მერაბიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი მერაბიშვილი

მერაბიშვილი გივი − Merabishvili Givi, Мерабишвили Гиви 1940-

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი (1989), პროფესორი (1991). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილისა სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით (1964). მომდევნო წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში დოცენტად. 1974-2006 წლებში მოღვაწეობდა თსუ-ში ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად, აქვე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას (1982-1988). 2000 წლიდან ფსიქოთერაპიული ცენტრის, „არსის” გენერალური დირექტორია.


გ. მერაბიშვილის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: განწყობის თეორია, მძღოლის ფსიქოლოგია, საინჟინრო ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია. თავის სადოქტორო დისერტაციაში გ. მერაბიშვილმა ექსპერიმენტულად აჩვენა ფსიქიკურის წამყვანი როლი სისტემაში „ბიოლოგიური-ფსიქიკური-სოციალური” {ადამიანის ბიოსოციალურობის პოსტულატი}. ექსპერიმენტულადვე დაასაბუთა, რომ მძღოლის პროფესიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელოვნებისაა არა რეაქციის სისწრაფე, კარგი ყურადღება თუ მეხსიერება, არამედ ანტიციპაცია. შექმნა ყურადღების და ანტიციპაციის საკვლევი ტესტები; შეიმუშავა ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთა პროფესიული შემოწმებისა და ფსიქოტრენინგების მეთოდიკა, აგრეთვე ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის მიმართულებით მშობელთა, აღმზრდელთა და პედაგოგთა მომზადების სისტემა.

გ. მერაბიშვილი სერიოზულად არის ჩართული ფსიქოკონსულტაციურ და ფსიქოთერაპიულ საქმინობაში. მან ჩამოაყალიბა საკუთარი მიმართულება ფსიქოთერაპიაში, რომელსაც ანთროპოანალიზი უწოდა. ეს მიდგომა ერთერთი მცდელობაა დ. უზნაძისეულ განწყობის თეორიაზე დაყრდნობით ფსიქოთერაპიული სისტემის შექმნისა. ის ითვალისწინებს პათოლოგიური დისპოზიციური განწყობის ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. ამის საფუძველზე შემუშავებულია მისი შეცვლის მეთოდი, მცდარი განწყობისეული მოქმედების არაცნობიერ დონეზე შესწორების მიმართულებით. ფსიქიკური აშლილობის რეალური მიზეზის გარკვევასთან ერთად, დაიხვეწა მკურნალობის ტექნიკა და განისაზღვრა განკურნების კრიტერიუმები. ანთროპოანალიზი ორგანულად აერთიანებს ინდივიდუალურ თერაპიას, ჯგუფურ ტრენინგებს, ფსიქოპროფილაქტიკას, ფსიქოკონსულტაციებს და ფსიქოთერაპევტების მომზადების ორიგინალურ სისტემას.

გ. მერაბიშვილი რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.

მთავარი ნაშრომები:

  • მძღოლის ფსიქოლოგია. თბილისი, 1977;
  • Взаимоотношение биологического-социального в человеке, Тбилиси, 1990;
  • Mental Disorder: A Real Way of Recovery // „The Hidden Healers”, Tbilisi, 1996;
  • ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა. თბილისი, 1999;
  • ფსიქიკური სიჯანსაღის ფორმულა. ანთროპოანალიზი. თბილისი: „საზოგადოება ცოდნა”, 2005;
  • ფსიქიკისა და სხეულის ჰარმონია. თბილისი, 2009.
  • ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგია. თბილისი: „psyho Arsi”, 2016.
  • ფსიქოთერაპია. თბილისი: „psyho Arsi”, 2018.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები