მეკრენჩხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეკრენჩხი – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში

მეკრენჩხი – წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძნის გემოთი, ტრანსპორტაბელობითა და შენახვის უნარიანობით იგი მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

მეკრენჩხი გურიაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, ე.წ. „მაკურენჩხის“ სახელწოდებით. გურიაში შერჩენილი მაკურენჩხისა და აჭარაში ამჟამად არსებული მეკრენჩხის ერთმანეთთან შედარება მათ სრულ იდენტურობას ადასტურებს.

სოფ. ვაიოსა და ზვარეს მიდამოებში მეკრენჩხს დამატებით „მეკრენჩხალასაც“ ეძახიან.

მეკრენჩხის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში მეტად მცირე მასალა მოიპოვება. ასე, მაგალითად, ს. ტიმოფეევი (8) მას გურია-აჭარის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს და სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის ათავსებს. ამ ჯიშის მხოლოდ დასახელებას, გავრცელების არეალის აღნიშვნით, ვხვდებით აგრეთვე აკად. ივ. ჯავახიშვილის (5), ერ. ნაკაშიძისა (7) და ვიალას შრომებში (10). უფრო დაწვრილებითი ცნობები მისი წარმოშობისა და თვისებების შესახებ არსებულ ლიტერატურულ წყაროებში არ მოიპოვება.

მაკურენჩხისა და მეკრენჩხის (მეკრენჩხალას) შესწავლას ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით გურია-აჭარაში. შესწავლის შედეგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დადასტურდა, ჯერ ერთი, მაკურენჩხისა და მეკრენჩხის სრული იდენტურობა, მეორე, ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნების მიხედვით იგი მოექცა გურია-აჭარის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფში, როგორც კოლხეთის ვაზის კერის ტიპიური წარმომადგენელი. ამრიგად, მეკრენჩხი გურია-აჭარის ენდემურ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და, როგორც ამ მხარეთა თვალსაჩინო წარმომადგენელს, არავითარი კავშირი არა აქვს აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ასორტიმენტთან.

წარსულში მეკრენჩხი, ანუ მაკურენჩხი, ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარებად გურია-აჭარის მთისპირა სოფლებში. როგორც გადმოგვცემენ, მეკრენჩხის ყურძენს ძირითადად საჭმელად ხმარობდნენ, რისთვისაც მას ხშირად ვაზებზე ტოვებდნენ შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში და მხოლოდ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ. ზოგიერთი მეურნე მეკრენჩხისაგან ღვინოსაც აყენებდა, მაგრამ იგი ხანგრძლივად არ ინახებოდა და ხარისხითაც ჩამოუვარდებოდა გურია-აჭარაში გავრცელებულ უფრო საინტერესო საღვინე ჯიშებს (ჩხავერს, ჯანს, მტევანდიდს, ბროლას, ხოფათურს და სხვ.).

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად მეკრენჩხის მაღლარები მასობრივად განადგურდა. გადარჩენილია მხოლოდ ერთეული ძირები (გურიაში – შემოქმედის, ლიხაურის, ბახვის, ხოლო აჭარაში – ვაიოს, ქედის, ზვარეს მიკრორაიონებში). მაღლარად გაზრდის გამო მათი მოსავლიანობა მხოლოდ ხელსაყრელი ამინდისაგანაა უშუალოდ დამოკიდებული. ნამყენების სახით, დაბლარად, მეკრენჩხი გაშენებულია ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე. მისი ზრდა-განვითარება, მოსავლიანობა და პროდუქციის ღირსება სავსებით დამაკმაყოფილებელია და იგი ამართლებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

აღწერილია მეკრენჩხის როგორც მაღლარი, ისე დაბლარი ვაზები. მაღლარ ვაზებზე სათანადო დაკვირვებები ჩატარდა სოფ. ვაიოში (ქედის რ-ნი), ხოლო დაბლარ ვაზებზე – ისევ იმავე რაიონის სოფ. ქედაში, ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე.

ახალგაზრდა ყლორტი

კვირტები გაშლის პერიოდში ქეჩისებრ არის დაფარული თეთრი-მონაცისფრო ბუსუსით. ზრდის კონუსიც ქეჩისებრადაა დაფარული ბუსუსით და მომწვანო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერი აქვს და ქეჩისებრაა დაფარული ბუსუსით. ქვედა მხრიდანაც მისი შებუსვა ქეჩისებრია. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ღია მომწვანო-იისფერია; მეორე ფოთოლი უფრო სქლად, ხოლო მესამე მცირედაა შებუსვილი. ქვედა მხრიდან როგორც მეორე ისე მესამე ფოთოლის შებუსვა ქეჩისებრია.

ახალგაზრდა ყლორტი მრგვალი და ღია მწვანე ფერისაა, რომელიც სქლადაა დაფარული თეთრი-მონაცისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.

ერთწლიანი რქა

შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია და მოყავისფრო. მუხლები უფრო მუქია. მუხლთაშორისის სიგრძე 6-17 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მოყვანილობით მომრგვალო ან ოვალურია, იგი მცირედ ან საკმაოდ დანაკვთულია. მისი საშუალო სიგრძე 15,4-15,8 სმ, ხოლო სიგანე 15,3-15,7 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრია და მახვილფუძიანი. კიდურების ნაკვთები სამი ძაღრვისაგან შედგება. გვხვდება ელიფსური მოყვანილობის ამონაკვეთებიც, რომელთა ნაკვთები ერთმანეთს მცირედ ეხება და სამი ძარღვისაგან შედგება.

ზემო ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია; იშვიათად საკმაოდ შეჭრილ კუთხესაც ქმნის. ქვედა ამონაკვეთი ოდნავ ჩაჭრილია.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალებული წვერით, იშვიათად ხერხკბილა სამკუთხედისებრიცაა. მეორეული კბილები ფორმით მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია ბუსუსით. მისი ზედა მხარე გლუვია და ზოგჯერ ბადისებრ-დანაოჭებული. ფირფიტა ბრტყელია; იშვიათად ძაბრმაგვარ ღარისებრაა მოხრილი ან ნაპირები ქვემოთ აქვს ჩამოშვებული. მთავარი ძარღვები საკმაოდ შებუსვილია და ღია მწვანე ფერისაა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0,8-1,0. ყუნწი ოდნავ შებუსვილი და ღია მწვანეა, ფუძესთან კი გადადის წითელ ღვინისფერში.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები და ბუტკო ნორმალურადაა განვითარებული. იშვიათ შემთხვევაში ზოგ ყვავილში გვხვდება დეფექტური მტვრიანებიც, განვითარებული მოკლე, მოკაკულ სამტვრე ძაფებზე. ყვავილში ხშირად 5 მტვრიანაა; იშვიათად გვხვდება 4 და 6 მტვრიანაც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 300-მდე აღწევს.

მტევანი

მტევნის ყუნწის სიგრძე 3-5 სმ, მტევნის სიგრძე 10-16 სმ, ხოლო სიგანე 6-10 სმ აღწევს.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია, მეჩხერი აგებულებისაა, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივისაც გვხვდება. მტევნის ყუნწი კლერტითურთ ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-5 მმ აღწევს. ყუნწი მწვანე ფერისაა, ხოლო ფუძესთან წითელი ღვინის ფერს იღებს. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მუქი ლურჯი (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისა ან საშუალოზე უფრო მსხვილი აქვს. მარცვლის სიგრძე 13-19 მმ, ხოლო სიგანე 12,7-18,8 მმ უდრის. მარცვალი ფორმით მომრგვალოა, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია, სქელკანიანია და ადვილად საღეჭი. შემოდგომის პერიოდში ხშირი წვიმების შედეგად მარცვლის კანი ზოგჯერ სკდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხზე. მარცვალი უფრო მეტად ხორციანი და შედარებით ნაკლებწვნიანია, მეტად სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. ცვილით მარცვლის კანი უხვადაა დაფარული.

წიპწა

მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 3 წიპწა. წიპწის სიგრძე 6-6,5 მმ, ხოლო სიგანე 3-4 მმ აღწევს. წიპწა თითქმის ყავისფერია, მოწითალო ელფერით მუცლის მხრიდან, ღარებში კი – მოყვითალოა. ქალაძა კარგადაა გამოსახული და მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა წელში. ფორმით მოგრძო ოვალურია და ზურგის მხარე გლუვი აქვს. ნისკარტი მოყვითალოა, მისი სიგრძე 1-1,2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებები მეკრენჩხის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა აჭარაში, ქედის რაიონის სოფ. ვაიოსა და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე.

ცალკეული ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე ხუთი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებათა შედეგების საშუალო მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ 1-ლ ცხრილში.


ცხრილი 1
მეკრენჩხის სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
(5 წლის საშუალო)
დაკვირვების ადგილი კვირტების გაშლის დასაწყისი ყვავილობის დასაწყისი შეთვალების დასაწყისი ყურძნის სრული სიმწიფე დრო კვირტის გაშლიდან ყურძნის სიმწიფემდე (დღეები) ფოთოლცვენის დამთავრება დრო კვირტის გაშლიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე (დღეები) აქტიურ ტემპერატურის ჯამი გრადუსობით
სოფ. ვაიო (ქედის რ-ნი 10.IV 12.VI 1.IX 25.X 198 28.XI 231 3820
სოფ. ქედა, ვაზის საკოლექც. ნაკვ 6.IV 8.VI 28.VIII 20.X 197 2.XII 239 3800

სოფ. ვაიოს ზონაში მეკრენჩხის სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტების გაფურჩქვნიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე 231 დღეს უდრის, ხოლო ქედის საკოლექციო ნაკვეთზე 239 დღემდე აღწევს. სოფ. ვაიოს ზონაში მაღლარი ვაზების ვეტეგაცია დაბლართან შედარებით 10-15 დღით მცირდება, რაც გამოწვეულია სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ფოთლების ნაადრევად ჩამოცვენით. დაბლარ ვაზებზე კი, თუ იგი სათანადოდ მოვლილია, ფოთოლცვენა დეკემბერშიც გრძელდება და ხშირად 8-10 დეკემბრამდე მიმდინარეობს. ცალკეული ბიოფაზების მიხედვით მეკრენჩხის ვაზზე კვირტების გამოფურჩქვნა იწყება 6-10 აპრილიდან. ყვავილობის პირველი ნიშნები ემჩნევა 8-12 ივნისიდან, ხოლო ყვავილობა 23-25 ივნისამდე გრძელდება. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, ხოლო მასობრივად ყურძენი მწიფდება 20-25 ოქტომბრიდან. ფოთოლცვენა ნოემბერის შუა რიცხვებიდან იწყება და დეკემბრის პირველ რიცხვებში მთავრდება. ქედის რაიონის სოფ. ვაიოსა და თვით ქედის მიდამოებში მაღლარად გაშენებული მეკრენჩხის ვეგეტატიური ნაწილების (რქების) მხოლოდ 70-75% ასწრებს მომწიფებას ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვის, ხოლო 90-95%-ით სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის. რქის წვერები და დამატებითი რქები ხშირად ვერ ასწრებს მომ-წიფებას და ზამთარში ადვილად იყინება. დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე, რადგან სამუშაო ოპერაციები დროულად და ხარისხიანად ტარდება, დარჩენილი ვეგეტატიური ნაწილები რქების სახით სრულ მომწიფებას ასწრებს ყურძნის მასობრივად დამწიფების პერიოდისავთის და ამ დროისათვის რქები იღებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ფერს.

როგორც მაღლარ, ისე დაბლარ ვაზებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ თავისი ზრდა-განვითარებით მეკრენჩხი საშუალოდ ან საშუალოზე ძლიერ მოზარდ ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქები ხშირად 2 მ, ხოლო ზოგჯერ მეტ სიგრძეს აღწევს.

მოსავლიანობა

მაღლარად აღზრდილი მეკრენჩხის მოსავლიანობა ცვალებადია. ვაზების მაღლარად განვითარების გამო მათი მოვლა არ წარმოებს, ვაზები თავის ნებაზეა მიშვებული და მათი მოსავალი უშუალოდ ამინდის პირობებზეა დამოკიდე-ბული. ხელსაყრელი ამინდის დროს ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 20-30 კგ აღწევს.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ დაბლარად ფორმირებისა და სათანადოდ მოვლის შედეგად მეკრენჩხის როგორც ზრდა-განვითარება, ისე მოსავალი და, რაც მთავარია, პროდუქციის ღირსება მკვეთრად უმჯობესდება. ამის დამადასტურებელია ქედის საკოლექციო ნაკვეთზე არსებული ვენახები, სადაც მაღლართან შედარებით აშკარადაა გამოვლენილი მეკრენჩხის ფრიად მნიშვნელოვანი დადებითი თვისებები.

აქვე მოგვყავს მაღლარად და დაბლარად ფორმირებული ვაზების მოსავლიანობის მაჩვენებლები უკანასკნელი ხუთი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით (იხ. ცხრ. 2).


ცხრილი 2
მეკრენჩხის ყურძნის მოსავლიანობის მაჩვენებლები
(5 წლის საშუალო)
დაკვირვების წარმოების ადგილი მოსავლიანი რქები %-ით მოსავლიანობის კოეფიციენტი რქაზე მტევნის რაოდენობა მტევნის საშუალო წონა გ-ით ერთი რქის მოსავლიანობა გ-ით ერთი ძირის მოსავალი კგ-ით მოსალოდნელი მოსავალი ერთ ჰექტარზე ცენტნერობით
სოფ. ვაიო (ქედის რ-ნი 1.7 2 100.0 172.0 20-30 40-45
ვაზის საკოლექც. ნაკვეთი სოფ. ქედა (ქედის რ-ნი) 78-80 1.8 2 178.0 250.0 2,5-3,0 85-95

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მაღლარი ვაზების მოსავალი მეტად ცვალებადია, გარდა ამისა პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებითაც მაღლარის პროდუქცია დაბლარისას ჩამორჩება. აღსანიშნავია მხოლოდ ზოგიერთი ჯიშური თვისებების უცვლელობა მაღლარად და დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე. მაგალითად, მოსავლის კოეფიციენტი 1,7-დან (მაღლარი) – 1,8-მდე (დაბლარი) მერყეობს. ასევე ითქმის რქაზე მტევნების რიცხვზე. როგორც მაღლარზე, ისე დაბლარზე მტევნების რიცხვი მასობრივად ორია და იშვიათად კი ერთი, ხოლო ტიპიურობის მხრივ მაღლარზე განვითარებული მტევანი ჯიშისათვის ნაკლებად დამახასიათებელია, ვიდრე დაბლარისა; დაბლარის მტევანი და მარცვალი გარეგნული სილამაზით და ტიპიურობით სავსებით ამართლებს მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

ჯიშმა იცის ყვავილცვენა, რაც 15%-მდე აღწევს. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 2-3% შეადგენს.

შემოდგომით, ხანგრძლივი წვიმების მოქმედების გამო, მეკრენჩხის მარცვლები სკდება, რომელთაც აზიანებს მწერები და ამის შედეგად მოსავლიანობა საგრძნობლად მცირდება.

გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ

მეკრენჩხის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტია; განსაკუთრებით მგრძნობიარობას იჩენს იგი ნაცრის მიმართ. ავადმყოფობათა მოქმედება მკვეთრადაა გამოსახული მაღლარებზე. არახელსაყრელი ამინდის დროს ყურძენი მასობრივად ავადდება. დაბლარ ვაზებზე სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება შენელებულია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მოვლის გაადვილების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება; ყოველ შემთხვევაში ნაცრის მიმართ ერთხელ დამატებითი შეწამვლა სავსებით საკმაოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ფილოქსერისადმი მეკრენჩხის გამძლეობა მეტად სუსტია. ამას ადასტურებს მაღლარი ვაზების მასობრივი გადაშენება. როგორც აღნიშნული იყო, ამჟამად იგი მხოლოდ ერთეული ძირების სახით არის შემორჩენილი საკუთარ ძირზე მახარაძის რაიონში.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

დაკვირვებებით ირკვევა, რომ მეკრენჩხი გარემოსადმი თუმცა არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას და წარმატებით ვითარდება ყველა ეკოლოგიურ პირობებში, მაგრამ შემოდგომაზე ხანგრძლივი წვიმების მოქმედების შედეგად მარცვალი სკდება მასში წყლის მოჭარბებული რაოდენობით დაგროვების გამო. ამიტომ დაბლობ ადგილებში, სადაც გრუნტის წყალი ნიადაგის ზედაპირთან ახლოა და ამავე დროს ჰაერის შეფარდებითი ტენიანობაც მაღალია, ამ ჯიშის გავრცელებას უნდა ვერიდოთ.

მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით მეკრენჩხი უნდა გაშენდეს მზით უხვად განათებულ და შემაღლებულ მთისპირა მიკრორაიონებში.

მსგავსად სხვა ადგილობრივი ჯიშებისა, მეკრენჩხი ზამთრის ყინვებს (გურია-აჭარაში – 6-10) სავსებით დამაკმაყოფილებლად უძლებს. ვაზის გამოღვიძება და შემდგომი განვითარება სავეგეტაციო პერიოდის მთელ მანძილზე დაუბრკოლებლად და ნორმალურად მიმდინარეობს.

ჯიშის აგროტექნიკის საკითხებიდან ყურადღება უნდა მიექცეს გასხვლა-ფორმირების საკითხს. როგორც დაკივრვებით გამოირკვა, მეკრენჩხი ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე გასხვლას; აგრეთვე, თუ სათანადოდ იქნა მოვლილი, მაღლარადაც ვითარდება და დაბლარადაც. ამრიგად, გასხვლა-ფორმირების მხრივ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს, მხოლოდ სამუშაო ოპერაციების გაადვილებასთან ერთად მოსავლის კიდევ უფრო გადიდებისა და პროდუქციის ხარისხობრივ გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მეკრენჩხის დაბლარად დაყენება ამაღლებული შტამბით და თავისუფალი წესით ფორმირება 24-30 კვირტით დატვირთვით ან კორდონისებრი ფორმის მიცემით ორ მხარზე, თითოეულ მათგანზე ორ-ორი სანაყოფე და სამამულის დატოვებით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით მეკრენჩხი ადგილობრივი მნიშვნელობის მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის მომცემი ჯიშია. მისგან დაყენებული ღვინო ნაკლებ ჰარმონიულია და ხანგრძლივი შენახვის უნარს მოკლებული. სამაგიეროდ ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ვაზზე დატოვებული ყურძენი იანვრამდე ძლებს და არ ჭკნება, ხოლო დაკრეფილი გაზაფხულამდე ინახება.

მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის მეკრენჩხის ყურძნის ნიმუშები აღებულია სოფ. ვაიოდან (ქედის რ-ნი), რომელთა ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: 100 გ მტევანზე 60-მდე მარცვალია. საშუალო მტევანზე კლერტი შეადგენს 6,0%, კანი – 19,6%, წიპწა – 3,6% და წვენის გამოსავლიანობა – 65,0%. დიდი მტევნის წონა 135 გ, ხოლო მცირესი – 80 გ უდრის.

100 მარცვლის საშუალო წონა 158 გ შეადგენს. 100 მარცვალში 308 წიპწაა, წონით 7 გ. ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 3%, ორწიპწიანი – 16%, სამწიპწიანი – 51% და ოთხწიპწიანი – 30%.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 17-18%-მდე, ხოლო მჟავიანობა – 9,1‰-მდე აღწევს.

ჯიშის საერთო შეფასება და დარაიონება

დასავლეთ საქათრველოში გავრცელებულ სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის მეკრენჩხი ფართო ყურადღების ღირსია, მით უმეტეს ამჟამად, როდესაც მწვავედ ისმის შავი ზღვის სანაპირო ზონაში კურორტთა ხარისხოვანი სუფრის ყურძნით უზრუნველყოფის საკითხი.

მეკრენჩხი, როგორც გურია-აჭარაში აღზრდილი და საუკუნეთა განმავლობაში აკლიმატიზებული ჯიში, ამ მხრივ უაღრესად პერსპექტიულია, როგორც უხვმოსავლიანმა და მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის მომცემმა აბორიგენულმა ჯიშმა, მან ფართო გავრცელება უნდა პოვოს გურია-აჭარაში. გურიაში – მდ. ბახვისწყლის, გუბაზოულის და სუფსის ხეობათა შუა წელის მთისპირა სოფლებში, ხოლო აჭარაში – აჭარისწყლის ხეობაში, ქედისა და შუახევის რაიონებში.

ვინაიდან მეკრენჩხის ყურძენი მოჭარბებული ტენიანობის შედეგად ზიანდება, მისი გაშენება დაბლობ ადგილებში, სადაც გრუნტის წყალი ნიადაგის ზედაპირთან ახლოა და ამავე დროს ჰაერის შეფარდებითი ტენიანობაც მაღალია, მიზანშეუწონლად უნდა იქნეს მიჩნეული. უხვი და ხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით, იგი უნდა გაშენდეს სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობ ადგილებზე დაბლარად, მაგრამ ამაღლებული შტამბითა და კორდონისებური გაფორმებით.

ფილოქსერისადმი ამ ჯიშის სუსტი გამძლეობის გამო, იგი უნდა გავრცელდეს მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერგამძლე ვაზის ძირებზე.


ლიტერატურა

1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. ორბელიანი სულხან-საბა. ქართული ლექსიკონი, თბილისი, 1928.
3. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო წიგნი II, ამპელოგრაფია. თბილისი, 1938.
5. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
6. ჯორჯაძე ლ. მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. თბილისი, 1876.
7. Накашидзе Е. Очерк виноградарства и виноделия Гурии и Мингрелии. Сбор. свед. по виногр. и винод. на Кавказе. вып. IV, Тифлис. 1886.
8. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Артвинском округах. Сборн. свед. по виноград. и винод. на Кавказе, вып. IV, 1886.
9. Шарашидзе Г. Грузинский словарь гурийских, верхне-имеретинскихи лечхумских провинциальных слов. Тифлис, 1938.
10. Viala P. Vermorel V. Ampelographie Traite general de viticulture, r. vol, Masson Paris, 1909.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები