მეოცნებე ნიამორები (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მეოცნებე ნიამორები“ ჟურნალი

„მეოცნებე ნიამორები“ (II.1919 - XII.1924, თბილისი) - ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი. ქართველ მოდერნისტ მწერალთა ჯგუფის, „ცისფერი ყანწების” ერთ-ერთი გამოცემა.

პირველი ნომრის რედაქტორები არიან ვალერიან გაფრინდაშვილი და სანდრო ცირეკიძე. შემდგომში ჟურნალს რედაქტორობს მხოლოდ ვ. გაფრინდაშვილი. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი (№11) გამოვიდა „ნიამორების” სახელით. იბეჭდებოდა ქ. თბილისში, გამომცემლობა „კირჩხიბში“, შემდგომ - სამხედრო კომისარიატის სტამბაში. ჟურნალის ბოლო გვერდები ეთმობა რეკლამას.

„ცისფერყანწელთა“ ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ (ნიამორი, სულხან საბას მიხედვით, „კლდის თხას“ ანუ ქურციკს ნიშნავს) წმინდა ლიტერატურულ-ესთეტიკური გამოცემაა, რომელშიც მეტწილად მხატვრული ნაწარმოებები და ლიტერატურული კრიტიკა იბეჭდებოდა. სულ გამოვიდა 16-გვერდიანი ჟურნალის 11 ნომერი. გამოცემის მანძილზე იცვლებოდა მხოლოდ ფასი და ფორმატი, გვერდების რაოდენობა კი უცვლელი რჩებოდა.


ალმანახი შედგებოდა 4 განყოფილებისგან: 1. პოეზია, 2. მხატვრული პროზა, 3. კრიტიკა, 4. ქრონიკა და ბიბლიოგრაფია. ჟურნალის ყველა ნომრის ყდას (პირველი, მე-10 და მე-11 ნომრების გამოკლებით) ამშვენებს ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული გრაფიკული ნახატი, ვინიეტი - მთაზე მდგარი ორი ყელმოღერებული ნიამორი. ეს არის ჟურნალის სახელწოდების, „მეოცნებე ნიამორების“, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ჟურნალის ემბლემად იქცა. სარედაქციო კოლეგიის შესახებ ჟურნალი არაფერს იუწყება. მის მუდმივ ავტორებად გვევლინებიან: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი (ფსევდონიმით – ელენე დარიანი), ტიციან ტაბიძე (ვარამ გაგელი), ვალერიან გაფრინდაშვილი (ტრისტან მაჩაბელი), შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე, გრიგოლ ჯაფარი (ჯაფარიძე), შალვა კარმელი (გოგიაშვილი), რაჟდენ გვეტაძე, სანდრო ცირეკიძე, ლელი ჯაფარიძე, ნიკოლო მიწიშვილი (სირბილაძე), სერგო კლდიაშვილი, დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე), კოკი ებრალიძე, ლილი მეუნარგია, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ ზოდელი (გამყრელიძე), ლევან ასათიანი, ნ. ლ. (ნიკო ლორთქიფანიძე) და სხვ.

საყურადღებოა, რომ ჟურნალის ყოველი ნომერი, გარდა მე-11 ნომრისა, იხსნება გრიგოლ რობაქიძის ლექსით, მათ შორის აღსანიშნავია: „დიდი შუადღე“, „ვასილი კამენსკის“, „რთველი“, „ტიციან ტაბიძეს“, „ვალერიან გაფრინდაშვილს“, „ავტომედალიონი“ და სხვ. ყველაზე მეტი პუბლიკაცია ეკუთვნის ჟურნალის რედაქტორს, ვალერიან გაფრინდაშვილს. მან გამოცემის ფურცლებზე დაბეჭდა ათი ესეი და ცამეტი ლექსი. ლექსების გვერდით ჟურნალში ქვეყნდება წმინდა ლიტერატურული პრობლემატიკის შემცველი წერილები, მაგ.: სანდრო ცირეკიძის „პოეზიის ნაპირები“, „მინიატურა“; ვალერიან გაფრინდაშვილის „სახელების მაგია“ („..მსოფლიოს „დეფორმაციის“ საშინელი მოჩვენება, რომელიც ეიფელის კოშკიდან ელანდება დაქანცულს და შეშინებულს ევროპიელს, ძნელი დასანახია თბილისის ფუნიკულიორიდან“), „სონეტის პრობლემა“„ შენიშვნები ლირიკაზე“, ლიტერატურული პორტრეტი „სტეფან მალარმე“, რომელიც ფრანგ სიმბოლისტ პოეტს ეძღვნება, „ქართული პოეზია“ (ტრისტან მაჩაბლის ფსევდონიმით) და სხვ.

ლიტერატურული წერილების უმეტესობა ჟურნალის „კრიტიკის“ რუბრიკის ქვეშ დაიბეჭდა. ცალკე უნდა აღინიშნოს ტიციან ტაბიძის კრიტიკული წერილები: „პოეტები სტამბაში - ფრაგმენტები ბიოგრაფიისთვის“ (ფსევდონიმით „ვარამ გაგელი“), „დადაიზმი და ცისფერი ყანწები“, „ირონია და ცინიზმი“ (აქ ტიციანი ილაშქრებს ფუტურიზმის წინააღმდეგ და აკრიტიკებს იტალიური ფუტურიზმის ფუძემდებელს მარინეტის). „მეოცნებე ნიამორებში“ პროზის სახით იბეჭდებოდა მხოლოდ მცირე ეპიკური ფორმის ნაწარმოებები - მინიატურები. აღსანიშნავია სანდრო ცირეკიძის „ლაია“ (1919, №1); ნიკო ლორთქიფანიძის „მთვარიან ღამის ჩრდილში“ (1919, №2); სერგო კლდიაშვილის ნოველა „მთვრალ საუბარით“ (1919, №2), მინიატურები „მზე ბალდახინზე“, „უსათაურო“ (1921, №5); „დაბრუნება“ (1921, №8); სანდრო ცირეკიძის მინიატურა „რომანი“ (1920, №4) და სხვ. ჟურნალში დაისტამბა მხოლოდ სამი ავტორის თარგმანი: ჟიულ ლაფორგის „სამგლოვიარო მარში“, ვალერი ბრიუსოვის „წითელი დროშა“ და ტრისტან კორბიერის „ორი პარიზი“. სამივე ლექსი თარგმნილია ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ.

მანანა შამილიშვილი


ლიტერატურა

  • ჟ. „მეოცნებე ნიამორები“, 1919–1924;
  • ს. სიგუა, „ქართული მოდერნიზმი“, თბ., 2008;
  • ჟურ. „ხომალდი“, 1921, №1;
  • მ. აბულაძე, „ლიტერატურულ მიმდინარეობათა ისტორიისათვის მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობაში“, თბ., 1977.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები