მზის პირისნაბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზის პირისნაბანი − განმაცოცხლებელი წყალი, იგივე მზის ცვარი.

ერთხელ ტყეში სანადიროდ გასულმა უფლისწულმა ირემს სტყორცნა ისარი, მაგრამ ააცდინა და მზეს მოახვედრა, ირემი კი გაუჩინარდა. დაჭრილმა მზემ ასე დასაჯა უფლისწული: დღისით მკვდარი იყო და უღრანი ტყის ეკლესიაში მდგარ კუბოში იწვა, ღამით კი წამოდგებოდა და ტყეში ხეტიალობდა; დილით კვლავ კუბოში ჩაწვებოდა და ასე მეორდებოდა მრავალი დღე. მას მხოლოდ მზეთუნახავი ქალწულის სიყვარული თუ იხსნიდა. მაგრამ მხსნელი არა და არ გამოჩნდა.

მრავალი დღის შემდეგ მეფის ასულს ამ ტყეში გზა დაებნა და მოულოდნელად ეკლესიას წააწყდა, შევიდა შიგ და კუბოში მწოლიარე ვაჟი დაინახა. ღამდებოდა და ვაჟი ის იყო უნდა გაცოცხლებულიყო, რათა ჩვეულებისამებრ ტყეში სახეტიალოდ გასულიყო. ვაჟმა უამბო ქალს თავისი ამბავი, ისიც უთხრა, რომ მას მხოლოდ სიყვარული და მზის პირისნაბანი უშველიდა. ვის უნდა მოეტანა მისთვის მზის პირისნაბანი, თუ არა მზეთუნახავს, რომელიც მას შეიყვარებდა? მზეთუნახავიც აქვე იყო და სიყვარულიც. წავიდა მზეთუნახავი მზის პირისნაბანის საპოვნელად. წინ გამოუხტა ირემი უზარმაზარი რქებით, რომლებიც ცას სწვდებოდა. აჰყვა მზეთუნახავი ირმის რქებს და მზის სახლში მოხვდა. მზე ჯერ არ დაბრუნებულიყო ცარგვალიდან, მხოლოდ მზის დედა იყო სახლში და ელოდა შვილს. როცა მზე დაბრუნდა დაღლილ-დაქანცული და გაოფლიანებული, დედამ პირი დაბანა მას და ნაბანი წყალი გადაინახა. როცა მზე ძილს მიეცა, დედამ გამოუტანა მზის პირისნაბანი მზეთუნახავს და უკან გაისტუმრა. ისევ ირმის რქებს ჩამოჰყვა მზეთუნახავი, ჩავიდა ტყეში, ასხურა მზის პირისნაბანი მკვდარ უფლისწულს და საბოლოოდ გააცოცხლა. და ცხოვრობდნენ ბედნიერად.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები