მთავარეპისკოპოსი ბარნაბი (ფავლენიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარნაბი — (ფავლენიშვილი, XVI საუკუნის II ნახევარი), საეკლესიო მოღვაწე, გადამწერი, კალიგრაფი, თბილისის (ტფილისის) მთავარეპისკოპოსი.

ტფილელის ტიტულით ბარნაბი პირველად მოხსენიებულია 1567 წელს მისივე ხელით დაწერილ სვიმონ მეფის (1558-1600) ერთ-ერთ სიგელში: „დაიწერა ქკსა სნე (1567) ... ჴელითა სამეუფოჲსა ქალაქისა მთავარეპისკოპოზისა ტფილელისა ბარნაბაჲსითა“. 1570 წელს ბარნაბი ურბნელ მთავარეპისკოპოს ვლასისთან ერთად იერუსალიმში, ჯვრის ქართველთა მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. მარხვანის (jer. 67) მინაწერში ბარნაბი აღნიშნავს: „შეიკაზმა ...მარხვანი ჴელითა ურბნელისა მთავარეპისკოპოზისა ვლასისითა და ჴელითა ჩემ ცოდვილისა ტფილელ მთავარეპისკოპოზისა ბარნაბაჲსითა ქორონიკონსასნჱ ამავე ქორონიკონსა მოვედით ჩუენცა საქართველოჲთ“. ბარნაბი ჯვრის მონასტერში, როგორც ჩანს, საკმაო ხანს მოღვაწეობდა და ამ მონასტრის მამაც გამხდარა. ეს ჩანს ერთი ხელნაწერის (jer. 38, ნ. მარის აღწერილობით) მინაწერიდან: „შეიკაზმა ჴელითა ურბნელ მთავარეპისკოპოზისა ვლასისითა და ბრძანებითა, ჯერჩინებითა და თანაშეწევნითა ტფილელ მთავარეპისკოპოზისა და ჯუარის მამისა ბარნაბაჲსითა“. ასევე ჯვრის მამად არის მოხსენიებული ბარნაბი სადღესასწაულოში (jer. 26), რომელიც შეიკაზმა „ჴელითა ურბნელ მთავარეპისკოპოზისა ვლასისითა, ბრძანებითა ტფილელ მთავარეპისკოპოზისა და ჯუარის მამის ბარნაბაჲსითა“. ბარნაბს ვლასისთან ერთად იერუსალიმის ქართული მონასტრების ბევრი ხელნაწერი განუახლებია, შეუკაზმავს და გადაურჩენია დაღუპვისაგან. ერთ სიგელში, რომელიც მას თავისი ხელით დაუწერია, იგი ისევ ტფილელად არის მოხსენიებული: „დაიწერა ქკსა სნი (1580)... ჴელითა სამეუფოჲსა ქალაქის მთავარეპისკოპოზისა ტფილელისა ბარნაბაჲსითა“. ბარნაბს სიონის ტაძრისთვის უყიდია ვენახი და ყმები დუბისში.

ე. გაბიძაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897; წგ. 3, თბ., 1967;
  • Цагарели A. A., Памятники Грузинской старины в Святой Земле и на Синее, СПб., 1888.
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980.


Logo1.JPG ბარნაბა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები