მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მთიელთა რესპუბლიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთიელთა რესპუბლიკის დროშა

მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა - ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ძირითადად მოიცავდა რუსეთის ყოფილი იმპერიის თერგისა და დაღესტნის ოლქებს, დაღესტნელებით, ჩეჩნებით, ინგუშებით, ბალყარებითა და ყაბარდოელებით დასახლებულ ტერიტორიებს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის მარტში ჩრდილოკავკასიელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს „ჩრდილოკავკასიელ ხალხთა გაერთიანება“, რომელმაც აირჩია გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი ძირითადად ჩრდილოკავკასიელი განათლებული ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პირებისაგან დაკომპლექტდა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი ტაპა ჩერმოევი, დაღესტნელი ჰაიდარ ბამატი, ასევე, იმამ შამილის შვილიშვილი საიდ შამილი. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, რუსეთის ყოფილ იმპერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა კავკასია ფაქტობრივად ჩამოაშორა რუსეთს. სამოქალაქო ომმა ჩრდილო კავკასიის პოლიტიკურ ლიდერთა საქმიანობა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ნაბიჯები დააჩქარა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში, მთიელთა გაერთიანებამ დაიწყო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. 1917 წლის 21 დეკემბერს ჩრდილოკავკასიელთა დროებითმა მთავრობამ, რუსეთის ჩრდილოკავკასიის ხალხთა კავშირის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 წლის დასაწყისში რუსეთის სამოქალაქო ომის ქარცეცხლი კავკასიამდეც აღწევდა.

მთიელთა რესპუბლიკის მთავრობა

1918 წლის 19 აპრილს დაღესტანში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა და საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1918 წლის აპრილ-მაისში ტრაპიზონსა და ბათუმში მთიელთა წარმომადგენლებმა ბამათის მეთაურობით მოლაპარაკებები გამართეს ოსმალეთთან და გერმანიასთან და მათგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება და დაცვა მოითხოვეს. 1918 წლის 11 მაისს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. მალევე ჩამოყალიბდა ჩრდილო კავკასიის მთავრობა. მთავრობის მეთაურად ტაპა ჩერმოევი შეირჩა, მთავრობაში შევიდნენ ფშეხო კოცევი, ზუბაირ თემირხანოვი, ალიხანოვი, ჯაბაგიევი და სხვ. რესპუბლიკაში საპარლამენტო მმართველობის ფორმა იქნა შემოღებული. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობა თავდაპირველად ვლადიკავკაზში განთავსდა, შემდეგ ნაზრანში, ხოლო საბოლოოდ - თემირ-ხან-შურაში (ბუინაკსკი). მთიელთა რესპუბლიკა, ძირითადად, ოსმალეთისგან დახმარების მოლოდინში იყო. 1918 წლის ივნისში ბამატის მეთაურობით დელეგაცია გაიგზავნა სტამბულში.

მთიელთა რესპუბლიკა აქტიურად მონაწილეობდა საერთო-კავკასიური ერთობის ჩამოყალიბების კუთხითაც, მთიელთა მთავრობის წევრები 1918 წლის ნოემბერში, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ თბილისში გამართულ კავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე. 1918 წლის შემოდგომაზე მთიელთა რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა ბოლშევიკები თითქმის განდევნეს რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

1918 წლის დეკემბერში მთიელთა რესპუბლიკის მთავრობას სათავეში, ჩერმოევის ნაცვლად, კოცევი ჩაუდგა. მალევე მუშაობა დაიწყო მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტმა. მთიელთა რესპუბლიკა, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, 1919 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ 3 მილიონი მანეთი გამოუყო სესხის სახით. 1919 წლის მარტში ტაპა ჩერმოევის მეთაურობით, მთიელთა რესპუბლიკის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა, სამშვიდობო კონფერენციაზე მთიელთა საკითხის დაყენებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

1919 წლის თებერვლიდან დენიკინის მოხალისეთა არმიამ ჩრდილო კავკასიას შეუტია, წინააღმდეგობისა და მთიელთა თავგანწირვის მიუხედავად, მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიელებს ბოლშევიკთა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ დახმარებას უწევდა. მთიელთა რიგებში იბრძოდა ქართული ლეგიონი ლეო კერესელიძის მეთაურობით. 1919 ლეო კერესელიძე მთიელთა ჯარების მთავარსარდლადაც დაინიშნა. 1919 წლის გაზაფხულზე მთიელთა მთავრობამ ნოტა გამოაქვეყნა მოკავშირეთა მიმართ და დახმარებისათვის ამიერკავკასიის რესპუბლიკებს მიმართა. 1919 წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა მთიელთა დახმარების თხოვნით, ნოტაში გეგეჭკორი მოითხოვდა, მოკავშირეებს შეეჩერებინათ მოხალისეთა არმიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სისხლის ღვრა. საბოლოოდ მთიელთა რესპუბლიკა სრულად დაიკავა დენიკინის მოხალისეთა არმიამ. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ, ევაკუაციის შემდეგ თბილისში განაგრძო მუშაობა.

1920 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამოქალაქო ომში უპირატესობა ბოლშევიკებმა მოიპოვეს და მოხალისეთა არმიასთან შეტაკებები უკვე კავკასიაში მიმდინარეობდა. მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორია 1920 წლის ივნისში ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • მ. ბახტაძე, გ. მამულია, მასალები საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2005;
  • კ. ცერცვაძე, მ. ბახტაძე, საქართველო და ერთიანი კავკასია (1918-1921 წლების საარქივო დოკუმენტები), თბ., 2000;
  • გაზ. „საქართველო“, 1918, №122;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №244;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №51, №223.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები