მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი დიმიტრი

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში. იგი ეკუთვნოდა აბაშიძეთა გვარის კახეთის შტოს.

ბიოგრაფია

დედა, მარიამ ალექსანდრეს ასული ფავლენიშვილი, ასევე ცნობილ თავადთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ოჯახში იზრდებოდა 6 შვილი: 3 ვაჟი და 3 ქალიშვილი. უფროსი ვაჟი იყო დავითი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტის (ოდესა) იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1896 წ. დაამთავრა. ნაშრომისათვის „ივერიის მართლმადიდებელი ეკლესია მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში XVII საუკუნეში“ მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1896 წ. დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა წმ. წერილის პედაგოგად თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1891 წ. 16 ნოემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი დიმიტრი. ამავე წლის 21 ნოემბერს აკურთხეს დიაკვნად, 1896 წ. 9 ივნისს – მღვდლად. 1897 წ. 19 მარტს მღვდელ-მონაზონი დიმიტრი დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1898 წ. თებერვალში – თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად. 1898 წ. 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1900 წ. 13 იანვარს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაინიშნა ალექსანდრეს სამისიონერო სემინარიის რექტორად დაბა არდონში (ოსეთი). არდონში მსახურების დროს არქიმანდრიტი დიმიტრი ხშირად სტუმრობდა სემინარიასთან ახლოს განთავსებულ ლეპროზორიუმს, სადაც იღებდა აღსარებას კეთროვანთაგან და აზიარებდა მათ. 1902 წ. 23 აპრილს დიმიტრი ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხეს და დაინიშნა მცხეთისა და ქართლის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 1903 წ. 4 ნოემბრიდან 1905 წ. 16 ივნისამდე გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსია.

1905 წელს ეპისკოპოსი დიმიტრი, მისი ანტიქართული პოლიტიკის გამო, იძულებული გახდა ჩოხაში გადაცმული გასცლოდა მისგანვე უარყოფილ სამშობლოს. საქართველოდან გადახვეწილი ეპისკოპოსი დიმიტრი რუსეთის სინოდმა ბალტიის ეპისკოპოსად განაწესა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, 1906 წლის იანვრიდან თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია, სადაც ნაყოფიერ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.

1905-1906 წლებში ქართველმა სამღვდელოებამ მტკიცედ მოითხოვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მეცნიერული პოლემიკას არ გასცილებოდა. 1906 წელს პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის სინოდის სხდომა, სადაც განსახილველად გატანილ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილების საკითხი. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, რომელმაც დაგმო ქართველ ავტოკეფალისტთა მოთხოვნა და მათ ნაციონალისტები და სეპარატისტები უწოდა. დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონ და ლეონიდე საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის არ გაახსენდებაო, – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მან.

1912 წლის 25 ივნისიდან იგი იმპერატორის ბრძანებით დაინიშნა ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სექტანტებთან ბრძოლაში. 1913 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეპისკოპოსი დიმიტრი ძვირფას თვლებიანი პანაღიით დააჯილდოვა და აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

1917 წ. 3 ივლისს დიმიტრი აირჩიეს სრულიად რუსეთის სამისიონერო ყრილობის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). 1917 წ. მონაწილეობდა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მუშაობაში და დაინიშნა სინოდის წევრის მოადგილედ. თავადი ი. ვ. ვასილჩიკოვი, რომელიც სათათბიროდან იყო მივლინებული კრებაზე, დიმიტრის იხსენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე პიროვნებას, რომელიც ყურადღებას იქცევდა თავისი გამოსვლებით. კრების მასალები ადასტურებს, რომ დიმიტრი სახელდებოდა იმ იერარქთა შორის, რომელთა კანდიდატურებიც კრებამ თავდაპირველად პატრიარქის ტახტის დასაკავებლად დაასახელა. 1917 წ. 25 ოქტ. გადატრიალების შემდეგ მოსკოვში დაიწყო ძმათამკვლელი ბრძოლები. ქუჩებში ასობით დახოცილი და დაჭრილი ეყარა. იხსენებენ, რომ დიმიტრი და კამჩატკის ეპისკოპოსი ნესტორი (ანისიმოვი) ქუჩებში პირველადი დახმარების ჩანთებით დადიოდნენ და ბრძოლაში დაჭრილებს ეხმარებოდნენ. იგი იყო ერთ-ერთი იმ მღვდელმთავართაგანი, რომლებმაც არ მიიღეს სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ.

პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი სურვილით შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე საშტატო მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში კრემლის მიძინების ტაძარში გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საპატრიარქო მმართველობის აღდგენა. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე, დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის შესახებ საეკლესიო კომისიის“ თავმჯდომარედ. 1919 წელს იგი მცირე ხნით განერიდა სამოქალაქო ომით გაწამებულ რუსეთს. უკან დაბრუნებული საბჭოთა ხელისუფლებამ არასაიმედო სასულიერო იერარქად მიიჩნია, რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. იყო მისი დახვრეტის საშიშროებაც, მაგრამ როგორც ფიქრობენ, იოსებ სტალინმა შეიწყალა თავისი ყოფილი სემინარიელი მასწავლებელი. 1923 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრაში იყო, 1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. მას დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში, რასაც სამწუხაროდ ვიტყვით მის სამშობლოზე. საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა, რომელთაც თბილი წერილებით მოიკითხავდა. აღესრულა 1942 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალეს კიევ-პეჩორის ლავრაში. საფლავის ქვას ასეთი წარწერა ჰქონდა: „მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენისა, არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.“

იხილე აგრეთვე

ანტონ აბაშიძე


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები