მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა ოთარის ძე აბულაძე, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ქ. ზესტაფონში.

1967 წელს გოჩა აბულაძემ დაამთავრა ზესტაფონის №4-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით.

1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე აკადემიკოს ვ. ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე.

1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.

1990 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს.

1991 წლის 25 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმიდა ნინოს მონასტერთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. მღვდელი გრიგოლი იმ დროიდან მსახურობდა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტრის წინამძღვრად და ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის ღვთისმსახურად.

1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს და მოწყალების დებს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მამა გრიგოლი დაინიშნა ამ სასწავლებლის რექტორად.

1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.

2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლად შექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია.

2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წელს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და მეუფე სპირიდონის ძალისხმევით სხალთის ეპარქიაში დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერის ძის სახელობის უნივერსიტეტი.

2013 წლის 17 ივნისს მეუფე სპირიდონი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

აიხილე გრეთვე

სპირიდონი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები