მევენახეობა და მეღვინეობა (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მევენახეობა და მეღვინეობა (1919-1920) - ყოველთვიური ჟურნალი. რედაქტორი კ. ბერეკაშვილი. გამოიცემოდა ქუთაისსა და თბილისში. სარედაქციო საბჭოში იყვნენ: ტ. ბააკაშვილი, ა. ეგოროვი, თ. მეგრელიშვილი, ე. ნაკაშიძე, ს. ტიმოფეევი, ს. ხუნდაძე, ს. ჩოლოყაშვილი და სხვ.

ჟურნალი სპეციალიზებული გამოცემა იყო და მიზნად ისახავდა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ყოველმხრივ წარმოჩენასა და განვითარების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით მკითხველის ინფორმირებას. არაერთი პუბლიკაცია შეეხება დარგის როლს საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის, სპეციალისტებისა და ხელმძღვანელების სიმცირეს.

ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზები განხილულია 1920 წლის მეოთხე ნომერში გამოქვეყნებულ კ. ბერეკაშვილის წერილებში: „ერობები და მევენახეობა“, „ვაზის სნეულება ჭრაქი (მიდიუ)“. რედაქცია ცდილობდა, გაეფართოებინა მკითხველის ცოდნა ამ მიმართულებით, ამიტომაც აცნობდა მას უცხოურ გამოცდილებას. საფრანგეთში მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარების შესახებაა საუბარი ვ. ბიბილაშვილის წერილში „წყარო კეთილდღეობისა (წერილი საფრანგეთიდან)“. ჟურნალი უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან სიახლეს. მაგ., სათაურით „მეღვინეობის სადგური განყოფილებებით“ იბეჭდება მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე წაკითხული ა. ა. ეგოროვის მოხსენება, რომელიც შეეხება საქართველოში, კერძოდ, თბილისში, მეღვინეობის სადგურის დაარსების საკითხს და შემდგომ მისი ფილიალების გახსნას კახეთში, წინანდალსა და იმერეთში.

გამოცემა მკითხველს სთავაზობს ცალკეულ რეკომენდაციებს ვენახის მოვლის შესახებ (კ. მოდებაძე - „მორიგი მუშაობა აპრილში“). იბეჭდება „კორესპონდენციები“ საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან (კავთისხევი, მანავი, ჩაილური). ჟურნალში გვხვდება რუბრიკები: „ცნობები“ - მევენახეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: „სასოფლო მეურნეობის სასწავლებელი“, „შაბიამანი და გოგირდი“, ვაზის საწალებელი მანქანები“, „აქციზი ღვინოზედ“ და სხვ.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • ჟურ. „მევენახეობა და მეღვინეობა“ - 1919, №1-2, 1920, №3-4;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები