მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი იოანე

მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი)მთავარეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში ცეზარ ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი, დაიბადა 1948 წლის 5 იანვარს გორის რაიონ სოფელ კირბალში. 1955-1962 წლებში სწავლობდა თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში. 1963-1967 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1967-1968 წლებში მუშაობდა ქარხანა „მაგნიტოფონში“. 1968-1970 წლ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1971 წლის იანვრიდან აგვისტომდე კვლავ ქარხანაში აგრძელებდა შრომით საქმიანობას. 1971-1973 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1973 წლის ივნისში ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის (პატრიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სენაკის მთავარანგელოზის ეკლესიის მედავითნედ. 1973 წლის 12 ოქტომბერს მიტროპოლიტ რომანოზის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარიამ სენაკის დედათა მონასტერში ცეზარ ანანიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად იოანე.

1973 წლის 26 ოატომბერს მიტროპოლიტმა რომანოზმა აკურთხა ფოთის ეკლესიაში იეროდიაკვნად, 25 ნოემბერს ბათუმის ეკლესიაში – მღვდელ-მონაზონად. 1974 წელს მიტროპოლიტმა რომანოზმა დააჯილდოვა საგვერდულით. 1975 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში.

1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, არქიმანდრიტი იოანე უყოყმანოდ დადგა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) გვერდით. XII საეკლესიო კრებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, არქიმანდრიტი იოანე იყო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი: „მოსაყდრე ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად“ და მიულოცა მის უწმიდესობას ამ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. 1978 წლის 1 იანვრიდან, როდესაც მიტროპოლიტი რომანოზი პენსიაზე გავიდა და განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობისაგან, არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა.

1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად. 1981 წლის აგვისტოში მთავარეპისკოპოსმა იოანემ იმოგზაურა სვანეთში. მთავარეპისკოპოსი იოანე არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელი. 1982 წლის ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა ავტოკეფალიის მიღებიდან 30 წლისთავი.

მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნა 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მაშინდელი ცხაკაიას (სენაკის) სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოგონილი ბრალდებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად... 90-იანი წლებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის, წმიდა სინოდის სახელზე წერდა თხოვნებს, ითხოვდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენას... გარდაიცვალა 1998 წლის 31 ვლისს. მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 4 აგვისტოს დაიკრძალა სამთავროს დედათა მონასტრის გალავანში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

იოანე (მთავარეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები