მეგოდრეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგოდრეთუხუცესი - მსახურთუხუცესის უწყების მოხელე, მეფეთა და დედოფალთა სიგელების, სამეფო კარის უწყებათა ადმისტრაციული და სამეურნეო-საფინანსო ანგარიშების შემნახველი და მცველი.

მეგოდრეთუხუცესი განაგებდა მეგოდრეთა საქმიანობას, რომლებიც სასახლის სხვადასხვა დაწესებულებას ემსახურებოდნენ: საწოლსა და სალაროს, საჭურჭლეს, ზარადხანას, საღვინეს - ყველას, სადაც კი ხდებოდა დოკუმენტების შედგენა, განძეულისა და სხვა ტიპის საქონლის აღნუსხვა-ანგარიში. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მეგოდრეთუხუცესის როლი განსაკუთრებით გამოკვეთილია რეთუხუცესთან და მეჭურჭლეებთან მიმართებით. აღწერილია მთელი პროცედურა, რის შემდეგაც აღწევდა დოკუმენტი მეგოდრეთუხუცესამდე: ჯერ მწიგნობარი გაამზადებდა სიგელებს, შემდეგ მეჭურჭლე თოფრაში ჩაალაგებდა და მოლარეთუხუცესს მიართმევდა, რომელსაც სიგელებზე „დიდი სასიგელე ბეჭედი“ უნდა დაესვა. სიგლის დედნები პატრონს ჩაბარდებოდა, ხოლო სიგლის ასლები - მეგოდრეთუხუცესს, რომელიც მათ გოდორში ათავსებდა და კუთვნილ ადგილს უჩენდა საჭურჭლეში, სადაც თავს იყრიდა სასახლის დოკუმენტაცია (მეფის სიგელები, ზარადხანისა და საღვინის აღწერა-ანგარიშები) და, როგორც ჩანს, სამეფო არქივის დანიშნულებას ასრულებდა. ამ პროცედურებში მონაწილე ყველა მოხელეს, მათ შორის მეგოდრეთუხუცესს, გადაკვეთილი წილი ერგებოდათ იმ საფასურიდან, რომელსაც სიგელის მიმღები მხარე იხდიდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, სალაროს მოლარეს სიგელის ადრესატისაგან ორი დუკატი ერგებოდა, მეგოდრეთუხუცესს - ერთი. ივ. სურგულაძის დაკვირვებით, მეგოდრეთუხუცესს ბეჭდის შენახვაზეც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა - გოდორში შეიძლებოდა შეენახათ საბეჭდედ გამზადებული, ზონარგაყრილი ლითონის ნაჭრებიც, მაგრამ თავად ბეჭედი მეგოდრეთუხუცესებს მკაცრად უნდა დაეცვათ. XVII ს-იდან შემორჩენილი მცირეოდენი ცნობები ქართლის სამეფო კარის მეგოდრეთუხუცესთა შესახებ უჩვენებს, რომ ისინი სამეფო აზნაურულ წრეს (ყორღანაშვილები) ეკუთვნოდნენ.


წყაროები და ლიტერატურა

  • ხელმწიფის კარის გარიგება 1970: 37;
  • სურგულაძე 1970: 99;
  • ანთელავა 1983: 36-38.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები