მეტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტროპოლიტი იოანე

მეტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი, დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში.

1963 წელს დაამთავრა თბილისის №41-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის გეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს.

1970-1975 წლებში მუშაობდა ვალეს გეოლოგიურ ჯგუფში, 1975-1985 წლებში მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში. 1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია.

1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, 1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.

1988 წელს, მენელსაცხებელთა კვირას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა მღვდლად.

1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში. 1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მამა გიორგიმ უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილს დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა რბევა და ხოცვა-ჟლეტა.

1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განთავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ.

1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს. ჟურნალ „რწმენა და ცოდნას“. კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

2007 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.

2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად, 2010 წლის 27 ივნისს აღყვანილს იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2011 წლის 29 აგვისტოს მიებოძა მიტროპოლიტობა.

2011 წელს მეუფე იოანე არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 2013 წლის 11 ოქტომბრიდან რუსთველი მიტროპოლიტია.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

იოანე (მეუფე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები