მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი ამბროსი

მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე)მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძე, დაიბადა 1942 წლის 22 ტყიბულის რაიონ მენჭიორში (ახალსოფელი) მუშის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1964 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დირექტორის – შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას რეკომენდაციით უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 1966 წელს დაინიშნა მედავითნედ ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში. 1969 წ ივლისში გახმაურებული ინციდენტი მოხდა საქართველოს ეკლესიაში, როდესაც რამდენიმე სასულიერო პირმა თავი მღვდელმთავრად იკურთხა ბოდბეში და დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს. სამწუხაროდ, – ინციდენტში ჩართული აღმოჩნდა მედავითნე ალექსანდრე ქათამაძეც, რომელმაც 1970 წლის 23 თებერვალს მოინანია ჩადენილი შეცდომა. 1971 წელს ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი) ალექსანდრე ქათამაძე აკურთხა მთავარდიაკვნად. 1973 წელს ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) აკურთხა მღვდლად და იგი დაინიშნა მოწამეთას ეკლესიაში. 1974 წელს ქუთაისის წმიდა გიორგის ტაძრის მღვდელია, 1975 წლიდან – წინამძღვარი 1974 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ დააჯილდოვა იისფერი სკუფიით 1975 წელს – ენქერით. მღვდელი ალექსანდრე ქათამაძე მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XII საეკელსიო კრების მუშაობაში, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1978 წლის 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს ეკლესიაში თავდადებული საქმიანობისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრით, 1977 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1980 წელს. 1978 წლის აპრილიდან ქუთაისის წმიდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის მღვდელია, იმავე წელს დაინიშნა რაჭაში ახალგახსნილ ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1979 წლის მაისში ალექსანდრე ქათამაძე დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზად. იმავე წლის 10 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ამბროსი, 11 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, 13 აგვისტოს – ეპისკოპოსის ხარისხში.

მეუფე ამბროსი მოღვაწეობას შეუდგა ნიკორწმინდის ეპარქიაში, მას შეთავსებით ჩააბარეს მარგვეთის ეპარქიაც. 1980 წელს იგი გადაყვანილ იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მმართველად. ურთულესი ვითარება იყო ამ დროს ისტორიულ მაწყვერელის ეპარქიაში. არცერთი მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია არ ფუნქციონირებდა, მაშინ, როდესაც სომხურ-მონოფიზიტურ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს ფრთები ჰქონდათ გაშლილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლით 1980 წლის 9 ნოემბერს ახალციხეში, რაბათში გაიხსნა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია. ტაძრის საზეიმო გახსნაზე პარაკლისი გადაიხადა ეპისკოპოსმა ამბროსიმ და სიტყვით მიმართა მრევლს. 1981 წლიდან 1992 წლის დასაწყისამდე მეუფე ამბროსი კვლავ ნიკორწმინდის ეპარქი მმართველია. მეუფე ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ქრისტიანულ ფორუმებში – რუსეთში, ფინეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ჩეხოსლოვაკიაში... მეუფე ამბროსი მიტროპოლიტ შიო ავალიშვილთან ერთად აკრიტიკებდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს და მოითხოვდა პატრიარქის გადადგომას 1982-1986 წლებში... 1990 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იგი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მეუფე ამბროსი აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში იმართებოდა. 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომლის გადადგომის შემდეგ იძულებული გახდა განრიდებოდა საქართველოს. 1993 წლის თებერვალში გროზნოში მღვდელ კონსტანტინე კოღუაშვილთან ერთად წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტს. 1992-2005 წლებში რუსეთში იმყოფებოდა. 1998 წლის 8 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შიდა სინოდმა „მოისმინა ინფორმაცია მთავარეპისკოპოსის ამბროსის (ქათამაძე) ანტიკანონიკური მოქმედების შესახებ, რომელმაც 1992 წლის იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის ნებართვის გარეშე დატოვა ნიკორწმინდის ეპარქია, წავიდა რუსეთში და ეწეოდა ანტიეკლესიურ საქმიანობას. ამის გამო 1992 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოსი ამბროსი განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, წმიდა სინოდის წევრობიდან და აეკრძალა მღვდელმოქმედება. სამწუხაროდ, მან არ შეწყვიტა თავისი უკანონო მოქმედება, პირიქით, იგი დაუკავშირდა რუსეთის ავტოკეფალურ ეკლესიასთან დაპირისპირებული დაჯგუფების ე.წ. „რუსეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას“, თავი გამოაცხადა კრუტიცკელ მიტროპოლიტად და მიუხედავად იმისა, რომ იმყოფება საეკლესიო კანონიკური სასჯელის ქვეშ, კარგა ხანი ასრულებდა მღვდელმოქმედებას.

2005 წლის გაზაფხულზე ამბროსი ქათამაძე დაბრუნდა საქართველოში. მან ორჯერ წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს და იმედი ჰქონდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენისა. წმიდა სინოდმა 2005 წლის 27 ივნისს მოისმინა ყოფილი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსის ამბროსის თხოვნა შეწყალების შესახებ და განუჩინა სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაუნიშნა პენსია, მას მიეცა კურთხევა წასულიყო შიომღვიმის მონასტერში. 2006 წლის დეკემბერში წმიდა სინოდმა მას კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისა და მორჩილებისაკენ. იგი ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას, ნერვიულობდა... 2008 წლის 27 ნოემბერს იგი უეცრად გარდაიცვალა... განსვენებულის ნეშტი დასვენებულ იქნა სამების წმიდა ილია თეზბიტელის ეკლესიაში. 2 დეკემბერს დაიკრძალა შიომღვიმის მონასტერში.


Logo1.JPG ამბროსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ამბროსი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები