მეთუნეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეთუნეობა

მეთუნეობა, (კერამიკა) - გამოყენებითი ხელოვნების სახეობა. მეთუნეობის ხელოვნება. თიხის ნაკეთობანი, აგრეთვე მინერალური და ორგანული ნივთიერებების ბუნებრივ თიხასთან შერეული მასის ქვის სიმკვრივემდე გამომწვარი ნაკეთობანი.

ნივთიერ კულტურაში უაღრესად ფართო ადგილი უჭირავს მეთუნეობასა და სამეთუნეო ნაწარმს. იგი დაკავშირებულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის თითქმის ყველა სფეროსთან.

საქართველოში კერამიკის ისტორია უხსოვარ დროში იღებს სათავეს, კერამიკის წარმოების დაწყება კაცობრიობის ახალი ეტაპის მაუწყებელია. გარკვეული ხანიდან თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად იქცა. ამან განაპირობა კერამიკული ფორმების შესაბამისობა მის ფუნქციასთან. ამიტომაა არქეოლოგიურ მონაპოვართა ფორმები ასეთი ლამაზი და მრავაფეროვანი.

ენეოლითის ხანიდან მოყოლებული სამამულო კერამიკამ განვითარების რთული გზა განვლო. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ფორმების, ფერებისა და მხატვრულად გაფორმების ხანგრძლივი ცონდა და გამოცდილების დაგროვება. უკვე ძვ.წ.ა. დასასრულისთვის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან, მემინდვრეობა, მესაქონლეობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგები, რომელთა განვითარების უწყვეტობა დღევანდლამდის მოიტანა ქართულმა ხალხურმა კერამიკულმა წარმოებამ.

მეთუნეობა

მეთუნეობის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა. თავდაპირველად ქალის მიერ ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი - მორგვი, რაზედაც ჭურჭელი კეთდება. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა, კერამიკული წარმოება ქალიდან მამაკაცის ხელში გადავიდა. ჩარხმა მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად აქცია.

კერმიკული ცენტრების აღმოცენება მარტო არსებული შესაფერისი თიხის საბადოებით კი არ განისაზღვრება, არამედ შემოსავლის ახალი წყაროს ძიებითაც. კერამიკული წარმოების ცნობილი კერების შემოწმებით დასტურდება, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას ვარგისი მიწის უმნიშვნელო ფართობი ჰქონდა, რის გამოც მიწათმოქმედება საჭირო შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იძლეოდა. ამ გარემოებამ კი კერამიკული წარმოება საქართველოს ზოგიერთ სოფელში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარსებო წყაროდ გადააქცია.

მეთუნეობა

ძლიერ ტრადიციებზეა დამყარებული XIX-XX საუკუნეების ქართული ხალხური კერამიკული წარმოება, რაზეც მეტყველებს თიხის ჭურჭელის დამზადების კერები:

  • ქიზიყში - ბოდბისხევი, ანაგა, ვაქირი;
  • გარე კახეთში - ნინოწმინდა, კაკაბეთი;
  • შიდა კახეთში - თელავი, რუისპირი, იყალთო, ველისციხე;
  • ქართლში - თბილისი, მცხეთა, არაგვისპირი, ცხავატი, გორი, მეჯვრისხევი, ვანათი, ქემერტი, დმანისი, წაღვლი;
  • იმერეთში - შროშა, საწაბლე, მაქათუბანი, გეზრული, ბოსლევი, ჯოყოეთი, დიდწიფელა, ჩხირაული, რიონი, ვარციხე;
  • გურიაში - აკეთი, აცანა, ნაგომარი;
  • ლეჩხუმში - საირმე;
  • რაჭაში - ონი, შეუბანი, ლაჩთა;
  • სამეგრელოში - ნამიკოლოვო, გურძემი;
  • აფხაზეთი - გუდაუთა;
  • აჭარა - ხეცუბანი.

ცხოვრების პირობების გარდაქმნასთან დაკავშირებით აღნიშნულ წარმოების სახელგანთქმულ ცენტრებში დღეს მეთუნეობა უკიდურესად დაეცა და მხოლოდ რამდენიმე ცენტრიღა ფუნქციონირებს.

ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეებია:

  1. წყლის ჭურჭელი;
  2. რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ჭურჭელი;
  3. მევენახეობასთან დაკავშირებული ჭურჭელი;
  4. სამზარეულო ჭურჭელი;
  5. ჭურჭელი პურეულისთვის;
  6. საამშენებლო კერამიკა;
  7. სპეციალური დანიშნულების საგნები.

თიხის ჭურჭლის დამზადებისა და მისი შემკულობის მიხედვით მასალის კლასიფიკაცია შემდგენაირად ჯგუფდება:

  1. წითელი ჭურჭელი;
  2. მოწერნაქებული ჭურჭელი;
  3. მოჭიქული ჭურჭელი;
  4. ზეთის საღებავით მოხატული ჭურჭელი.

ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, კერამიკული წარმოება საქართველოში, 1995.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი [კატეგორია:ხელობა]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები