მეფის საწოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფის საწოლი - სამეფო კარის უწყება საქართველოს ერთიან მონარქიაში (კაბინეტი, კანცელარია), სახელმწიფოსა და დომენის მართვის საერთო ცენტრი.

საწოლშივე იყო განთავსებული სალარო, სადაც ინახებოდა დიდი სასიგელე ბეჭედი, მეფის არქივი, ფული და ძვირფასეულობა. აქვე იყო მეფისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი აპარტამენტები. ამიტომ საწოლის რთული სტრუქტურა და მრავალფუნქციურობა განსაკუთრებულ დაცვას და მომსახურებას საჭიროებდა. თავისი საქმიანობით საწოლთან იყვნენ დაკავშირებული მწიგნობართუხუცესი (დავით აღმაშენებლის დროიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი), მსახურთუხუცესი, მოლარეთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი მათივე ქვემდებარე უწყებების მრავალრიცხოვანი საშუალო და დაბალი მოხელეებითურთ, რომელთაც პერსონალურად ებარათ მეფის საწოლის ფიზიკური დაცვა, მისი მოვლა-დასუფთავება, მეფის, მისი ოჯახის წევრებისა და მოწვეული პირების მომსახურება.

საწოლიდან ხდებოდა სამეფოს მართვა - აქ იმართებოდა თათბირები უმაღლეს მოხელეებთან, დიპლომატიური მიღებები და საზეიმო წვეულებები. აქ ეწეოდა თავის ძირითად საქმიანობას მეფის პირადი მდივანი - „საწოლის მწიგნობარი”, რომელიც უწყებრივად ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ექვემდებარებოდა. აქ ამზადებდა იგი სახელმწიფო დოკუმენტებს, რომლებსაც მოლარეთუხუცესი სამეფო ბეჭდით ამტკიცებდა. საწოლი თან დაჰყვებოდა მეფეს მისი ყოველი გადაადგილებების დროს („რა მეფე აიყაროს“). მის მომსახურე პერსონალს თან დაჰქონდა სავაზიროს სხდომებისათვის საჭირო მოწყობილობა და სახელმწიფო ბეჭედი (ეს ნივთეულობა აკიდებული ჰქონდა მეფის სამდივნოს („სიკრიტონის“- secretum) ჯორს, რომელსაც გზაზე შვიდასი შუბოსანი მესაწოლე იცავდა (ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 84).


Saxlis marTvis struqtura.jpg
  1. მსახურთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: მესაწოლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი.
  2. მეჭურჭლეთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, სასახლის მეჭურჭლეები.
  3. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: საწოლის მწიგნობარი, ზარადხანის მწიგნობარი, მწიგნობართუხუცესის ეჯიბი.
  4. ამირსპასალარის უწყების მთავარი მოხელები: ამირახორი, მეაბჯერეთუხუცსი, ზარადხანისუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი.
  5. მანდატურთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: ამირეჯიბი, გამგეთუხუცესი/ეზოსმოძღვარი, ეჯიბები.



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები