მელიქიშვილი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე მელიქიშვილი'

მელიქიშვილი პეტრე გრიგოლის ძე - (1850, თბილისი - 1927, თბილისი) - ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918-1919), სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1868 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია, 1872 - ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1876 წელს მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში. 1881 წელს დაიცვა დისერტაცია მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (თემაზე -„აკრილმჟავას ნაწარმთა შესახებ“), 1885 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია (თემაზე-„იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ“). 1884 წლიდან აირჩიეს ნოვოროსიის უნივერსიტეტის დოცენტად, ხოლო 1885 წლიდან კი - პროფესორად. 1900 წელს დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ ლომონოსოვის სახელობის პრემია და ოქროს მედალი გადასცა.

1918 წლის იანვარში თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, ახლად დაარსებული უნივერსიტეტის პირველ რექტორად ოდესის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. 1919 პ. მელიქიშვილი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგა. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა 4 ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები. მას ამავე დროს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში.

პ. მელიქიშვილმა შეისწავლა ორგანულ მჟავათა ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი წარმოებულების სინთეზის საკითხები, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ამ საკითხების გამოკვლევებმა ხელი შეუწყო სტერეოქიმიური თეორიის განმტკიცებას. ქართველმა მეცნიერმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მისი გამოკვლევების მეორე ნაწილი არაორგანული ქიმიის საკითხებს ეხება. ამ შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ელემენტის ზემჟავების სინთეზი. ეს კვლევა მან თავის მოწაფესთან, ლ. პისარჟევსკისთან, ერთად შეასრულა (1897-1913). პ. მელიქიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ანალიზური ქიმიის საკითხებსაც. მან დაადგინა თვისებითი რეაქციები ნიობიუმზე, ტანტალსა და მოლიბდენზე. იგი უდიდეს ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის, წიაღისეულისა და საკვები პროდუქტების შესწავლას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თსუ-ში დაარსებულია პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიები.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • ი. გვერდწითელი, პეტრე მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1975;
  • პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი, საქართველოს ეროვნული არქივი.

იხილე აგრეთვე

პეტრე მელიქიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები