კოსტავა მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მერაბ კოსტავა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა - (26 მაისი, 1939, თბილისი - 13 ოქტომბერი, 1989), საქართველოს ეროვნული გმირი. ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

ბიოგრაფია

მერაბ კოსტავა დაიბადა ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა არაერთგზის იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ თხზულებებს და ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურული მოღვაწეობა

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს


დიდგორი
ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები
ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით
აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი.
დუშმანს გაეგება დავით თოროსანი
მესიის ელვა და ედემის სოსანი
და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა
მკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა.
გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები,
გველს ბასილისკოს დაასო ტერფები,
ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები,
იდიდოს მადლი და კურთხევა განგების!
აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა,
მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა,
აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი,
ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები