მესმერი ფრანც ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესმერი ფრანც ანტონ

მესმერი ფრანც ანტონ - Mesmer Franz Anton, Месмер Франц Антон, 1734-1815

ებრაული წარმომავლობის ავსტრიელი ექიმი, „მესმერიზმის” მოძღვრების ავტორი, ჰიპნოზის შესახებ თანამედროვე შეხედულებათა და პრაქტიკის წინამორბედი. მესმერს ენციკლოპედიურ განათლებასთან ერთად სამი დიპლომი ჰქონდა - მედიცინის, სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორისა. 1766 წელს მან ვენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ასტროლოგიურ თემაზე: „ვარსკვლავებისა და პლანეტების, როგორც მკურნალი ძალების გავლენის შესახებ” . ვენაშივე ეწეოდა სამკურნალო პრაქტიკას, ხოლო შემდგომ გადავიდა პარიზში (1778), სადაც თავმბრუდამხვევ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია.


მესმერის თეორიული წარმოდგენები ეფუძნება ე.წ. „ცხოველური მაგნეტიზმის” იდეას. ესაა ერთგვარი კოსმოსური ენერგია („ფლუიდი”), რომელსაც თითქოსდა აღიქვამს ზოგიერთი ადამიანი, იმუხტება მისით და შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანების ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობაზე. მესმერი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა არის პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგი, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ - ცხოველური მაგნეტიზმის დიდი კონცენტრაციის მქონე მაგნეტიზიორმა პასებით უნდა მოახდინოს პაციენტის სხეულში მაგნიტური ფლუიდების იმგვარი ჰარმონიული გადანაწილება, როგორიცაა მთელ სამყაროში.

ისევე, როგორც პარაცელსი, მესმერი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს, რომელსაც სხეულის გასწვრივ უტარებდა პაციენტებს. ამის შედეგად მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით მთავრდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ მისი ხელის რამდენიმეჯერ გატარება სხეულის გასწვრივ („პასები”). მესმერის მეთოდიკაში მხოლოდ არავერბალური ხერხები იყო - პასები, მუხლებით პაციენტის შებოჭვა, შუშის ჯოხით შეხება (ამგვარ შეხებებს მესმერმა რაპორტი უწოდა; მოგვინებით ჰიპნოტიზმში ეს ცნება ფსიქიკური კავშირის, ბრძანების აღსანიშნავად შემოვიდა). პაციენტების წინ დადგმული „ბაკე” (ჭურჭელი, რომელშიც იყო წყალი, შუშის ნაჭრები, ქვები, რკინის ნახერხი და მავთულები) „იმუხტებოდა ცხოველური მაგნეტიზმით” – იქიდან „მაგნეტიზმი მავთულებით გადაეცემოდა” ბაკეს გარშემო შემომსხდარ პაციენტებს, რომლებსაც მავთულების ბოლოები ეკავათ ხელში; ისინი ქმნიდნენ ცოცხალ ჯაჭვს, რომელშიც „ცირკულირებდა ფლუიდი” და განკურნებას იწვევდა.

მესმერმა თავისი თეორია წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას, რომელშიც მონაწილეობდნენ ფრანკლინი, ბაილი, ლავუაზიე, ჟუსიე და იმ დროის სხვა ცნობილი მეცნიერები. კომისიამ მაშინდელი აპარატურით ეძება მაგნეტიზმი მესმერში და როცა მისი კვალიც კი ვერ იპოვა, იგი შარლატანად გამოაცხადა, ხოლო მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა მხოლოდ პაციენტის „წარმოსახვას”. ეს, არსებითად, იყო ფსიქოთერაპიული ეფექტის პირველი ფსიქოლოგიური ახსნა. კომისიის მკაცრმა კრიტიკამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც მესმერი გარიყა. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა.

კრიტიკის მიუხედავად, მესმერიზმს მრავლად ჰყავდა მიმდევრები. მან მიიპყრო ჰიპნოზით დაიტერესებული მეცნიერების და ექიმების ყურადღება (ბერნჰეიმი, ბრეიდი, ლიებო, შარკო და სხვანი). მესმერიზმის ფენომენმა ხელი შეუწყო ჰიპნოზზე მეცნიერული წარმოდგენებისა და ჰიპნოთერაპიის პრაქტიკული მეთოდების შემუშავებას.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები