მემნონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემნონი(ბერძნ.) ტროას ომის გმირი ჰომეროსის შემდგომდროინდელ მითებში. ეოსისა და ტითონოსის ძე. ეთიოპების მეფე, გოლიათი.

მემნონი ძმამ ჩამოაგდო ტახტიდან. როდესაც ჰერაკლე ჰესპერიდების ბაღისკენ მიემართებოდა (მეთორმეტე გმირობის აღსასრულებლად), ეთიოპია უნდა გაევლო. მან მოკლა მოძალადე მეფე და ისევ მემნონს დაუბრუნა სამეფო სკიპტრა. როდესაც ტროას ომი მძვინვარებდა და ჰექტორი სიცოცხლეს გამოესალმა, მემნონმა თანამებრძოლებთან ერთად ისწრაფა ტროელთა დასახმარებლად. მან მოკლა აქილევსის მეგობარი ანტილოქოსი, ნესტორის ძე. ბერძენთა დიდმა გმირმა, აქილევსმა, შური იძია მეგობრისათვის და მემნონი ტროას კედლებთან განგმირა. ეოსის თხოვნით, ზევსმა უკვდავება მიანიჭა მემნონს. მისი თანამოსაგრეები, გადმოცემათა თანახმად, გარდაისახნენ ჩიტებად და მათ მემნონიდები ეწოდათ. ისინი მოფრინდებოდნენ ხოლმე მემნონის სამარხთან და გლოვობდნენ თავიანთ ბელადს (სხვა ვერსიით, ჩიტებად გარდაისახნენ თავად მემნონის სხეულის ასოები. ეს ჩიტები მემნონის საფლავთან მანამ ებრძოდნენ ერთმანეთს, სანამ ნახევარი არ ამოწყდა).

ძველებმა ვერ შეძლეს ზუსტად ეთქვათ, თუ სად მდებარეობდა ეთიოპია. ზოგჯერ მას ათავსებდნენ სადღაც სამხრეთში. ჰომეროსის მიხედვით, ეთიოპია იყო იქ, საიდანაც „მზე ამოდიოდა“. სხვა ვერსიით, ეს ქვეყანა სირიაშია, ან ეგვიპტეში და ა.შ. სწორედ ამიტომ მემნონს მიაწერდნენ დიდებულ ნაგებობათა შექმნას სხვადასხვა ადგილებში. თურმე მას აღუშენებია დიდი სასახლეები აზიაში. დაუარსებია ქალაქი სუსაელამში. შეუქმნია ფარაონ ამენხოტეპ III-ის გიგანტური ქანდაკებები – ე.წ. „მემნონის კოლოსები“ – ეგვიპტეში. ძველების რწმენით, ერთ-ერთი კოლოსი მზის ამოსვლისას გამოსცემდა ნაღვლიან ხმას. ამბობდნენ, რომ ამ ხმით მემნონი ესალმებოდაო თავის დედას, განთიადის ღვთაება ეოსს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები