მექობაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექობაური − იყო ერთი განთქმული თუში მონადირე, სახელად მექობაური. ნადირობაში ყოველთვის ბედი სწყალობდა, ამიტომაც ყველა მონადირეს მასთან ერთად სურდა სანადიროდ სიარული.

ერთხელ მექობაურმა შეკრიბა თორმეტი კაცი, ერთმანეთზე უკეთესი მონადირე, გაემზადნენ და გაუდგნენ გზას. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მოხვდნენ ერთ უღრან ტყეში, სადაც მზის შუქიც კი ვერ სწვდებოდა. დაკარგეს ბილიკი, მხარი ექცათ, აღარ იცოდნენ, საით მიდიოდნენ – აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით. გზის ძებნაში მიადგნენ ერთ ფართო ნაღარს, თითქოს მორი უთრევიათო, და გაჰყვნენ მას, იფიქრეს, აქ სადმე სოფელი იქნებაო. ნაღარმა გველეშაპთან მიიყვანა ისინი. გველეშაპი გაწოლილი იყო და თითქოს რაღაცას უცდიდა. რა ქნან, ვერ გადააბიჯებენ. მექობაურს უთქვამს თანამგზავრებისათვის: ეს გველეშაპი გზას მაინც არ გვაძლევს, მოდი, გავყვეთ, სადაც წავა, ჩვენც იქ წავიდეთო. წავიდა გველეშაპი. მიდიოდა და უკან მორის ნათრევივით ნაღარს სტოვებდა. იარეს, იარეს და მიადგნენ ერთ დიდ წყალს, ადიდებული არაგვისოდენა იქნებოდა. რა ქნან, როგორ გადავიდნენ გაღმა? ხედავენ, გველეშაპი ხიდად გაიდო მდინარეზე და ანიშნა მონადირეებს, ჩემზე გადმოდითო. პირველად მექობაური, როგორც წინამძღოლი, შედგა გველეშაპის ბოლოზე და ისევ უკან გადმოვიდა: ჯერ რბილიაო. მეორედ რომ ავიდა, ცოტა გამაგრებულიყო, მაგრამ ისევ გადმოვიდა. მესამედ რომ ავიდა, გველეშაპის ზურგი უკვე ძალზე მაგარი იყო, და დაუძახა თანამგზავრებს, მომყევითო. ავიდნენ ყველანი გველეშაპის ტანზე და გავიდნენ გაღმა. გაღმა მხარეს, ერთ ტაფობში ტბა მდგარა, სადაც სხვა გველეშაპი ბუდობდა და გამვლელ-გამომვლელს შეუჭმელს არ უშვებდა. ამ დროს აღელდა ტბა, აიქოჩრა და ტბიდან ერთი გორის ოდენი გველეშაპი ამოვიდა. ისე მაღლა ეჭირა თავი, რომ ნახევარი ტანი მიწაზე არ ედო. გამოექანა ეს გველეშაპი საშინელი წივილით მონადირეების მეგობარი გველეშაპისკენ, თურმე ერთმანეთის მტრობა ჰქონიათ. ისიც აიძაგრა და წავიდა მტრისკენ, თან მონადირეებს ანიშნა, მომეშველეთო. მიჰყვნენ უკან მონადირეები. შეიბნენ გველეშაპები – პატარა და დიდი სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ტბიდან ამოსული ჯაბნიდა და საბოლოოდ დაამარცხებდა, რომ მექობაურს დროზე არ შეეძახნა თანამგზავრებისათვის: არიქა, მივეშველოთ ჩვენს გველეშაპს, თორემ ხომ უყურებთ, მარცხდება. თუ მოგვიკლა, სიკეთეს არც ჩვენ დაგვაყრის, ყველას ერთიანად გადაგვყლაპავსო. დატრიალდნენ მონადირეები, იშიშვლეს სატევრები და მიესივნენ მტერს. დაუწყეს ცემა და ბოლო მოაჭრეს. ეძგერა პატარა გველეშაპიც და მოკლეს. მადლიერმა გველეშაპმა ანიშნა კაცებს, მომყევითო, და მიჰყვნენ ისინიც. წავიდნენ და მიადგნენ ერთ უზარმაზარ სოროს, სადაც მოკლულ გველეშაპს შვილები ჰყოლია. გამარჯვებულმა შვილებიც გაუწყვიტა ერთიანად, მერე სოროდან გამოიტანა საჭურველი – თოფი, ფრანგული ხმალი, სხვადასხვა აბჯარი და დაურიგა მონადირეებს. მერე სამშვიდობოზე გაიყვანა და გაისტუმრა.

ეს ამბავი ხალხს ლექსადაც გამოუთქვამს:

„ომალოს თუშისშვილებსა არა გეეგო გზისაო,
დაგცილდა, მექობაურო, ამოსავალი მზისაო,
ვეშაპის ნავალს შამაჰყვნენ, ნაქან ეგონა ხისაო,
ვეშაპ გაიდვა ხიდადა, იქნა ბრძანება ღვთისაო.
გაუძღვა მექობაური, ზედ თუშებვგამოდისაო,
ვეშაპი და, ვეშაპ შაიბნეს, იქნა დაქცევა ცისაო.
დაჰკარით, თუშიშვილებო, გული ვისა გაქვ ცდისაო!
მექობაურის ფრანგული ვეშაპს მორულადბსჭრისაო“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები