაუღო საგანძურები და, როგორც კი ენქის ჩაეძინა, ინანამაც დაუყოვნებლივ ხომალდზე გადაზიდა სანუკვარი ტვირთი. გაცურეს, აყვნენ ევფრატის აღმა დინებას, ურუქისკენ აიღეს გეზი. ამასობაში გაეღვიძა ენქის, გამოფხიზლდა და, როცა ცარიელი საგანძური ნახა, მოიხმო ისიმუდი, რომელმა მოახსენა მისი წუხანდელი გულუხვობის ამბავი. მეტი რა გზა იყო, უნდა დადევნებოდნენ ინანას და წაერთმიათ მისთვის ხომალდი, უკან დაებრუნებინათ მეები, ინანა კი ფეხით წასულიყო ურუქს. დაედევნა ისიმუდი, მაგრამ ამაოდ, შორს გაეცურა ინანას ხომალდს. დაბრუნდა უკან და ენქის რისხვა დაიმსახურა. ახლა შვიდი ზღვაური გველეშაპი გააყოლა. და დაეწივნენ გველეშაპები ინანას ხომალდს. გასძახა ისიმუდმა ინანას: ქალწულო ინანა, ბრწყინვალე ქალბატონო! ენქი გთხოვს უკაბ დაუბრუნო განძი, ღვინით გაბრუებულმა რომ გისაჩუქრა. ინანამ მიუგო: როგორ? დიდი ღმერთი თავის სიტყვას შეცვლის? ფიცის გატეხა ეკადრება ღმერთს? ღმერთები მოწმენი არ არიან? მაშინ გველეშაპები ჩაეჭიდნენ ხომალდს, მაგრამ ინანამ შემწედ თავისი მსახური უშიშარი ნინშუ გამოიხმო, რომელმაც გაფანტა გველეშაპები, შვიდგზის რომ შეეცადნენ, ხომალდი გამოეტაცნათ ინანასგან. დაბრუნდა ისიმუდი ხელმოცარული. ახლა ორმოცდაათი ბუმბერაზი გააყოლა ენქიმ ისიმუდს და კვლავ დაედევნა ისიმუდი ინანას. დაეწივნენ და, ვიდრე ისიმუდი და ინანა ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, ბუმბერაზები ცდილობდნენ ხომალდის უკან მობრუნებას. მაგრამ ამჯერად ინანამ თავის ერთგულ მაცნეს, ნინშუბურს მოუხმო და მანაც არ დააყოვნა, ელვის სისწრაფით ქალღმერთის ხომალდთან გაჩნდა. გაფანტა გველეშაპები და ხომალდმა ურუქისკენ განაგრძო სვლა. დაბრუნდა უკან ისიმუდი. ახლა ენქიმ დიდი თევზები გააყოლა, მაგრამ ამჯერადაც მოიგერია ინანამ თავდამსხმელები. ასე ძლევამოსილად შეაცურა ინანამ მეებით დატვირთული ხომალდი ურუქის უბეში. გადმოიღეს ტვირთი და ქალაქის კარიბჭესთან დაახვავეს მთელი მოსახლეობის თვალწინ. დაკლეს ურიცხვი ხარი და ცხვარი, ღვარივით მოედინებოდა ლუდი და ღვინო, მრავლად დაუღვარეს ქალღმერთსაც, აახმიანეს დაფდაფები და წინწილები; აღუვლინეს ქება-დიდება მფარველ ინანას, რომელმაც ასეთი ძვირფასი დოვლათით აავსო ქალაქი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები