მერემაეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერემაეთუხუცესი/მეჯოგეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სავარაუდოდ, ამირახორის ხელქვეითი. მერემაეთუხუცესი იყო სამეფო ცხენსაშენის მოურნე. ევალებოდა რემის (ცხენების ჯოგის) გამრავლება, გამოკვება, მოვლა და გახედვნა. ცხენებთან ერთად მერემაეთუხუცესს უნდა მოემარაგებინა სამეფო კარი ჯორებით, ვინაიდან სამეფო კარის გადაადგილებისას სწორედ ამ პირუტყვს იყენებდნენ ტვირთის გადამზიდავ ძალად.

მერემაეთუხუცესის განკარგულებაში იყვნენ მერემაენი და მეჯორენი, რომლებიც სამეფო საძოვრებზე უვლიდნენ სამეფო ჯოგებს. მერემაეები ნახსენები არიან გიორგი III-ის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი, სადაც მეფე მონასტრის ერთ სოფელს (აგარას) თორმეტი რემის შენახვას (გამოკვებას) და დაცვას სთხოვს. ამავე სიგელიდან ჩანს, რომ მერემაეთა შენახვა („ჩადგომა“) სამეფო სოფლებს ჰქონდათ შეწერილი.

უფრო გვიანდელ საუკუნეებში მერემაეთუხუცესი შეცვალა მეჯოგეთუხუცესმა. მას და მისდამი დაქვემდებარებულ მეჯოგეებს ევალებოდათ სამეფო ცხენების ჯოგზე ზრუნვა. მერემაეთუხუცესის და მეჯოგეების მოვალეობას შეადგენდა ცხენების მეთვალყურეობა, კვიცების მოვლა, სენისაგან და ნადირისაგან დაცვა. მერემაეთუხუცესს და მასზე დაქვემდებარებულ მეჯოგეებს შეეძლოთ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ცხენებზე შეჯდომა. მეჯოგის თანამდებობა, გარდა ცხენების ჯოგისა, დაკვშირებული ჩანს საჯინიბოსთანაც. როგორც ჩანს, მეჯოგეები, გარდა მერემაეთუხუცესისა, გარკვეულწილად მეჯინიბეთუხუცესის წინაშეც ანგარიშვალდებული იყვნენ.


წყაროები და ლიტერატურა

  • ქისკ 1984: 69;
  • დასტურლამალი 1970: 675;
  • სურგულაძე 1952: 223;
  • ანთელავა 1983: 65.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები